ფულის კუპიურები და ტესტები "მაფიის სამსახურში" - როგორ ერგება დამანაშავეთა სამყარო კორონავირუსულ პანდემიას?
ფულის კუპიურები და ტესტები "მაფიის სამსახურში" - როგორ ერგება დამანაშავეთა სამყარო კორონავირუსულ პანდემიას?
საერთაშორისო ორგანიზაციამ "გლობალური ინიციატივა ტრანსნაციონალური ორგანიზაციული დამნაშავეობის შესახებ" გამოაქვეყნა მოხსენება სათაურით "დამნაშავეობა და ინფექცია: პანდემიის ზემოქმედება ორგანიზებულ დანაშაულობებზე". ამ 25-გვერდიან დოკუმენტში აღინიშნება, რომ ზომები, რომლებიც მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიიღება, ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად შეზღუდა ორგანიზებული დამნაშავეობის ჯგუფების თავისუფლება, მაგრამ, მეორე მხრივ, პანდემიის ფონზე მაფიოზური დაჯგუფებების წინაშე გამდიდრების ახალი შესაძლებლობები გაჩნდა.

სახელმწიფო საზღვრების დახურვის საყოველთაო ტენდენციამ სწრაფად შეწყვიტა ან მნიშვნელოვნად შეანელა დანაშაულებრივი საქმიანობის რიგი სახეები, თუმცა მაფიოზურმა ორგანიზაციებმა ისარგებლეს შექმნილი გაურკვევლობით,
მყიფე სიტუაციით და ფულს ახალი მოთხოვნილების - უკანონო სამსახურის შესრულებით იხვეჭენ. კრიმინალები განსაკუთრებით აქტიურად მოქმედებენ იმ ქვეყნებში, რომელთა ჯანდაცვის სისტემაში მათ წინა წლებში შეაღწიეს.

კორონავირუსის პანდემიის შედეგები მაფიისათვის
მოხსენების ავტორები გამოყოფენ ოთხი ტიპის შედეგებს, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისათვის.

ა) ზოგიერთი დანაშაულებრივი დაჯგუფება
პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში შემოღებული სოციალური დისტანცირებისა და გადაადგილების შეზღუდვით დაზარალდა. როგორც ჩანს, ეს შეზღუდვები კიდევ საკმაო ხანს გასტანს.

ბ) ზოგიერთებმა ისარგებლეს იმით, რომ პოლიტიკური ხელისუფლებისა და მართლწესრიგის დამცველი ორგანოების ყურადღება სხვა პრობლემებზე იქნა გადართული და ამიტომ თავიანთი მოქმედების ინტენსიფიცირება მოახდინეს.

გ) ჯანდაცვის სიტემაში დიდი ხნის წინ ჩანერგილი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებმა დაუყონებლივ იპოვეს ამ სექტორის ექსპლუატაციის ახალი შესაძლებლობები;

დ) კიბერდამნაშავეობა სწრაფად აძლიერებს თავის ტემპებს - სარგებლობს იმით, რომ ხალხის ძირითადი მასა სახლებშია ჩაკეტილი და უფრო მეტ დროს ინტერნეტს, ელექტრონულ ოპერაციებს უთმობს.

მოხსენებაში ზემოთ ჩამოთვლილი თითოეული კატეგორია ფართოდაა განხილული.
სოციალურმა დისტანცირებამ და საკარანტინო ზომებმა საკმაოდ იმოქმედა ქუჩის დანაშაულობების მასშტაბზეც, რაც ორგანიზებულ დანაშაულთანაა დაკავშირებული. მექსიკაში, მაგალითად, მკვლელობების რაოდენობა წლის დასაწყისში ძალიან მაღალი იყო, მაგრამ დრამატულად შემცირდა სოციალური დისტანცირების შემოღებასთან დაკავშირებით: თუ ადრე დღეში 81 დანაშაული ხდებოდა, ამჟამად მხოლოდ 54-მდეა. თუმცა, როგორც კი დისტანცირების მიმართ მკაცრი მოთხოვნა შესუსტდა, დანაშაულმა კვლავ იმატა.

