"ესპანური გრიპის" გაკვეთილები მათთვის, ვინც დღეს Covid-19-ის გავრცელებას ებრძვის - კვირის პალიტრა

"ესპანური გრიპის" გაკვეთილები მათთვის, ვინც დღეს Covid-19-ის გავრცელებას ებრძვის

100 წელზე ცოტა მეტი ხნის წინათ, პირველი მსოფლიო ომის დასრულების ჟამს, ე.წ. "ესპანურმა გრიპმა" ("ისპანკამ") მსოფლიოში სიცოცხლეს თითქმის 50 მილიონი ადამიანი გამოასალმა. როგორი გაკვეთილები უნდა იქნეს გამოტანილი ამ საშინელი ისტორიიდან? დაგვეხმარება თუ არა "ესპანური გრიპთან" ბრძოლის გამოცდილება Covid-19-ის შეჩერებაში?

---------

მსოფლიოში ის-ის იყო დასრულდა 20 მილიონი ადამიანის დამღუპველი ომი, რომ კაცობრიობას უცებ თავს კიდევ ერთი უბედურება დაატყდა - ამჯერად უფრო მეტი სიკვდილის მომტანი: გრიპის პანდემია.

"ისპანკა" - როგორც დღეს მიიჩნევენ - გაჩნდა დასავლეთის ფრონტზე არსებული ანტისანიტარიული პირობებით (განსაკუთრებით საფრანგეთის საზღვრების გასწვრივ გათხრილ ტრანშეებსა და სანგრებში), არასაკმარისი და უხარისხო კვებით, სამხედრო ტყვეთა და ლტოლვილთა ბანაკების სიმჭიდროვის შედეგად.

ომი 1918 წლის ნოემბერში დასრულდა, ჯარისკაცებმა სახლებში დაბრუნება დაიწყეს და თან სასიკვდილო ვირუსი მიჰქონდათ (აქვე ვიტყვით: მიუხედავად იმისა, რომ პირველად ინფექციამ სწორედ ესპანეთში იფეთქა, როგორც ჩანს, ეს ქვეყანა ეპიდემიის პირველადი კერა მაინც არ იყო).

მას შემდეგ მსოფლიომ ბევრი პანდემია გადაიტანა, რომელთა შორის გრიპის სამი უსერიოზულესი პანდემია იყო, მაგრამ თავისი მასშტაბებით, არცერთი "ესპანური გრიპის" მსგავსი არ ყოფილა (მოკლე დროში დაიღუპა დედამიწის მოსახლეობის 2,7 – 5,3%).

და თუმცა კორონავირუსის დღევანდელ აფეთქებას და მისგან გამოწვეულ დაავადება Covid-19-ს ვერანაირად ვერ შევადარებთ "ესპანურ გრიპს", ის მაინც სერიოზულ საფრთხედ იქცა თანამედროვე მსოფლიოსთვის. ახლა სწორედ ის დროა ჩავუკვირდეთ, რა ისწავლა კაცობრიობამ, რა გამოცდილება შეიძინა ესპანური გრიპთან ბრძოლაში და დაგვეხმარება თუ არა დღეს ის გამოცდილება.

ადამიანები ხშირად პნევმონიითაც იღუპებიან

ბევრს მათგანს, ვინ ბოლო დროს Covid-19-ით გარდაიცვალა, ამა თუ იმ ფორმის პნევმონია განუვითარდა იმის გამო, რომ მათი იმუნური სისტემა უკვე დასუსტებული იყო ვირუსთან ბრძოლით. ეს იმ სიტუაციას ჰგავს, რაც "ესპანური გრიპის" პანდემიის დროს არსებობდა (თუმცა აქვე ხაზს ვუსვამთ, რომ Covid-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა, "ისპანკა"-სთან შედარებით ბევრად დაბალია). ინფექციის უფრო შემთვისებელი ძირითადად ხანში შესული ადამიანები გამოდგნენ და ისინი, ვისი იმუნური სისტემა დასუსტებულია. გარდაცვლილთა უმრავლესობა სწორედ ასეთები არიან.

