2 მილიონი პირბადე, ფილტვის სავენტილაციო 10 000 მოწყობილობა, 50 000 სწრაფი ტესტი და ა.შ. - ჩინეთი იტალიას დახმარების ხელს უწვდის - კვირის პალიტრა

2 მილიონი პირბადე, ფილტვის სავენტილაციო 10 000 მოწყობილობა, 50 000 სწრაფი ტესტი და ა.შ. - ჩინეთი იტალიას დახმარების ხელს უწვდის

ჩინეთი ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად იტალიაში სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფსა და დიდი რაოდენობით ვირუსთან ბრძოლის საშუალებებს გზავნის. ჩინური მედიის ცნობით, ისინი იტალიაში 2 მილიონ პირბადეს, 10 000 ფილტვების სავენტილაციო მოწყობილობას, 50 000 სწრაფ ტესტს და 20 000 სამედიცინო ეკიპირებას გზავნიან.

იტალიაში დამხმარე ჯგუფის გაგზავნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ნათელი გახდა, რომ ვირუსმა მთელი იტალია მოიცვა. როგორც ცნობილია, იტალიის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ზომები გაამკაცრა. ახალი გადაწყვეტილებით, სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ქვეყანაში ყველა დაწესებულება დაიხურა და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. კარანტინი 3 აპრილამდე გაგრძელდება.

ამ დრომდე, იტალიაში კორონავირუსს 827 ადამიანი ემსხვერპლა, დაინფიცირების შემთხვევები კი 12 462-მდე გაიზარდა.

ჩინეთში კი კორონავიუსთან ბრძოლამ თანდათან შედეგი გამოიღო. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებასა და ადამიანთა განკურნებას უფრო და უფრო აკონტროლებენ. დაინფიცირებულთა და ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი დღითი დღე იკლებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩინეთის წითელი ჯვრის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, მედიკოსები, რომლებიც იტალიაში გაემგზავრებიან, ქვეყანაში ვირუსთან ბრძოლისთვის ყველა საჭირო ნივთს წაიღებენ.

იტალიის დამხარება ჩინეთმა მას შემდგ გადაწყვიტა, რაც ორი ქვეყნის პრემიერის სატელეფონო საუბრისას, იტალიის პრემიერმა ჩინეთის პრემიერ-მინისტრს დახმარება სთხოვა.

იტალიელები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ჩინური ტვირთის ფოტოებს, ცნობილი ფრაზით:  "Forza Italia", რაც ითარგმნება, როგორც: "წინ, იტალია!" და მადლობას უხდიან ჩინელ ხალხს.

7- კაციან ჯგუფში, რომელიც იტალიისკენ გაემგზავრება, შედიან როგორც რესპერატორულ დაავადებათა ექსპერტები, ასევე ჩინეთის დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები.

"ჩვენ კვლავაც გვაწუხებს ის პრობლემები, რაც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის იტალიასა და ირანს აწუხებს. ამ ხნის განმავლობაში ჩინეთმა დააგროვა დიდი გამოცდილება ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში. ახლა სიტუაციას ვაკონტროლებთ და ამიტომ, გვაქვს საშუალება სხვა ქვეყნებს დავეხმაროთ", - განაცხადა ჩინეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელმა.

"ჩვენ ვებრძოდით ჩვენს ქვეყანაში გავრცელებულ ეპიდემიას, რომელსაც ვაკონტროლებთ და ახლა შეგვიძლია იტალიას დავეხმაროთ", - განაცხადა ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა.

იტალიის გარდა, ჩინეთი სხვა ქვეყნებსაც დაეხმარება. როგორც ცნობილია, ირანში, ერაყში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ისინი პირბადეებს და კორონავირუსის გამოსავლენ სწრაფ ტესტებს გაგზავნიან. (წყარო)