მოხსენების ავტორების მონაცემებით, მკვლელობებისა და ძარცვების რაოდენობის შემცირება შეინიშნება ბალკანეთის ქვეყნებშიც. ასევე მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანში მაფიასთან დაკავშირებული მკვლელობები შემცირდება სერბეთსა და ჩერნოგორიაში. ქალაქების ქუჩები ცარიელია და მათ პოლიციის მანქანები პატრულირებენ. ეს გარემოება აბრკოლებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვას.

ბოსნიაში ფართოდაა გავრცელებული ავტომანქანების გატაცება. დღეს იქაურ "ავტომოყვარულებს" ძველებურად აღარ უმართლებთ: ცარიელ ქუჩებში ეულად მდგარ ავტომანქანის კაბინაში შეუმჩნევლად შეღწევა ძალიან გართულდა.

მოხსენების ავტორების თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ როგორი იქნება კარანტინების გრძელვადიანი შედეგები, მაგრამ აშკარაა, რომ შედეგები უმეტესად ორგანიზაციულ დამნაშავეობის მიმართ უფრო ჩანს.

ჩინური საქონლის კონტრაბანდა
კორონავირუსის გამო ჩინეთიდან იმპორტის შემცირება მაფიის შემოსავლებზე აისახა. როგორც ცნობილია, ჩინეთი კონტრაფაქტული და აკრძალული საქონლის მსოფლიოში ყველაზე დიდ ექსპორტიორად მიიჩნევა, ამიტომ იქაური ფაბრიკების გაჩერებით უცხოური ორგანიზებული დამნაშავეობის ორგანიზაციები თავიანთი მთავარი მიმწოდებლის გარეშე დარჩნენ. მაგალითად, მექსიკური კარტელები, რომლებიც არალეგალურად აწარმოებდნენ ფანტალინს და მეტანფეტამინის ამერიკული ბაზრისათვის, ჩინეთის საზღვრების დახურვის გამო, საწყისი ინგრედიენტების გარეშე დარჩნენ.

ევროპა, რომელიც უკანონო საქონლის მსხვილ ბაზრად მიიჩნევა, ამ მხრივ დღეს უკეთეს სიტუაციაშია, რადგან სასაზღვრო-გამშვები პუნქტები უკვე ცოტაა და ისინი მკაცრად კონტროლდებიან. ახალი სიტუაცია შეეხო "ცოცხალი საქონლით" ვაჭრობასაც, რომელიც შემცირებულია, მაგრამ მოხსენების ავტორები აცხადებენ, რომ მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს: მიგრანტები ამჟამად რთულ ვითარებაში არიან, ისინი სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ და მიზანს ვერ ისრულებენ, სადღაც გზაში არიან გაჭედილები და შესაბამისად, მაფიოზები საზღვარზე უკანონოდ გადასვლის ფასს მნიშვნელოვნად გაზრდიან.
მოხსენებაში დაფიქსირებულია აგრეთვე კონტრაბანდისტთა სხვადასხვა დაჯგუფებების ერთმანეთთან დაპირისპირების ფაქტები, მაგალითად, ლიბიელებსა და ეგვიპტელებს შორის.

ნარკომაფია და კორონავირუსი
კარანტინებმა და სხვა შეზღუდვებმა გზა გადაუჭრა ნარკოტიკების საერთაშორისო ტრანსპორტირებას: აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში შეინიშნება ჰეროინის ქუჩაში ვაჭრობის ფასის ზრდა, ამავდროულად ეცემა მისი ხარისხი, რადგან უმაღლესი დონის ნარკოტიკული ნივთიერების გადატანა ძალიან გაძვირებულია. გარდა ამისა, მოხსენების ავტორების აზრით, მოსალოდნელია ნარკოტიკებით ვაჭრობის ინტერნეტში გადატანა, რადგან ქუჩები ხალხისაგან დაცარიელებულია.

ალბანეთში კანაფის თესვის სეზონი მარტსა და აპრილში მიმდინარეობს ხოლმე და როგორც ჩანს, ამ სფეროში დასაქმებულები უფრო გააქტიურდებიან, რომ რაც შეიძლება მეტი დათესონ: პოლიცია ამჟამად სულ სხვა საკითხით - საკარანტინო რეჟიმის დაცვით არის დაკავებული და კანაფის თესვის აღკვეთას ჯეროვან ყურადღებას ვეღარ აქცევს. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ალბანეთში, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს კანაფის კარგი მოსავალი იქნება.

