La Stampa: კორონავირუსთან ბრძოლისთვის იტალიაში გაგზავნილი რუსული დახმარების 80% უსარგებლო აღმოჩნდა - კვირის პალიტრა

La Stampa: კორონავირუსთან ბრძოლისთვის იტალიაში გაგზავნილი რუსული დახმარების 80% უსარგებლო აღმოჩნდა

ახალი კორონავირუსის გამო იტალიაში რთულ ვითარებასთან გასამკლავებლად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ კორონავირუსის აღმოსაჩენი სწრაფი ტესტები, პირბადეები და სხვა უამრავი საჭირო ინვენტარი გაგზავნა. ამ ქვეყნების რიცხვს შეუერთდა რუსეთიც.

21 მარტს პუტინსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთმა იტალიის დახმარების სურვილი გამოთქვა. იტალიისკენ ჯამში 15 თვითმფრინავი გაფრინდა, რომელთაც ბერგამოში კორონავირუსთან საბრძლველ ინვენტართან ერთად სამხედრო პირები წაიყვანეს.

იტალიური გამოცემები რუსეთის მხრიდან დახმარებას ეჭვის თვალით უყურებენ. ზოგიერთი გამოცემის თქმით, - შესაძლოა, ამ დახმარების სანაცვლოდ რუსეთმა იტალია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოსო.

იტალიური გამოცემა La Stampa საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ამ ნაბიჯით პოლიტიკური მიზნებს მისდევს, ხოლო იტალიის პრემიერი ჯუზეპე კონტე დახმარების მიღებას პუტინთან პირადი ურთიერთობების გასამყარებლად დათანხმდა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში ჩასული სამხედროები, არა მედიკოსები, არამედ მაღალი ჩინის სამხედრო პირები არიან.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ ტვირთს, გამოცემა La Stampa წერს, რომ ვირუსთან ბრძოლაში რუსული დახმარების 80% სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა.

იტალიური პრესის კრიტიკულ სტატიას გამოეხმაურა იტალიაში რუსეთის ელჩი სერგეი რაზოვი.

ელჩმა კატეგორიულად უარყო ის აზრი, თითქოს რუსეთი ჰუმანიტარული დახმარების სანაცვლოდ იტალიისგან საფასურს მოითხოვს. ეს საფასური კი შესაძლოა ევროკავშირის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების მოხსნაც იყოს.

"როგორ წარმოგიდგენიათ რუსეთის მხრიდან მსგავსი მოთხოვნა? იტალიისთვის გაწეული თავდაუზოგავი დახმარება არ არის სავაჭრო საკითხი", - განაცხადა რუსეთის ელჩმა.

"დიდი გაოცებით წავიკითხე ავტორიტეტული იტალიური გამოცემის სტატია, სადაც ეწერა, რომ რუსეთის გაგზავნილი ტექნიკა და სხვა აღჭურვილობა თითქოს არ არის საჭირო და გამოუსადეგარია კორონავირუსთან ბრძლაში. ჩვენი დახმარება კი მოტივირებულია პოლიტიკურ-პროპაგანდული აზრებით...

"ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ამის შესახებ თავად ბერგამოს მოსახლეობისთვის ეკიტხათ, რომელთა შორის, სამწუხაროდ ბევრია ვირუსით ინფიცირებული. ხოლო რაც შეეხება პოლიტიკასა და პროპაგანდას, ჩემი აზრით ეს დამახინჯებული შეგნების პროდუქტია", - აღნიშნა რაზოვმა.

უახლესი ინფორმაციით, იტალიაში ამ დროისთვის 57, 521 ინფიცირებულია, გამოჯანმრთელდა 9, 362 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 7, 503 ადამიანი.