ევროპას უკვე აქვს ტელეფონი - კვირის პალიტრა

ევროპას უკვე აქვს ტელეფონი

ევროკავშირში შეიქმნა ორი ახალი თანამდებობა: ევროსაბჭოს თავმჯდომარის და დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელის. პირველი დაიკავა ბელგიელმა ჰერმან ვან რომპეიმ, მეორე - კეტრინ ეშტონმა.

ამასთან დაკავშირებით დამკვირვებლებს გაახსენდათ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰენრი კისინჯერის ცნობილი ნათქვამი, - როცა ევროპასთან დაკავშირებით კითხვა მიჩნდება, არ ვიცი, ვის დავურეკოო. ახლა ევროპას უკვე აქვს ტელეფონი, თანაც - ორი. პრესაში ვან რომპეი "ევროკავშირის პრეზიდენტად" მონათლეს, ქალბატონი ეშტონი კი საერთო-ევროპული საგარეო საქმეთა სამინისტროს მეთაურად.

ევროკავშირი სახელმწიფოთა უნიკალური გაერთიანებაა, რომელიც არ ჰგავს არც ერთ სხვა გაერთიანებას, ხელმძღვანელებიც განსაკუთრებულები ჰყავს. ჯერჯერობით ცხადია მხოლოდ ის, რომ ევროკავშირის ორივე მოხელე მოწოდებულია გახდეს ამ კავშირის სახე საერთაშორისო სარბიელზე და ბრიუსელს შეუმსუბუქოს ურთიერთობა თავის პარტნიორებთან, მეტი თანამიმდევრობა მიანიჭოს საერთო-ევროპულ პოლიტიკას.

აქამდე ევროკავშირში პირველი პირი ყოველ ნახევარ წელიწადში იცვლებოდა - იმის შესაბამისად, თუ რომელი ქვეყანა ხდებოდა თავმჯდომარე. შეიძლება ითქვას, ევროპის საგარეო პოლიტიკის რეფორმა ლისაბონის ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია.

საგარეო მოქმედების ევროპული სამსახურის შექმნით ევროკავშირმა ნაბიჯი გადადგა თავისი საგარეო პოლიტიკური ზეგავლენის გასაზრდელად. ეს ასე მოხდება თუ არა, მომავალში გამოჩნდება. უახლოეს 5 წელიწადს მისი ხელმძღვანელობა ქალბატონ ეშტონს დაეკისრა. მისი წინადადებით, ევროკავშირის სტრატეგიულ პარტნიორთა ნუსხა ცხრიდან 15 ქვეყნამდე უნდა გაიზარდოს.

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი