თურქეთი ცდილობს... - კვირის პალიტრა

თურქეთი ცდილობს...

მოსკოვმა ოსტატურად გამოიყენა თურქეთის სურვილი - ენერგეტიკული კვანძი გამხდარიყო და ბოლო წლების განმავლობაში თავის სამხრეთელ მეზობელთან არაერთ ენერგეტიკულ შეთანხმებას მოაწერა ხელი, თუმცა რუსეთს და თურქეთს შორის გრძელდება კონკურენცია ფეთქებადსაშიშ სამხრეთ კავკასიაში.

2010 წლის ბოლოს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 40 მლრდ დოლარს გადააჭარბა. ქვეყნებმა, სხვა შეთანხმებებთან ერთად, ხელი მოაწერეს სავიზო რეჟიმის გაუქმებას. თურქეთმა რუსეთი საგარეო საფრთხეთა სიიდან ამოშალა, რაც მის მიმართ ნდობის აშკარა გამოხატულებაა. გარდა ამისა, რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს პატარა სანაპირო ქალაქ აკუიუში პირველი თურქული ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე.

ამ კონტრაქტის თანახმად, რომელიც მედვედევის მაისის ვიზიტის დროს გაფორმდა, ქვეყნები ელექტროსადგურის მშენებლობის და მომსახურების პროცესში ითანამშრომლებენ. ასწლეულობით ურთიერთმტრობის მიუხედავად, თურქეთმა და სომხეთმა შარშან ხელი მოაწერეს წინასწარი საერთაშორისო შეთანხმებების ორ ოქმს, თუმცა ვერ გამოავლინეს საკმარისი პოლიტიკური ნება ამ ოქმების რეალიზებისა. ამ სიტუაციაში დიპლომატია ჩიხში მოექცა. მართალია, თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ არაერთხელ განაცხადა სომხეთთან არაფორმალური დიპლომატიური კავშირების არსებობაზე, მაგრამ სომხეთმა ეს განცხადებები უარყო.

ცხადია, ბოლო წლებში თურქულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად იქცა დიდი ხნის ნანატრი სამი შეთანხმება ბუნებრივი აირით მომარაგებაზე, ასევე თურქეთის პოლიტიკა აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით. ივნისის დასაწყისში, თითქმის ორწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, მიღწეული იქნა შეთანხმება იმ ბუნებრივ აირზე ფასების რეგულირების თაობაზე, რომლის იმპორტიც თურქეთში აზერბაიჯანიდან ხორციელდება. თურქი მოხელეების განცხადებით, ისინი საბაზრო ფასების შესაბამისად დადგინდა და მანამდელ ფასზე (1000 კუბმ - 120 დოლარი) ოდნავ მაღალია. ამ შეთანხმების შესაბამისად, ასევე განისაზღვრა აზერბაიჯანული აირის სატრანზიტო ვადები ევროპულ ქვეყნებში და განხილული იქნა თურქეთისთვის ფასების დარეგულირების საკითხი.

აზერბაიჯანთან მეორე მნიშვნელოვანი გარიგება მას შემდეგ გაფორმდა, რაც რუსეთმა და სომხეთმა უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 19 აგვისტოს რუსეთმა სომხეთთან მეტად მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა და მისი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უცხოელ აგრესორთაგან საკუთარ თავზე აიღო. ერევანში მედვედევის აგვისტოს ვიზიტამდე თურქეთმა ანალოგიური შეთანხმება გააფორმა ნავთობით მდიდარ მუსლიმანურ ქვეყანასთან.

2010 წლის ივლისის ბოლოს რუსეთმა სომხეთში მისი არმიის (4000-კაციანი პირადი შემადგენლობა, ასევე ანტისარაკეტო თავდაცვის რამდენიმე სისტემა  C-300) ყოფნის ვადა 2049 წლამდე გაახანგრძლივა. 16 აგვისტოს, აზერბაიჯანში გიულის ორდღიანი ვიზიტისას, თურქეთმა და აზერბაიჯანმა სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთდახმარებაზე გააფორმეს შეთანხმება.

თუდეიზ ზამანი, თურქეთი