"რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1600 ადამიანს აჭარბებს. ამას ჩვენ გვიმალავენ" - კვირის პალიტრა

"რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1600 ადამიანს აჭარბებს. ამას ჩვენ გვიმალავენ"

შემოიღებს თუ არა რუსეთის ხელისუფლება, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე? ამ მეტად აქტუალურ თემაზე რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" («Эхо Москвы») პროგრამაში "განსაკუთრებული აზრი" («Особое мнение») საუბრობენ ჟურნალისტი ალექსი სოლომინი და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პოლიტოლოგი ვალერი სოლოვეი.

გთავაზობთ ამონარიდს დიალოგიდან: ალექსი სოლომინი:

- ძალიან ბევრი საგანგაშო ახალი ამბავია. თქვენი აზრით, იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო სიტუაციის რეჟიმი რუსეთში?

ვალერი სოლოვეი: - ფაქტობრივად, მოსკოვში საგანგებო სიტუაცია უკვე შემოღებულია, რჩება მხოლოდ მისი დე იურედ გამოცხადება. რამდენადაც ვიცი, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს განზრახულია, რომ დე ფაქტო მდგომარეობის დე იურედ ლეგალიზება მოხდეს. ხოლო ეს ყველაფერი უფრო მეტად დამაჯერებელი რომ იყოს, არაა გამორიცხული, რომ მოსკოვში კომენდანტის საათიც იყოს დაწესებული. რა თქმა უნდა, ეს ზომა არ იქნება ეპიდემიოლოგიური და მას უფრო პოლიტიკური ხასიათი ექნება. ეს საკითხი უკვე განიხილება. ცხადია, ზუსტად არავინ იცის, რომ კომენდანტის საათი იქნება, მაგრამ მის პერსპექტივაზე ამჟამად ლაპარაკობენ.

-კომენდანტის საათი? ეს რაღაც უნიკალური გამოცდილება იქნება. მსგავსი რამ  ევროპაში არსად ყოფილა. - იცით, ევროპაშიც, ფაქტობრივად, კომენდანტის საათია დაწესებული, იგივე იტალიის ქალაქებში, რომლებიც განსაკუთრებულად მკაცრი კარანტინის ზონებში არიან. კარაბინერს შეუძლია მოვიდეს თქვენთან და გკითხოს, რას აკეთებ. თქვენ გაქვთ უფლება ქუჩაში გახვიდეთ მხოლოდ მაღაზიაში სურსათის საყიდლად ან აფთიაქში წამლის შესაძენად.

- და ვინ არის მუშაობის ასეთი რეჟიმის საგანგებო მდგომარეობის ლობისტი რუსეთში? პრინციპში, ის შეზღუდვებიც, რომლებიც შემოღებულია, ისინიც ხომ საკმაოდ მკაცრია? მგონი, მეტ-ნაკლებად სიტუაციას უმკლავდებიან. - არა, ოდნავადაც კი ვერ უმკლავდებიან. არ დაუჯეროთ ხმამაღალ რელაციებს, რომ კორონავირუსმა რუსეთს გვერდი აუარა მინიმალური ზიანით. ეს აბსოლუტური ტყუილია. დღეისათვის რუსეთის ფედერაციაში იანვრის თვის შუახანებიდან დადასტურებულ გარდაცვლილთა რაოდენობა 1600 ადამიანს აჭარბებს.

- და არადადასტურებულების? - მე მხედველობაში მაქვს სიტუაციის ანალიზის შედეგებით დადასტურებულები, არადადასტურებლებზე საერთოდ არაფერს ვამბობ.

- თქვით, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

- აგიხსნით, საიდანაც. ჯერ ყველა ჩინოვნიკს არ დაუკარგავს სინდისი. მათ იციან და ხვდებიან, თუ რამდენად ტრაგიკულია სიტუაცია. მათ სურთ, რომ რამენაირად ამ საკითხში საჯაროობა არსებობდეს. რადგანაც ინფექცია ახალგაზრდებში და საშუალო ასაკის ადამიანებში ძალიან ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მათი რაოდენობა მცირეა და სავარაუდოდ, 130-180 ათასს აღწევს. ინფექციის გავრცელების დღევანდელი დინამიკის მიხედვით, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 10 დღეში 1,5 მილიონიდან 2 მილიონამდე მიაღწევს. სხვათა შორის, ეს სრულიად შეესაბამება იმ რაოდენობას, რასაც სხვა ევროპულ ქვეყნებში ვხედავთ. ინგლისელების ვარაუდით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 60% კორონავირუსით დაავადდება. ასე რომ, ამაში არაფერი საკვირველი არ არის... მაგრამ რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ამას ჩვენ მართლაც გვიმალავენ.

- დამალვასთან დაკავშირებით: გარკვეული დროის განმავლობაში მეც ასე ვფიქრობდი. გულწრფელად რომ ვთქვათ, დღეს, 2020 წელს, ძალიან ძნელია წარმოიდგინო, რომ რაღაც ინფორმაციას, განსაკუთრებით კი ასეთი ხასიათის ფაქტებს, ვინმე დამალავს.

