"რუსეთში დასნებოვნებულთა რაოდენობის "აფეთქებამდე" დღეები ან სულაც საათები რჩება" - სად მიიყვანს პანდემია რუსეთს? - კვირის პალიტრა

"რუსეთში დასნებოვნებულთა რაოდენობის "აფეთქებამდე" დღეები ან სულაც საათები რჩება" - სად მიიყვანს პანდემია რუსეთს?

გერმანული რადიოტელესამაუწყებლო კომპანია "დოიჩე ველეს" («Deutsche Welle») ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სტატია, რომელშიც განხილულია რუსეთის ხელისუფლების რეაგირება პანდემიის მიმართ, გადმოცემულია მისი მოქმედების სავარაუდო ტაქტიკა და სტრატეგია, გაანალიზებულია რუსული საზოგადოების ტრადიციები, ნაჩვენებია იმ ახალი ვითარების კონტურები, რასაც კორონავირუსის პანდემია მოუტანს როგორც რუსეთს, ასევე მთელ მსოფლიოს (ავტორი - ფიოდორ კრაშენინიკოვი, რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთი ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად იმტკიცებს ადგილს იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც კორონავირუსით არიან მოცულნი. აშკარაა, რომ დასნებოვნებულთა რაოდენობის "აფეთქებამდე" დღეები ან სულაც საათები რჩება - 17 მარტის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციაში "კოვიდ-19"-ით 93 დაინფიცირებულია გამოვლენილი. თუ ვინმეს ჰქონდა რაღაც ილუზიების იმაზე, რომ რუსეთს პანდემია გვერდს აუვლისო, დღეს უკვე ასე აღარ ფიქრობს. (მით უფრო, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ რომ ეს რიცხვი რეალობას სულაც არ შეეფერება და ხელისუფლება რეალურ სურათს მალავს).

ხელისუფლება სტრატეგიის არჩევის წინაშე პანდემიასთან ბრძოლაში რომ ერთვება, ყოველი სახელმწიფო ირჩევს, თუ რა არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი - ხელისუფლების, ხელმძღვანელების პრესტიჟისა და ავტორიტეტის შენარჩუნება თუ მოქალქეთა სიცოცხლე.

დემოკრატიული ქვეყნების მოქმედების გზა ნათელია: უმაღლესი თანამდებობის პირები თავიანთ მოქალაქეებს დაუფარავად ეუბნებიან სიმართლეს, არ მალავენ ნეგატიურ პერსპექტივას და აუცილებლობის შემთხვევაში თვითონაც მზად არიან კარანტინისა და თვითიზოლაციისათვის. ეს სრულიად ბუნებრივია - ისინი ხომ საკუთარ მოქალაქეებში პარტნიორებს ხედავენ, ქვეყნის მთავარ ფასეულობად მიაჩნიათ და არა პოლიტიკური დივიდენდების მიღების ხელშემშლელ წყაროდ.

რუსეთში კი ასე არ არის - გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელი გულახდილი განცხადება, რომ ქვეყანაში შეიძლება მოსახლეობის 60-70% დაინფიცირდესო, ან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის აღიარება - გაერთიანებულ სამეფოში პანდემია ძალიან სამწუხარო შედეგებს გამოიწვევსო, რუსეთის სახელისუფლო სტრუქტურებში ირონიული გამოხმაურება მოჰყვა - სისუსტედ და სისულელედაც კი შეაფასეს.. რუსეთის ხელისუფლებას და მის მოსამსახურეებს ისეთი წარმოდგეები აქვს, რომ სახელმწიფოს პირველი პირები მდუმარედ, ჩუმად უნდა იყვნენ, უკეთეს შემთხვევაში კი ოპტიმიზმს უნდა აფრქვევდნენ, დამაჯერებელ განცხადებებს უნდა აკეთებდნენ უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინში - იმ შემთხვევაშიც კი, როცა ყველაფერი სინამდვილეში ძალიან ცუდადაა.

"ჩვენთვის დღეს ყველაზე მთავარია შევინარჩუნოთ ნორმალური ეკონომიკური სიტუაცია, მუშაობის ჩვეული რიტმი ქალაქში", - წერს თავის მიკრობლოგში მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, რომელმაც მოკლედ ჩამოაყალიბა რუსეთის მთავრობის პრიორიტეტები ამ რთულ დროს. ერთი მხრივ, ნორმალური სიტუაციის შენარჩუნება, რასაკვირველია, სრულიად მისასალმებელი და ღირსეული მიზანია, მაგრამ მეორე მხრივ - კარგი იქნებოდა, რომ ყველაზე მთავარი პრიორიტეტი მაინც მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება ყოფილიყო.

