როგორ შეაჩერეს სამხერთ კორეაში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება?
25-03-2020
როგორ შეაჩერეს სამხერთ კორეაში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება?
ახალი კორონავირუსით შექმნილ მსოფლიო ქაოსში, რომელმაც უამრავი ადამიანი დააინფიცირა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არის ქვეყნები, რომლებიც ვირუსთან შედეგიანად იბრძვიან, სწორედ ასეთია სამხრეთ კორეა, სადაც უახლესი ინფორმაციით, სულ დაფიქსირდა 9, 037 შემთხვევა, გარდაიცვალა 120 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3, 507 ინფიცირებული. ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა დაინფიცირებულთა ოდენობას აჭარბებს. ყოველდღურად იკლებს ახალი შემთხვევების რაოდენობაც.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსი საკმაოდ სწრაფად გავრცელდა. სამხრეთ კორეამ კორონავირუსის პირველი შემთხვევა 20 იანვარს დაადასტურა. ქვეყანაში ჩინეთის შემდეგ ვირუსის ყველაზე
დიდი გავრცელება აღინიშნებოდა. 29 თებერვლის მონაცემებით კი, ინფიცირებულთა რეკორდულად მაღალი რაოდენობა დაფიქსირდა - 29 თებერვალს ქვეყანაში ინფიცირების 909 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მსგავსი ვითარების გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მკაცრი რეგულაციები შემოეღო.

პაციენტი #31


სამხერთ კორეაში ვირუსის მასიურ გავრცელებას არაფორმალურ ქრისტიანულ რელიგიურ ჯგუფს და "პაციენტ #31"-ს უკავშირებენ.

ე.წ. სუპერგამავრცელებელი 61 წლის ქალი ცნობილი, როგორც პაციენტი #31, ერთ-ერთი ქრისტიანული ეკლესიის, სინჩეონჯის წევრია. ამ ჯგუფის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა სეულში აღძრული, მათ მკვლელობაში სდებენ ბრალს.

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზუსტად არ არის ცნობილი სად დაინფიცირდა პაციენტი #31, მაგრამ დიაგნოზის დადგენამდე რამდენიმე დღით ადრე ის სეულისა და ქალაქ დეგუს ხალხმრავალ ადგილებში იმყოფებოდა

6 თებერვალს ქალი მსუბუქ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა ქალაქ დეგუში, რის გამოც აღმოსავლური მედიცინის ჰოსპიტალში მოხვდა. იქ ყოფნისას კი ამავე ქალაქში სინჩეონჯის ეკლესიის ფილიალში მსახურებას დაესწრო ორჯერ - 9 და 16 თებერვალს.

ჰოსპიტალის ექიმები ამტკიცებენ, რომ მას კორონავირუსზე ტესტირება15 თებერვალს შესთავაზეს, რადგანაც ქალს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. თუმცა ქალი, ნაცვლად ტესტირებისა, ლანჩზე მეგობართან ერთად სასტუმროს სასადილოში წავიდა.

ერთ-ერთი ინფორმაციით ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში ქალმა უარყო, რომ მას ვირუსზე გამოკვლევა შესთავაზეს. როცა მისი სიმპტომები გაუარესდა, 17 თებერვალს, ქალმა სხვა კლინიკას მიმართა გამოსაკვლევად.

მომდევნო დღეს სამხრეთ კორეაში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ეს იყო ქვეყანაში კორონავირუსის 31-ე დადასტურებული შემთხვევა. სულ რამდენიმე დღეში ეს რიცხვები გაიზარდა, სინჩეონჯის ეკლესიასა და მიმდებარე ადგილებში კორონავირუსის ტესტმა დადებითი პასუხი ასობით ადამიანს უჩვენა.

სამხრეთ კორეაში დაიხურა ეკლესიები და ბევრი მათგანი ონლაინმსახურებაზე გადავიდა.

"თებერვლის შუა რიცხვებამდე სიტუაცია არც ისე მძიმე იყო აქ. ვითარების გართულება იწყება პაციენტი #31-დან" – თქვა ALJAZEERA-სთან საუბრისას სეულის ეროვნული უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგმა ჰუანგ სუნგ-სიკმა, "პაციენტ #31-ის გამოჩენამდე, ვირუსის შეჩერების ჩვენი სტრატეგიები მუშაობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ პაციენტმა უამრავი ადამიანი დააინფიცირა, კონტროლი ძალიან გართულდა".

შინ-ჩონჯის ეკლესიის დამფუძნებელმა ლი მან ხიმ,  მუხლებზე დაჩოქილმა ითხოვა ბოდიში კორონავირუსის გამო. პაციენტი #31 იყო ეკლესიის წევრი და ორგანიზაცია ბრალდებულია იმაში, რომ არ ითანამშრომლა მთავრობასთან კორონავირუსის აფეთქების დროს.




რა ქნა ამის შემდეგ სამხერთ კორეამ?


