"მე დავამარცხე კორონავირუსი" - რას ჰყვება სინგაპურელი ქალი, რომელმაც ახალი დაავადება რთულად, მაგრამ დაძლია? - კვირის პალიტრა

"მე დავამარცხე კორონავირუსი" - რას ჰყვება სინგაპურელი ქალი, რომელმაც ახალი დაავადება რთულად, მაგრამ დაძლია?

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით იმფიცირებულთა რიცხვი ყოველ დღე იზრდება. დაავადებისა და ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული. ჩინეთის ფარგლებს გარეთ კი ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაში დაინფიცირდა. დღეს კორონავირუსი უკვე მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული. იზრდება გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვშია სინგაპურში მცხოვრები ჯულიც, რომლის თაობაზეც ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს, ვიდეოჩართვისას ახალგაზრდა ქალი თავის ისტორიას ყვება. ის ახალი კორონავირუსით ერთი თვის წინ დაავადდა.

"3 თებერვალს შევამჩნიე, რომ მაღალი ტემპერატურა, დაახლოებით, 38,2 – 38,5 გრადუსი მქონდა, რის შემდეგაც ანტიბიოტიკი მივიღე და თითქოს თავს უკეთ ვგრძნობდი, თუმცა დაღლილობა და სისუსტე მაწუხებდა, მთელი დღეები მეძინა. ანტიბიოტიკის მიღების შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში თავს უკეთ ვგრძნობდი. არც ხველა მაწუხებდა, არც სურდო. 7 თებერვალს ღამის სამ საათზე თავი უეცრად საშინლად ვიგრძენი, თავბრუსხვევა დამეწყო. მივმართე ექიმებს და ახალი კორონავირუსი აღმომაჩნდა".

კორონავირუსის აღმოჩენისთანავე ჯული კარანტინში მოათავსეს.

"კარანტინში ტელეფონით სარგებლობა შემეძლო, მაგრამ საკვებს, გამოსაცვლელ სამოსს და წამალს სპეციალური, ლიფტის  კამერით მაწვდიდნენ.

შემეძლო ვიდეოზარით ახლობლებს დავკავშირებოდი, მაგრამ მკურნალობის პერიოდში ადამიანებთან პირდაპირი კონტაქტი აკრძალული მქონდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას, სუნთქვაც მიჭირდა. ვგრძნობდი, თითქოს ჩემს ფილტვებს აღარ შეეძლო ჩვეულ რეჟიმში მუშაობა. ისე დავსუსტდი, რომ ოთახიდან აბაზანამდე გადაადგილებაც კი დიდ სირთულეს წარმოადგენდა ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის მანძილი 5 მეტრს არ აღემატებოდა.

ახლა თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ, მაგრამ დიდი ხანი სიარული მაინც მიჭირს, სწრაფად ვიღლები და სუნთქვა მიხშირდება.

ირგვლივ ყველა ძალიან შეშინებულია. ვირუსი, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, ჩემი აზრით, უბრალოდ გრიპის ვირუსის ახალი სახეობაა, რომლის შესახებაც ჯერ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს", - ამბობს "ბი-ბი-სი"-სთან ინტერვიუში სინგაპურელი ქალბატონი, რომელიც გამოცემას უკვე შინიდან ჩაერთო. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ასე მგონია, კოშმარულ სიზმარში ვარ. საკუთარ თავს ვეუბნები: გაიღვიძე, გეი, გაიღვიძე!" - რას ყვებიან "დაწყევლილი კრუიზის" მგზავრები?

იხილეთ ვიდეო