ჩინური გზა რუსეთისათვის? ისე ჩანდა, რომ რუსეთის ხელისუფლებას, თავისი ავტორიტარული ტენდენციებით, შეეძლო მაგალითი ჩინეთისაგან აეღო, სადაც კორონავირუსის გავრცელება მეტ-ნაკლებად, როგორც ჩანს, ცენტრალური ხელისუფლების მიერ მიერ მიღებული ყველაზე მკაცრი ზომების მეშვეობით შეძლეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც შეიძლება გვეგონოს.

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჩინელები სრულიად სხვა საზოგადოებაში ცხოვრობენ, სადაც რიგითი ობივატელის  წარმოდგენები პირად თავისუფლებაზე უფრო დაბალია, ვიდრე რუსეთში. მოსახლეობის იზოლირების ის უმკაცრესი ზომები, რაც ჩინეთის ხელმძღვანელებმა განახორციელეს, რუსეთში, უბრალოდ, არარეალიზებადია - იმიტომ, რომ მოსახლეობა ამაზე არ დათანხმდება და იმიტომაც, რომ ხელისუფლების სტრუქტურებს არანაირი მექანიზმები არ აქვთ დააძალონ მათ ზემოდან წამოსული ბრძანებები შეასრულონ. მეორე - ჩინეთის მთავრობას, რუსეთისაგან განსხვავებით, განუზომლად მეტი შესაძლებლობა აქვს მისწვდეს თითოეულ თავის მოქალაქეს, როგორც საზოგადოებრივი სტრუქტურებით, ასევე ყოვლისმომცველი სპეცსამსახურებით და რეპრესიული სტრუქტურებით.

ამიტომაც იმის წარმოდგენა, რომ რუსეთის ხელისუფლება ქვეყანაში ისეთ რამეს გააკეთებს, რომელიც მცირედ მაინც დაემსგავსება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის სი ძინპინის მიერ გამოცხადებულ "დაუნდობელ ომს კორონავირუსის წინააღმდეგ", სრულიად შეუძლებელია. სხვა საქმეა, რომ ჩინური გამოცდილებიდან ჩვენმა ხელისუფლებამ შეიძლება გაიზიაროს არა მეტ-ნაკლებად უფრო პოზიტიური (ვთქვათ, გადაუდებელი გადაწყვეტილებების ოპერატიული მიღება და აღსრულება მილიონიანი ქალაქების იზოლირების შესახებ, საავადმყოფოებისა და კლინიკების სწრაფი მშენებლობა და ა.შ.), არამედ შედარებით ნეგატიური - არამოტივირებული ძალადობა მოქალაქეებზე, თავისუფლების შეზღუდვა, ეპიდემიით მოტივით უცერემონიო ჩარევა პირად ცხოვრებაში...

რუსული მედიცინის პრობლემები

არ უნდა დაგვავიწყდეს რუსული მედიცინის სამწუხარო მდგომარეობაც. მაშინ როცა ევროპაში, იქაური ჯანდაცვის მაღალი განვითარების პირობებშიც კი იგრძნობა სპეციალისტების, მედიკამენტებისა და აპარატურის ნაკლებობა, როგორი იქნება ვითარება რუსეთში? შეიძლება გავუგოთ ზოგიერთ ჩვენს მოქალაქეს, თუ რატომ არიდებდა თავს კარანტინში მოთავსებას: ორი კვირის გატარება საშუალო სტატისტიკურ რუსულ საავადმყოფოში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან საეჭვო კმაყოფილებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ინფექციის არანაირი სიმპტომი არ გაქვს და კარანტინში პროფილაქტიკის მიზნით გათავსებენ.

ნიშანდობლივია, რომ იმ დროს, როცა ერთნი კარანტინიდან გარბოდნენ, მეორენი უშედეგოდ ცდილობდნენ პროფილური სამსახურების ყურადღების მიქცევას იმ საავადმყოფოების მდგომარეობაზე, სადაც საკარანტინო ზონებია გახსნილი ეპიდემიით მოცული ქვეყნებიდან ჩამოსულებისათვის.

ისე, კაცმა რომ თქვას, არაა გამორიცხული, რომ საფრთხის გაძლიერების შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება სტრატეგიას და ტაქტიკას შეცვლის და რეაქცია ელვისებური იქნება, მაგრამ... დრო უკვე ხელიდანაა გაშვებული: სანამ კარანტინიდან გაქცეულებს იჭერდნენ და საჯაროდ ძალით უკან აბრუნებდნენ, ეპიდემია ვრცელდებოდა. რამდენად ღრმადაა წასული დასნებოვნების პროცესი, ჩვენ მალე გავიგებთ. გარდა ამისა, ახლა თუნდაც რომ დაიწყონ კლინიკების მოდერნიზება და გადაიარაღება, ეს მაინც ვერ მოესწრება: ინფიცირებულთა რაოდენობის "აფეთქებასთან"შეხვედრა ჩვენს ქვეყანას მოუწევს იმით, რაც დღეს აქვს.

მომზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://p.dw.com/p/3ZPRi