ავადმყოფობამ მსოფლიოს ზოგიერთი რაიონს ჯერ ვერ მიაღწია. რატომ?

იმ დროს, როცა "ესპანური გრიპის" ეპიდემია დაიწყო, საერთაშორისო ავიამიმოსვლა ჯერ კიდევ არ არსებობდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, დედამიწის ბევრმა რეგიონმა გრიპის დაავადებას თავი ვერ დააღწია. დიახ, რასაკვირველია, პანდემიის გავრცელება 1918 წელს პლანეტაზე შედარებით ნელი ტემპით, დაყოვნებით მიმდინარეობდა, ვიდრე ეს დღეს იქნებოდა, ვინაიდან ვირუსი მატარებლებისა და გემების მგზავრებს გადაჰქონდათ და არა თანამედროვე სწრაფ ავიალაინერებს. იმ პერიოდში დედამიწის ზოგიერთი რეგიონი საკმაოდ დიდხანს იყო იზოლირებული გრიპისაგან - ზოგი თვეობით, ზოგიც ერთი წლის განმავლობაშიც კი, მაგრამ საბოლოოდ, ადრე თუ გვიან, გრიპის "სასიკვდილო ხელი" მათაც მიწვდა.

მაგრამ რიგ ადგილებში ადამიანებმა შეძლეს თითქმის სრულად იზოლირებული ყოფილიყვნენ სასიკვდილო ვირუსისაგან - თანაც ამ დროს საკმაოდ მარტივ მეთოდებს იყენებდნენ, რომლებიც დღესაც, ასი წლის შემდეგაც კი აქტუალურია. მაგალითად, ალასკაზე (აშშ), ბრისტოლ-ბეის ოლქში დაიხურა სკოლები, აიკრძალა მასობრივი ღონისძიებები და გადაიკეტა გზა-გადასახვევები შტატის მთავარი მაგისტრალიდან. ეს ძალიან ჰგავს და იმეორებს ანტიკორონავირუსული ზომების იმ დაბალტექნოლოგიურ ვარიანტებს, რასაც ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის ჩინეთის ხელისუფლება მიმართავს ხუბეის პროვინციაში და უკვე იტალიის მთავრობაც.

სხვადასხვა ვირუსები მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების წინააღმდეგ

ექიმები "ესპანური გრიპის" პანდემიას კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ უდიდეს სამედიცინო კატასტროფად მიიჩნევენ. საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ათეულობით მილიონი ადამიანი დაიღუპა, არამედ კიდევ იმაშიც, რომ ვირუსის ბევრი მსხვერპლი ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანები იყვნენ.

ჩვეულებრივ სიტუაციაში ადამიანის იმუნური სისტემა გრიპს საკმაოდ წარმატებით უმკლავდება, მაგრამ ამ დაავადების ის სახესხვაობა, რომელმაც ასი წლის წინ სიკვდილის ცელით გაიარა ჩვენს პლანეტაზე, ისე სწრაფად ვითარდებოდა, რომ წარმოქმნა ე.წ. ციტოკინური შტორმი, ჰიპერციტოკინემია, ანუ ადამიანის იმუნური სისტემის მძლავრი და პოტენციურად ლეტალური რეაქცია (მისი პროცესი ასეთია: იმუნური უჯრედები გამოყოფენ ციტოკინებს, რომლებიც ააქტიურებენ იმავე იმუნურ უჯრედებს და სტიმულს აძლევენ მათ იგივე ციტოკინების ახალი ნაკადი გამოიმუშაონ. ანთების კერის ქსოვილები ირღვევა და იმავდროულად ანთება მომიჯნავე ქსოვილებზე გადადის. დროთა განმავლობაში "ციტოკინური შტორმი" მთელ ორგანიზმზე ვრცელდება და საბოლოოდ პაციენტის სიკვდილით მთავრდება).