ამის შემდეგ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით კორონავირუსის გავრცელების შეჩერებისთვის ეკლესიები და სკოლები დახურეს. "როიტერსის" ინფორმაციით, ქრისტიანულმა ეკლესიებმა მიიღეს გადაწყვეტილება მრევლისთვის ონლაინღვთისმსახურება ჩაეტარებინათ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჯანდაცვის სამსახურებმა სამხრეთ კორეელებს შაბათ-კვირას რელიგიურ რიტუალებზე დასწრებაზე თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

პირველად 236 წლიანი ისტორიის მანძილზე, სამხრეთ კორეის კათოლიკურმა ეკლესიამ ქვეყნის მასშტაბით 1 700 ლოკაციაზე წირვის გადადების გადაწყვეტილება მიიღო. დაგეგმილი რიტუალები გაუქმდა ბუდისტურ ტაძრებშიც.



დღემდე მკაცრად კონტროლირდება ქვეყნის საზღვრები. ვინც სამხრეთ კორეაში ევროპიდან ჩადის, ყველას კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტი უტარდება. ხარჯები, რომლებიც აუცილებელია ტურისტებისა თუ ადგილობრივი მოსახლეობის სამკურნალოდ, ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოიყო.

სამხრეთ კორეაში ჩასული ტურისტები, თუ ისინი ქვეყანაში დიდი ხნით დარჩენას აპირებენ ტესტის ჩატარების შემდეგ, მიუხედავად უარყოფითი პასუხისა, 14 დღე აუცილებლად არიან საზოგადოებისგან იზოლირებულნი ან საკუთარ სახლებში, ან სახელმწიფოს გამოყოფილ ტერიტორიაზე. ხოლო მოკლევადიანი ვიზიტით ჩასულები შესაბამისი ორგანოების ზედამხედველობისა და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამხრეთ კორეაში კორონავირუსის სწრაფ ტესტს დღეისათვის ოთხი კომპანია აწარმოებს. ქვეყანას აქვს შესაძლებლობა კვირაში 140 000 სწრაფი ტესტი ჩაატაროს. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით, სამხრეთ კორეაში ინფიცირებულების უმეტესობა საავადმყოფოში არ გადაჰყვათ. კლინიკაში მხოლოდ ისინი ხვდებიან, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები კი იზოლირებულნი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

საერთო ჯამში სამხრეთ კორეაში, სწრაფი ტესტი უკვე 338 ათას ადამიანს ჩაუტარდა. მთავრობის წევრების განცხადებით, მსგავსი ქმედებებით მათ შესაძლებლობა აქვთ აკონტროლონ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და ხელი შეუშალონ ახალი კერების წარმოქმნას.

მედიის ცნობით, სამხრეთ კორეის აეროპორტში 40-მდე სატესტო ადგილს გააკეთებენ, რათა ქვეყანაში შესულ ახალ ვიზიტორს აეროპორტის დატოვებამდე დაუდგინონ ახალი კორონავირუსი.

აღსანიშნავია, რომ ახალ კორონავირუსთან ბრძოლის სამხრეთ კორეული მოდელი არ ითვალისწინებს ქალაქების ბლოკირებას, დახურვას ან გადაადგილების შეზღუდვას. თუმცა, დროებით დაიხურა სკოლები, ოფისების თანამშრომლებს კი სახლიდან - დისტანციურად უწევთ მუშაობა. ქვეყანაში შენობების უმეტესი ნაწილის შესასვლელში სპეციალური თერმული კამერები დგას, რომელიც მოსახლეობის ტემპერატურას აკონტროლებს. აკვირდებიან ინფიცირებული ადამიანების ყველა გადაადგილებას.

სამხრეთ კორეაში მოქალაქეებს აქტიურად მოუწოდენებ დარჩნენ სახლში და თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, სახლი არ დატოვონ. მათ უფლება აქვთ იმ შემთხვევაში გავიდნენ ქუჩაში, თუ მიდიან აფთიაქში, საავადმყოფოში, სამსახურში ან მაღაზიაში.

მთავრობის განცხადებით, ისინი ვერ ხედავენ აუცილებლობას, უფრო გაამკაცრონ მოთხოვნები და ამით ქვეყნის ეკონომიკის ბლოკირება გამოიწვიონ. მათი თქმით, ვირუსის გადადების შესაჩერებლად, აუცილებელია მოქალაქეებმა გაიზიარონ სოციალური პასუხისმგებლობა და დაიცვან ერთმანეთის მიმართ დისტანცია.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეამ საქართველოს ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად 200 000 სწრაფი ტესტს გასმოსცეს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, აპრილის დასაწყისში უკვე ქვეყანაში იქნება. 24 მარტს საქართველოში ორი ტიპის 1000 სწრაფი ტესტი ჩინეთიდან ჩამოვიდა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მარნეულის მოსახლეობის გამოსაკვლევად გამოიყენებენ.

იხილეთ ასევე: როგორ შეაჩერეს იტალიის პატარა ქალაქში კორონავირუსი?
ნანა
25 მარტი 2020 14:23
გაიხარე შვილო! ერთადერთი საინფორმაციო წყარო ხართ,ვინც ამბებს საუკეთესოდ გადმოსცემს.

რედაქტორის რჩევით
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?