კოლუმბია მსოფლიოში კოკაინის მთავარი მწარმოებელია. მისი სასაზღვრო პუნქტები ვირუსის გავრცელების გამო დახურულია, მაგრამ დამკვირვებლები მთავრობას აფრთხილებენ, რომ ასეთი სიტუაციით შეიძლება ის დანაშაულებრივი დაჯგუფებები გაძლიერდნენ, რომლებიც საზღვარზე გადასასვლელ ასეულობით ბილიკს აკონტროლებენ და მიგრანტების უკანონოდ გადაყვანისათვის, ნარკოტიკებისა და უკანონოდ მოპოვებული ოქროსა და სხვა აკრძალული საქონლის კონტრაბანდული გადატანის მიზნით გამოიყენება.

ფულის კუპიურები და ტესტები "მაფიის სამსახურში"
სამხრეთ აფრიკის სარეზერვო ბანკის განცხადების თანახმად, მომრავლდნენ ისეთი აფერისტები, რომლებიც თავს ბანკის წარმომადგენლებად ასაღებენ, ბრიყვი ადამიანებისგან ფულის კუპიურებს აგროვებენ იმ საბაბით, რომ ბანკნოტები კორონავირუსით არის დასნებოვნებულიო და ყალბ ცნობებს გასცემენ მათი შეცვლის მიზნით.

ნაირობის პოლიციამ (კენია) ქუჩის მოვაჭრეთა წინააღმდეგ ოპერაცია განახორციელა, რომლებიც კორონავირუსის დამდგენი ყალბი და კონტრაფაქტური ტესტებით ვაჭრობდნენ.

დოკუმენტში ასევე დაფიქსირებულია, რომ ბოლო დროს გახშირდა სამედიცინო აპარატურისა და ტექნიკის კონტრაბანდის შემთხვევები. ირანის, უკრაინისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებმა აღკვეთეს სამედიცინო პირბადეებისა და სადეზინფექციო სითხის პულვერიზატორების კონტრაბანდა.

როგორც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ნიუ-იორკის განყოფილების კიბერდანაშაულებებთან ბრძოლის ქვედანაყოფის უფროსმა როი ჯეიკობსმა განუცხადა ჟურნალ "ფორბსის" კორესპონდენტს, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით გახშირებული ინტერნეტ-აფერისტთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები ორ კატეგორიად იყოფა:
პირველი კატეგორიის თანახმად, აფერისტები იოლად დამჯერ ადამიანებს ეუბნებიან, რომ ისინი ფულს კრეფენ პირბადეებისა და ტესტების ნაკრების შესაძენად ან მათ თავიანთი საწარმოს ინვესტირებისთვის იწვევენ, რა თქმა უნდა, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით.
მეორე კატეგორია გამოიხატება "სუფთა კიბერშეტევებში", მაგალითად, ფიშინგში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოტყუებით დაეუფლონ ადამიანის პირად მონაცემებს. მასში შედის ფეიკური ვებსაიტებიც, რომლის მეშვეობით მოქალაქეს ყალბი და ბოროტის მიზნის მქონე პროგრამები ეგზავნებათ.

კორონავირუსული იტალია: მაფიამ თავი წამოჰყო
იმ დროს, როცა იტალიელები კორონავირუსის პანდემიით გარდაცვლილ ათასობით თანამემამულეს დასტირიან, ხოლო გადარჩენილებს წინ მწვავე ეკონომიკური პრობლემები და სიღარიბე ემუქრებათ, საზოგადოების ერთი ნაწილი, როგორც ჩანს, ქვეყნის უბედურებით ხელს ითბობს - ესენია ორგანიზებული დამნაშავეობრივი ჯგუფების წარმომადგენლები, მოკლედ - მაფიოზები.

იტალიაში კორონავირუსით 13 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანა დახურულია. პანდემია დაუნდობლად ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას, რომელსაც ევროზონაში მესამე ადგილი უკავია. ორი დღის წინ იტალიის მთავრობის ეკონომიკური პროგნოზების განყოფილებამ გამოაცხადა, რომ მიმდინარე წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 7%-ით შემცირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იტალიელ ექსპერტთა მონაცემებით, იტალიის მცირე და საშუალო ბიზნესის 65% ბანკროტობის საფრთხის  წინაშე დგას.

