"ცხა­დად ვხე­დავთ, რომ აშშ-მა მსოფ­ლიო ლი­დე­რო­ბის ყვე­ლა­ნა­ირ როლ­ზე თქვა უარი" - რას ამბობს მეთიუ ბრაიზა? - კვირის პალიტრა

"ცხა­დად ვხე­დავთ, რომ აშშ-მა მსოფ­ლიო ლი­დე­რო­ბის ყვე­ლა­ნა­ირ როლ­ზე თქვა უარი" - რას ამბობს მეთიუ ბრაიზა?

მსოფლიო წესრიგი, რომელიც ადამიანის ცხოვრების და საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს მოიცავს, დღესდღეობით მთლიანად კორონავირუსს ექვემდებარება. უზარმაზარმა ცვლილებებმა შესაძლოა, პანდემიის დამარცხების შემდეგაც დატოვოს კვალი.

პოლიტიკაზე სახელმწიფოებრივი ორგანიზაციების ინტეგრაცია; ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფო, თავისუფალი მიმოსვლა და საერთოდ, გლობალიზაცია - დგება თუ არა ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ?

ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ის თუ, რა კვალს დატოვებს კრიზისი საერთაშორისო ურთიერთობებზე, მის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

- მსოფლიოში არავის, ვინც 102 წელზე ნაკლები ასაკისაა, არ გამოუცდია არაფერი მსგავსი, და არც არავინ იცის, როდის დამთავრდება ეს. დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკური რეცესიაა სახეზე, შეიძლება, უარესიც. ცხადად ვხედავთ, რომ აშშ-მა მსოფლიო ლიდერობის ყველანაირ როლზე თქვა უარი, ერთის მხრივ - დონალდ ტრამპს ეს არ უნდა და მეორეს მხრივ - მისი და ფედერალური მთავრობის მიერ, კრიზისზე პასუხის აშკარა არაკომპეტენტურობის გამო.

ჩინეთი ბევრად უკეთ გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებული პასუხი ჰქონდათ, ახლა ძლიერ პოზიციაზე არიან, მათივე ეკონომიკით, თან, იმ ყველანაირ აღჭურვილობას აწარმოებენ, რაც ყველა დანარჩენს გვჭირდება

რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რა არის ტრანსატლანტიკური ალიანსი, თუ ევროკავშირი ერთსულოვნებას კარგავს, თუ აშშ არ არის ლიდერი? სულ უფრო მეტი იტალიელი პოლიტიკოსი კითხულობს - რაში გვჭირდება ევროკავშირი, როცა ის არ გვეხმარება, რატომ უნდა ვიყოთ იქ?! არადა ისინი პროევროპელი იტალიელები არიან...

თუ ევროკავშირი რამეს არ მოიფიქრებს საყოველთაო სოლიდარობის საჩვენებლად, მით უფრო, იტალიელებისა და ესპანელებისთვის, მის სამომავლო არსებობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება.

მსოფლიო მთლიანად იცვლება! რთულია ივარაუდო, რა იქნება შემდეგ. რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება, უფრო ღრმა ფესვები ექნება, ჩინეთი ბევრად ძლიერი იქნება, ყველა დანარჩენი კი გადარჩენისთვის იბრძვის. ეს ჯუნგლების კანონს ჰგავს, ვგულისხმობ, რომ ევროკავშირის და NATO-ს იდეა მთლიანად კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, ურთიერთთანამშრომლობაზე, საერთო ინტერესებზე, კანონებზე დაფუძნებულ ეკონომიკაზეა აგებული.

ახლა კი რა ხდება ჩინეთის მიწაზე? ერთი ქვეყანა შეთანხმებას აღწევს სამედიცინო აღჭურვილობის დიდ რაოდენობაზე, ვიღაც სხვა ჩნდება, პირდაპირი მნიშვნელობით, "ქეშით" სავსე ჩემოდნით, უხდის ჩინელ მომწოდებელს უფრო მეტს, და იღებს იმას, რაც უახლოესი რეისით სხვა ქვეყანაში უნდა გაეგზავნათ. ყოველდღიურად ასე ხდება და ეს ჯუნგლების კანონია, რადგან ადამიანები პანიკაში არიან.

როცა ხალხი ნაკლებს ფიქრობს თანამშრომლობასა და კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, ფოკუსირებას აკეთებს მხოლოდ საკუთარი თავისა და ქვეყნის დასაცავად, ნაციონალიზმი ძლიერდება, მემარჯვენეობა, ქსენოფობია... არ ვამბობ, რომ ასე მოხდება, მაგრამ ისტორია ერთ საუკუნეზე ნაკლები ხნის წინ ასე განვითარდა: პანდემია, დიდი დეპრესია (პირდაპირ არ უკავშირდებოდა პანდემიას, მაგრამ მაინც), მემარჯვენე ნაციონალიზმის აღორძინება, პროტექციონიზმი, ფაშიზმი, მსოფლიო ომი...

იმედია, ისტორიიდან ვისწავლეთ, ასევე, ვისწავლეთ ოპტიმიზმი და ის, თუ როგორ ვემზადოთ COVID-19-ის მეორე ტალღისთვის, რომელიც ალბათ, შემოდგომაზე დაბრუნდება, და იქნებ, მესამე ტალღისთვისაც უნდა ვემზადოთ...

თუ ვისაუბრებთ საქართველოზე ან სამხრეთ კავკასიაზე, უმაღლესი რანგის ლიდერებისგან ყურადღება აღარ იქნება. ვგულისხმობ იმას, რომ ასე თუ ისე, ახლა მსოფლიოში გეოპოლიტიკა გრძელდება, არა? აშშ-ს შეიარაღებული ძალები ლაპარაკობს იმაზე, რომ სამხედრო ოპერაციას განაახლებს ერაყში, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, შეიძლება, ირანშიც; ომი კვლავ გრძელდება სირიაში, ლიბიაშიც. ზედაპირის მიღმა, ყველაფერი ეს ხდება, მაგრამ მსოფლიოს "ტოპ" ლიდერები არანაირ ყურადღებას არ აქცევენ.

ასე რომ, ჩვენი თანამშრომლობის დღეები, როდესაც ერთად ვმუშაობდით გეოპოლიტიკურ გეგმაზე, როცა აშშ-ს პრეზიდენტი პირადად ღელავდა საქართველოს თავისუფლებაზე - დამთავრებულია. თუმცა, ეს უკვე დამთავრებული იყო დონალდ ტრამპის დროს და მე ვიტყოდი, ბარაკ ობამას დროსაც კი", - ამბობს მეთიუ ბრაიზა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

წაიკითხეთ ვრცლად: როგორ შეცვლის COVID-19 ადამიანებს, მსოფლიო წესრიგსა და საქართველოს - 4 მიმართულება, სადაც ყველაზე დიდი რყევები გველის