რატომ იხოცებიან ფრინველები - კვირის პალიტრა

რატომ იხოცებიან ფრინველები

რა კავშირია ფრინველების დახოცვასა და ამერიკელ კონგრესმენზე თავდასხმას შორის

ამ მოვლენის ახსნა ჯერჯერობით არც ერთ ექსპერტსა და სპეციალისტს არ შემოუთავაზებია, თუ არ ჩავთვლით უკანასკნელ შემთხვევას რუმინეთში, სადაც სანეპიდსამსახურისა და ვეტერინარების დასკვნით, "კონსტანცასთან შოშიებმა ყურძნის დაწურვის შემდეგ პრესებში ჩარჩენილ ჭაჭას მიაგნეს და ალკოჰოლით მოიწამლნენ, რაც მათი დაღუპვის მიზეზი გახდა".

ჯერ იყო და არკანზასის შტატის პატარა ქალაქ ბიბისთან ახალი წლის ღამეს ციდან 3000 მკვდარი შაშვი ჩამოვარდა და ეს საახალწლო ფეიერვერკს დააბრალეს. ამავე შტატში, ლიტლ-როკის ჩრდილოეთით კი 1 მილის რადიუსში 5000 შაშვი და შოშია დაიხოცა. ორნიტოლოგი კარენ როუი დარწმუნებულია, რომ ეს არა დაავადების, არამედ ელვის ან სეტყვის ბრალი უნდა ყოფილიყო. გამოითქვა ვარაუდიც, რომ ეს ტყვიითა და მძიმე ლითონებით მოწამვლამ გამოიწვია, მაგრამ სასწრაფოდ გამოძახებულმა საველე ლაბორატორიებმა ეს არ დაადასტურეს.

შვედეთის ქალაქ ფალჩეპინგში დახოცილი ფრინველების გამოკვლევისას ვეტერინარებმა მხოლოდ ის დაადგინეს, რომ ფრინველებზე გარე ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ რას, ვერავინ ახსნა. ასევე აუხსნელი დარჩა შვედეთის ქალაქ ნაჟატის ცენტრში ნაპოვნი ჭკების დახოცვის მიზეზიც - შვედეთის ვეტერინარულ ინსტიტუტში განაცხადეს, რომ დაზიანებები "ბლაგვ საგანთან" შეჯახებით არის გამოწვეული, მაგრამ თავდაპირველი ვერსია ჭკების საბარგო ავტომობილთან შეჯახების შესახებ, გამოირიცხა.

ასევე ვერაფრით ახსნეს კანადაში, ქალაქ სენტ-ოგიუსტენ დე დემორის შემოგარენში რატომ დაიხოცა 80 ფრინველი. იგივე მოხდა ლუიზიანის შტატის რეგიონ პოინტ კუპი პერიშში, აქ 500-ზე მეტი ფრინველი მკვდარი იპოვეს.

ასობით მკვდარი შოშია ჩამოვარდა ციდან თურქეთშიც, ბურსის მახლობლად მდებარე ყარაჯაბაში. ხელისუფლება ინციდენტს იკვლევს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. იტალიაში, ქალაქ ფაენცას მახლობლად კი 1000-ზე მეტი მკვდარი გვრიტისა და სხვა მტრედისნაირთა "წვიმამ" სახლებისა და ავტომობილების სახურავები დაფარა(!).

მთავარი ის არის, რომ ყველგან, სადაც კი ფრინველები მასობრივად დაიხოცნენ, ხელისუფლება, მეცნიერები  და ექსპერტები ამის ახსნას სხვადასხვაგვარად ცდილობენ, მაგრამ ერთი ისეთი ვერსიაც არ არსებობს, რომელიც თუნდაც ორ ფაქტს ახსნიდა ერთდროულად. ამიტომ ინტერნეტში გავრცელდა ფანტასტიკური ვერსიები, თითქოს ფრინველების დახოცვის მიზეზი ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან შეჯახებაა, რადგან მათ ფრინველები ვერ ამჩნევენ; ან ფრინველები ახალი ქიმიური იარაღის, ან საიდუმლო ამერიკული ელექტრომაგნიტური იარაღის გამოცდას ემსხვერპლნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ფრინველების მასობრივ დახოცვას საბედისწეროდ დაემთხვა თავდასხმა აშშ-ის კონგრესმენ ქალზე, გაბრიელ გიფორდსზე, რომელსაც ქალაქ ტუსონში 7 იანვარს ამომრჩევლებთან შეხვედრაზე თავში ესროლეს. გიფორდსი კონგრესში კოსმოსურ იარაღთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებდა, მისი მეუღკე ასტრონავტი სკოტ კელია.

"ეს მოვლენები არ უნდა იყოს შემთხვევითი", - ვარაუდობს რუსეთის ციოლკოვსკის სახელობის კოსმონავტიკის აკადემიის აკადემიკოსი ვიქტორ ნოვიჩკოვი, - შესაძლოა, ახალი სახის იარაღის მასობრივი გამოცდის შემდეგ ქალბატონი გიფორდსის მოშორება სურდათ".

