შორეულ-ახლობელი სომალი - კვირის პალიტრა

შორეულ-ახლობელი სომალი

საინტერესოა, დემოკრატიის ან სიტყვის თავისუფლების რეიტინგებში სომალი რამდენად ჩამორჩება საქართველოს. ყოველ შემთხვევაში, ფრთხილად ვიყოთ. ამ "მოსახელმწიფოო ელემენტმაც" არ გვაჯობოს.

სომალი ჩვენში მეკობრეებთან და ცნობილ ამერიკულ ფილმთან ("შავი ქორის დესანტი") ასოცირდება. ამ ქვეყანაში მოშლილია ყველანაირი ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული მთავრობა მხოლოდ დედაქალაქ მოგადიშოს რამდენიმე რაიონს აკონტროლებს. ტერიტორიის დანარჩენი ნაწილები კი ისლამისტურ დაჯგუფებებს და სეპარატისტებს აქვთ გადანაწილებული.

გაგიკვირდებათ და სომალიში ჟურნალისტებიც არიან. იქ რადიოც მუშაობს, რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოც და გაზეთებიც გამოდის (თუმცა, გაზეთ "მეკობრის ხმას" არ გამოსცემენ).

მეტიც, სომალელ ჟურნალისტებს თავიანთი ორგანიზაციაც ჰქონიათ. ჰოდა, "სომალელ ჟურნალისტთა ნაციონალურმა კავშირმა" გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საუბარია სომალიში მედიაზე განხორციელებულ ზეწოლაზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურმე ისლამისტური დაჯგუფებები "ალ შააბაბი" და "ხიზბულ ისლამი" ზოგიერთი მედიასაშუალების გამოყენებას პროპაგანდისტული მიზნით ცდილობს. სომალელი ჟურნალისტები ჩივიან, რომ ისლამისტების მიერ კონტროლირებადი ქალაქებიდან რეპორტაჟების მომზადება შეუძლებელია.

ბრავო, სომალელ ჟურნალისტებს! თუმცა, ჩვენი აფრიკელი კოლეგების დასამშვიდებლად იმას ვიტყვით, რომ არსებობს ასეთი ქვეყანა - საქართველო.

KvirisPalitra.Geამ საქართველოში, მაგალითად, ცხვირს ვერ შეყოფ და შესაბამისად, ვერც რეპორტაჟს მოამზადებ ძალიან ბევრი სამინისტროდან. მეტიც - თბილისში, ცენტრალურ ნაწილში შენდება "ბუდა ბარი", რომლის მისადგომებთან ჟურნალისტებს არ უშვებენ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს გიგი უგულავა აკონტროლებს და არა "ალ შააბაბი".

როგორც აღვნიშნეთ, სომალელი ჟურნალისტები იმასაც ჩიოდნენ, რომ ისლამისტური დაჯგუფებები ზოგიერთი მედიასაშუალების პროპაგანდისტული მიზნებით გამოყენებას ცდილობენ. ჩვენთან ეს "ცდა" წარმატებით დამთავრდა და უკვე კი არ "ცდილობენ", არამედ პრაქტიკაში იყენებენ.

თუმცა, ნამდვილად თანავუგრძნობთ სომალელ კოლეგებს. მათ ალბათ, არ აქვთ თავიანთი "მოგადიშო 2" და "ბუიბააა" ("იმედი" - სომალურად). არადა, რომ ჰქონოდათ, არც ეცოდინებოდათ, რომ სომალი დიდი ხანია დაიშალა სომალილენდად, პუტლენდად და სხვა ნაწილებად, რომ ქვეყანაში მეკობრეობა შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ა.შ.

შესაბამისად, სომალელ ჟურნალისტებსაც ეგონებოდათ, რომ მათ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა და აღარ იწუწუნებდნენ სიტყვის თავისუფლებაზე და ქართველ კოლეგებს უხერხულ მდგომარეობაში აღარ ჩააყენებდნენ.

(სპეციალურად საიტისთვის)