- ეს აბსოლუტურად ადვილია, როცა ადამიანს დიაგნოზად პნევმონიას დაუდგენ. ცნობილია, რომ უმეტეს შემთხვევებში უფროსი ასაკის ადამიანები კვდებიან. ჰოდა, იოლია მოხუც ავადმყოფს ისეთი დიაგნოზი დაუდგინო, რომელიც კორონავირუსის მსგავს ან მის თანამდევ სნეულებად ითვლება.

- კარგი, მაგრამ რისთვის? - იმისთვის, რომ დემონსტრაცია მოხდინო - ჩვენი ქვეყანა ამ უბედურებისაგან თავისუფალია, იმისთვის, რომ მოსახლეობას მოაჩვენო - ჩვენთან პოლიტიკური, სახელმწიფოებრივი და სამედიცინო მენეჯმენტი ბრწყინვალეა. უბრალოდ რომ ნათელი იყოს, გაიხსენეთ ჩერნობილთან დაკავშირებული ისტორია, ჩრდილოეთ კავკასიაში, კრიმსკოეში მომხდარი ტრაგედია (წყალდიდობა). ჩვენთან სიმართლეს ყოველთვის მალავენ.

- თქვენს მიერ დასახელებულ ისტორიებში ხელისუფლებას ჭირდებოდა იმის ჩვენება, რომ ყველაფერი კარგადაა და კონტროლს ექვემდებარება... - ახლაც იგივე ხდება.

- და ახლა საგანგებო სიტუაციის გამოცხადება განა მსგავს პოლიტიკას არ ეწინააღმდეგება?

- არანაირად. რამდენადაც ჩვენ ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით, როცა სინამდვილის დამალვა უკვე შეუძლებელია, როცა ჩნდება შეუსაბამობა იმასთან, რასაც ვლაპარაკობთ. მთავრობა აცხადებს, რომ ჩვენთან ოფიციალურად მხოლოდ რამდენიმე ათეული ავადმყოფია დაფიქსირებული, ეს ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაშიც სიკვდილის ფაქტები სწრაფად იმატებს. ეს შესამჩნევი გახდება "შეუიარაღებელი თვალითაც". სწორედ ამიტომ ხელისუფლება შემოიღებს საგანგებო მდგომარეობას, მკაცრ კონტროლს, რომლის დროსაც სინამდვილეს დამალავს.

-  თქვით, რომ ახლა "ზემოთ" დისკუსია მიმდინარეობს - შემოღებული იქნეს თუ არა საგანგებო სიტუაცია რუსეთის მთელ ტერიტორიაზეო და რადგანაც დისკუსია მიდის, ესე იგი, არიან საგანგებო მდგომარეობის მომხრეები და მოწინააღმდეგეები. შეგიძლიათ გვითხრათ, რა ჯგუფები არიან ჩართულნი ამ დისკუსიაში?

- იცით, საგანგებო სიტუაციის შემოღების მოწინააღმდეგეების გამოსვლა თვითონ ხელისუფლების გეგმებშია. ჩვენ ვიცით, რომ 22 აპრილს კონსტიტუციის მიღების მიზნით პლებისციტი უნდა ჩატარდეს. ამჟამად საგანგებო მდგომარეობის მიღების ვადებზე რამდენიმე ვარიანტი იხილება: პირველი - შემოიღონ 10-15 აპრილამდე, პლებისციტის წინ გააუქმონ და შემდეგ ისევ შემოიღონ; მეორე - გადაიტანონ პლებისციტი და მესამე - უარი თქვან პლებისციტზე, რომელიც, ჩემი აზრით, არარეალურია.

- და რაშია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პოლიტიკური მიზანი? აი თქვენ ამბობთ, რომ შემოიღებენ, შემდეგ გააუქმებენ და ისევ შემოიღებენ...

- იმაშია, რომ ხალხი მშვენივრად ხვდება - კონსტიტუციური ცვლილებებით მათ ყურადღებას ფანტავენ. ამომრჩეველთა უმეტესობამ ზუსტად იცის, რომ პრეზიდენტის მმართველობის "ვადების განულება" მხოლოდ პირადად ვლადიმერ პუტინისათვის კეთდება. პოლიტიკური მიზანი კი იმაშია, რომ თავიდან აიცილონ მოსახლეობის პოტენციური აღშფოთება. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ კომენდანტის საათის შემოღება ძალიან მომგებიანი გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური თვალსაზრისით: ყველა პოლიტიკური პროცესი ძირშივე იქნება ლიკვიდირებული. წყარო

იხილეთ ასევე: "რუსეთში დასნებოვნებულთა რაოდენობის "აფეთქებამდე" დღეები ან სულაც საათები რჩება" - სად მიიყვანს პანდემია რუსეთს?

მოამზადა სიმონ კილაძემ