ერთ-ერთი ჰიპოთეზით, ფრინველების მასობრივად დახოცვა გამოწვეულია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პატრონაჟით მიმდინარე დედამიწის იონოსფეროს შესწავლისა და ანტისარაკეტო სისტემების შემუშავების პროგრამის (High Frequency Active Auroral Research Program - HAARP) აპარატებიდან გავრცელებული იმპულსით. მძლავრ იმპულსს შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს რაკეტებისა და თვითმფრინავების ნავიგაციური სისტემა. ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი ეკოლოგი ყინულოვან წვიმასა და წყალდიდობებს სწორედ HAARP-ს უკავშირებს.

ცნობილი ამერიკელი ეკოლოგის გრეგ ბატჩერის აზრით კი,“მოხდა უცნაური და სახიფათო გლობალური ცვლილებები. მეცნიერი ყველაფრის გულდასმით გამორკვევასა და ნამდვილი მიზეზების დადგენას სასწრაფოდ ითხოვს.

პანიკაც თანდათან იმატებს: "მეუბნებიან, არ ინერვიულოო. როგორ არ ვინერვიულო, როცა ჩემი სახლის გარშემო ნიღბებიანი სპეციალისტები დაბორიალებენ, არაფერს მეუბნებიან და ციდან ქვასავით ჩამოცვენილ ჩიტებს აგროვებენ. იქნებ ნიღბები უკვე ჩვენც გვჭირდება", - ამბობს აშშ-ის ერთ-ერთი მცხოვრები. შეშინებულმა ხალხმა ტენესის შტატის პოლიცია ისე შეაწუხა, თუ დახოცილი ჩიტების რაოდენობა 50-ს არ აღწევს, პოლიცია შემთხვევის ადგილზე აღარ მიდის.

სპეციალისტები თანდათან მივიდნენ საერთო აზრამდე, რომ ეს მართლაც გლობალური ცვლილებების შედეგი უნდა იყოს - კლიმატურის ან მაგნიტურის. უამრავი თვითმხილველის მონაყოლზე დაყრდნობით, სპეციალისტები უფრო ემხრობიან მაგნიტური ანომალიის ვერსიას, რამაც ჩიტების "შინაგანი კომპასის მუშაობა დაარღვია".

ფრინველების სასაფლაო

KvirisPalitra.Geჯატინგას ველი ინდოეთის შტატ ასამის მთებში მდებარეობს. ველს გარს ციცაბო, ტყიანი ფერდობები აკრავს. სოფელი ჯატინგა, სადაც 2500 კაცი ცხოვრობს, ყოველ აგვისტოს 2-3 დღის განმავლობაში ფრინველების სასაფლაოდ იქცევა ხოლმე...

გადმოცემით, აქ ადრე ზემი ნაგას ტომი ცხოვრობდა. ისინი მოსავლის გარეული ღორებისგან დასაცავად კოცონებს ანთებდნენ. დაახლოებით 100 წლის წინ, ერთ ღამეს, კოცონებს ციდან ათასობით მკვდარი ფრინველის "წვიმა" დაატყდა. ზემი ნაგას ტომელები შეშინდნენ, იფიქრეს, კეთილი ღმერთები ზეციდან ავ სულებს ფრინველებად ყრიანო და იქაურობა მიატოვეს. 1905 წელს ამ ადგილას ჯაინტიას ტომი დამკვირდა და როცა ერთ ღამეს საქონლის მოგროვებისას ჩირაღდნების შუქზე კვლავ დაატყდათ თავს მკვდარი ფრინველების წვიმა, ეს "ღმერთების მიერ გამოგზავნილ საკვებად" მიიჩნიეს.

ფრინველთა მასობრივი ვარდნის დღეებში სოფელში მეზობელი სოფლელები და ცნობისმოყვარე ტურისტებიც იკრიბებიან. ინდიელი ზოოლოგის სენგუპტას აღწერით, "ფრინველები კოცონების თავზე ტრიალებენ, განათებულ სახლებშიც კი შედიან და ისე ნელა, მთვრალებივით დაფრინავენ, მათი ხელით დაჭერა ან ჯოხით ჩამოგდება ადვილია. იმ დროს საკენკსაც არ ეკარებიან, მაგრამ საოცარი ის არის, რომ დილით  ყველა საღ-სალამათია".

ჯატინგელების აზრით, ღმერთების ეს წყალობა მათი პატიოსნების დამსახურებაა. ამ სოფელში მართლაც საოცრად კანონმორჩილი ხალხი ცხოვრობს. სოფლელები "ღმერთების წყალობის" დღესასწაულს დეკემბრის ბოლოს მართავენ.

მსოფლიოს ორნიტოლოგთა მცდელობის მიუხედავად, ჯატინგას საიდუმლოება გამოცანად რჩება.  მკვლევართა აზრით, აგვისტოში აქ აქტიურდება მაგნიტური ანომალიის ზონა. ამ დროს აგრესიულდებიან სპილოებიც, არცთუ იშვიათია კონფლიქტები ტომებს შორის, პროვინციაში კი წყალდიდობები, ეპიდემიები და... ტერორისტული აქტები ხშირდება!

ჯატინგას ველის საიდუმლო ჯერაც ამოუხსნელია.

რამაზ გურგენიძე