ამ დროს კი სიცილიური "კოზა ნოსტრა", კალაბრიული "ნდრანგეტა" და ნეაპოლური "კამორა", რომლებიც კორონავირუსის პანდემიის პირველივე დღეებში თითქოსდა დაიბნენ - "შიშის ზღვარზე იყვნენ", ისევ ძალებს იკრებენ და ორგანიზდებიან. "ისინი გამოძალვის ყველა ხერხს იყენებენ დასუსტებული ბიზნესის ხელში ჩასაგდებად. მაფიამ კარგად იცის, რომ იტალიის მცირე და საშუალო ბიზნესი - ესაა მულტისერვისული კომპანიები: რესტორნები, კაფეები, კვების ობიექტები, ნარჩენების გადაზიდვა, ტრანსპორტი, დამკრძალავი ბიუროები, ავტო და ბენზინგასამართი სადგურები... სადეზინფექციო ფირმები", - აღნიშნავს იტალიელი მწერალი რობერტო სავიანო გაზეთ La Repubblica-სათვის მიცემულ ინტერვიუში.
რობერტო სავიანო
რობერტო სავიანოს ნამდვილად დაეჯერება - იგი კარგად არის გარკვეული იტალიური მაფიის სტრუქტურებში და მათ საქმიანობაში, მას ბევრი წიგნი აქვს დაწერილი მაფიის თემაზე. რობერტო სავიანო იხსენებს 1884 წელს ნეაპოლში მომხდარ ქოლერის ეპიდემიას, რომლის დროსაც ქალაქის მოსახლეობის ნახევარი დაიღუპა. მთავრობამ სახლებიდან და ქუჩებსაიდან გვამების ასაღებად უზარმაზარი თანხები გაიღო, რაც ადგილობრივი მაფიის "კომორას" ჯიბეში ჩავიდა.

იტალიური თემიდა საფრთხეშია: ყურადღება სამხრეთს!
"მაფია უკვე მოქმედების გეგმას ადგენს იმ დროისთვის, როცა ეკონომიკა აღორძინებას დაიწყებს", - ამბობს ჯუზეპე გოვერნალე, იტალიის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, რომელიც მაფიის მიერ ჩადენილ დანაშაულობებს იძიებს. 62 წლის სიცილიელმა უკვე განაცხადა, რომ თავის მხრივ, მისი გუნდიც მაფიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ემზადება. "ეპიდემია უკვე ხელს უშლის სასამართლო სისტემის მუშაობას და ეს შეიძლება კვირები და თვეები გაგრძელდეს. სასამართლო პროცესები, რომლებიც ასობით ბრალდებულის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, ფაქტობრივად, შეწყდა. კრიზისის დროს პოლიციის რესურსების გადანაწილების გამო მაფიამ თავი აიშვა. ის ოფიცრები, რომლებიც ადრე მაფიის წინააღმდეგ მუშაობდნენ, ახლა საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ", - ამბობს ჯუზეპე გოვერნალე.

გაზეთ La Stampa-ს თანახმად, იტალიის სპეცსამსახურები მთავრობას აფრთხილებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიის ცენტრი ქვეყნის ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადაიწევს, შეიძლება უწესრიგობები მოხდეს, რომლებიც მაფიის მიერ იქნება გამოწვეული. იგივეს წერს ესპანური გაზეთი ABC:
"სპეცსამსახურების მიერ პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტისა და შინაგან საქმეთა მინისტრ ლუჩანო ლამორჯეზესთვის შედგენილ კონფიდენციალურ მოხსენებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ იტალიაში არსებობს პოტენციური საფრთხე როგორც სტიქიური, ასევე ორგანიზებული ანტისახელისუფლო გამოსვლებისათვის, რაც დაკავშირებულია ამ რეგიონში არსებულ ჩრდილოვან ეკონომიკასთან და საკმაოდ მძიმე კრიმინოგენურ სიტუაციასთან - ორგანიზებული დამნაშავეობის ქსელთან. გაზეთის შეფასებით, "იატაკქვეშა" არალეგალურ ეკონომიკაში იტალიის სამხრეთის დაახლოებით ოთხი მილიონი მცხოვრებია დაკავებული. ყოველი მეოთხე პიროვნება ხელფასს ნაღდი ფულით იღებს და გადასახადებს არ იხდის. ამჟამად, კრიზისის გამო, ისინი სამუშაოს გარეშე დარჩნენ. მაფია მზადაა ისარგებლოს შექმნილი სიტუაციით და მთავრობას ანტისახელისუფლო აქციებით შეუტიოს.