იმუნური სისტემის ასეთი რეაქცია მილიონობით ახალგაზრდისათვის საბედისწერო აღმოჩნდა - მათი ჯანმრთელი ორგანიზმი ვირუსს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა და ამით იმუნური სისტემა "თავის თავს კლავდა". საინტერესოა, რომ მოხუცები ახალგაზრდებივით მოწყვლადები არ იყვნენ - ალბათ იმიტომ, რომ მათმა ორგანიზმმა საკმაოდ კარგად გადაიტანა იმ გრიპის შტამი, რომელიც პლანეტაზე ჯერ კიდევ 1830-იანი წლებიდან იყო გავრცელებული.

რაც შეეხება ამჟამინდელ კორონავირუსს, მის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა 80 წელზე მეტი ხნის ასაკის მქონე ადამიანებშია.

საუკეთესო დაცვა - ჯანდაცვის ეფექტური სისტემა

"ესპანური გრიპის" პანდემია ისეთ დროს გავრცელდა, როცა კაცობრიობა ახალი გამოსული იყო მსოფლიო ომიდან, ანუ იმ პერიოდიდან, როცა სახელმწიფო ყველაზე მეტ სახსრებს სამხედრო მიზნებს ახმარდა. იმ დროს საზგადოებრივი ჯანდაცვის კონცეფცია მხოლოდ ჩანასახის მდგომარებაში იმყოფებოდა და შესაბამისად, ბევრ ქვეყანაში ექიმთან ვიზიტის შესაძლებლობა მხოლოდ საშუალო კლასის წარმომადგენლებს და მდიდრებს ჰქონდათ. "ესპანურმა გრიპმა" ძალიან ბევრი იმსხვერპლა იმ ადამიანებიდან, რომლებიც ჯურღმულებში და უბრალოდ, ქალაქების ღარიბულ რაიონებში ცხოვრობდნენ, ვინც ცუდად იკვებებოდა და ვინც სანიტარული მომსახურების გარეშე არსებობდა. ასეთი ადამიანები "ესპანურ გრიპამდე" კიდევ სხვა რაღაცითაც ხშირად ავადმყოფობდნენ.

"ესპანურმა გრიპმა" ბიძგი მისცა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ჯანდაცვის სისტემების შექმნას იმდენად, რამდენადაც მეცნიერებმა და მთავრობებმა გააცნობიერეს - მსგავსი პანდემიები, ტრანსპორტისა და ტექნიკის განვითარების კვალობაზე, კიდევ უფრო სწრაფად გავრცელდებოდა, ვიდრე ეს წარსულში ხდებოდა.

და უკვე არასაკმარისია ავადმყოფების მკურნალობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში - მრავალმილიონიანი ქალაქის პირობებში პანდემიის გასამკლავებლად ხელისუფლებამ აუცილებელია რესურსების მობილიზება ზუსტად ისე სწრაფად მოახდინოს და ისე მოიქცეს, როგორც ამას ომების დროს აკეთებდნენ: შექმნას საკარანტინო ზონები და მათში მოათავსოს ისინი, ვისაც ავადმყოფობის სიმპტომები აქვს; მძიმე ავადმყოფებისაგან განაცალკევოს ისინი, ვინც ინფექციას იოლად იტანს; შეზღუდოს ადამიანთა გადაადგილებები იმისთვის, რომ ეპიდემია როგორმე შეჩერდეს.

ის ზომები, რომლებსაც დღეს იყენებს სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვა Covid-19-ის გავრცელების შესაკავებლად, ეს სწორედ ისაა, რაც ჩვენ "ესპანურმა გრიპმა" გვასწავლა - მართალია, გამოცდილება ძვირად დაგვიჯდა, მაგრამ მაინც.

(წყარო)

იხილეთ ასევე: "ისპანკას" პანდემიას 50 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა - ვირუსები, რომელმაც მსოფლიოს, სხვადასხვა დროს, გლობალური საფრთხე შეუქმნა

მოამზადა სიმონ კილაძემ