სიცილიაში და სამხრეთ იტალიის სხვა ადგილებში უკვე გაისმის მოწოდებები სუპერმარკეტების გასაძარცვავად, გახშირდა ქუჩაში მოქალაქეთა ყაჩაღური თავდასხმებისა და ძარცვის ფაქტები, მოქალაქეებს უკვე შეძენილი სურსათის ჩანთებს ართმევენ. იშვიათია დღე, როცა აფთიაქებში შეჭრა და ძალადობა არ ხდება, - წერს ABC. დაფიქსირდა კონტრაბანდული სამედიცინო პირბადეებით უკანონო ვაჭრობის შემთხვევები.

პალერმოში ორგანიზებულმა 20-კაციანმა ჯგუფმა შეძახილებით - "ჩვენ ფული აღარ გვაქვს, მაგრამ ჭამა გვინდა!" მსხვილი სუპერმაკეტიდან სურსათით დატვირთულმა სცადა, მაგრამ მაღაზიის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. ამჟმად პოლიცია ქალაქის ყველა მაღაზიას დარაჯობს.

გაზეთი პალერმოს მერის განცხადების ციტირებას ახდენს: "ბევრი იტალიელი ღირსეულად იტანს კრიზისის შედეგად შექმნილ გაჭირვებას, მაგრამ მათ გვერდით არიან მტაცებლები და ისინი, რომელთა პროფესია ყველაფრის გაპროტესტებაა. ისინი არ მალავენ, რომ მაფიოზურ კლანებს მიეკუთვნებიან. ყველას მოვალეობაა მათ შესახებ პოლიციას შეატყობინოს".

იტალიის მთავრობის სამხრეთის ტერიტორიების საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ჯუზეპე პროვენცანო აცხადებს, რომ სამხრეთის რეგიონისადმი ხელისუფლებამ მეტი ყურადღება და სიფხიზლე უნდა გამოიჩინოს, თორემ რეგიონი შეიძლება აფეთქდეს. ჩვენ სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ".

იტალიური გაზეთი იმოწმებს აგრეთვე სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოწოდებებს, რომელთა თანახმად, სამ აპრილს, როცა მკაცრი ზომები დასრულდება, მრავალრიცხოვანი გამოსვლები უნდა დაიწყოს (თუმცა, როგორც ჩანს, კარანტინის ვადა გაგრძელდება).

გარდა ამისა, შეინიშნება შემაშფოთებელი ტენდენცია: მაფიოზური კლანები თავიანთი წევრების საპყრობილეებიდან ვადამდელ გათავისუფლებას მოითხოვენ. სხვათა შორის, ამის სიმპტომები უკვე არის: "ბოლო დროს კალაბრიული "ნდრანგეტას" დაკავებულ წევრებს რატომღაც საპყრობილეს რეჟიმი შინაპატიმრობით შეუცვალეს. ეს ძალიან შემაშფოთებელია", - ამბობს კალაბრიის პროვინციის პროკურატურის წამყვანი გამომძიებელი ნიკოლას გატერი.
-----------------
მოკლედ, რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ კოსონავირუსის პანდემიამ ორგანიზებული დანაშაულობრივი დაჯგუფებებისათვის უკანონო საქმიანობის ახალი არენა შექმნა. მათ უკვე გაიარეს საწყისი დაბნეულობის ფაზა და კარგად ეგუებიან სიტუაციას: საზღვრების დახურვისა და მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში საკმაოდ სწრაფად მოახდინეს ადაპტაცია და მდგომარეობას თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. საყოველთაო კრიზისისა და სამართალდამცველების ფუნქციების ცვლილების პირობებში ამგვარი მდგომარეობის გაგრძელებას საზოგადოებისათვის დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ევროპის, ამერიკის და აფრიკის სახელმწიფოთა მთავრობებმა უნდა შეძლონ და გამოძებნონ ძალები და რესურსები ახალ პირობებში მაფიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.

სიმონ კილაძე
(სპეცილაურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები