რუსულ ტანდემს ბორბლები სძვრება - კვირის პალიტრა

რუსულ ტანდემს ბორბლები სძვრება

2011 წლის პროგნოზი: ამ წელს რუსული ტანდემის დაშლა დაიწყება.

თუკი მსგავსი რამ მოხდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სურთ პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს და პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს. მათ ერთმანეთი ისევ სჭირდებათ. მედვედევი უფრო ახალგაზრდა და სუსტია და პუტინი მას ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ხოლო პუტინს მედვედევი უცხოეთში რუსეთის რესპექტაბელური იმიჯის შექმნისა (როგორც ჩანს, უპირველესად ვაშინგტონში) და რუსულ ინტელიგენციაში იმედის შენარჩუნებისთვის სჭირდება.

მედვედევი და პუტინი, საკუთარი სურვილის მიუხედავად, ალბათ ორ პოლუსად გადაიქცევიან, რომელთა გარშემოც გაერთიანდებიან რუსეთის მოქალაქეები. დაპირისპირება ამგვარი იქნება - რეფორმების მომხრეები კონსოლიდაციის მომხრეთა წინააღმდეგ.

პაქტს, რომელიც პუტინმა ათი წლის წინ ამომრჩევლებთან გააფორმა, ძალა გასდის. რუსეთის რიგითი მოქალაქეები არაერთ საკითხზე გამოთქვამენ უკმაყოფილებას - დაწყებული მილიციის კორუფციით და გზებით დამთავრებული. მარტო ბოლო თვეში ორი კრიზისი წარმოიქმნა ანტიკავკასიური არეულობებისა და აეროპორტების მუშაობაში შეფერხებების გამო. ეკონომიკა მყარად ვერ ვითარდება და კვლავ დამოკიდებულია ნავთობითა და გაზით ვაჭრობაზე, რაზეც თავად მედვედევიც ხშირად საუბრობს.

პუტინთან შედარებით უფრო გულწრფელი მედვედევი 2011 წელს ყველა ამ პრობლემასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უკმაყოფილების ერთგვარი მეხამრიდი გახდება და ბევრი მას (საკუთარი  სურვილის მიუხედავად) მხარს დაუჭერს, როგორც დღევანდელი სტატუს კვოს ოპოზიციონერ ლიდერს.

ეს ყველაფერი პუტინზე მაშინ იქონიებს გავლენას, როდესაც ის მარტო მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა უნდა უყოს თავის ძველ მეგობარს და 2012 წლის არჩევნებს. მას ჯერ კიდევ საკმარისი ძალაუფლება აქვს იმისთვის, რომ ტანდემს ისე მოექცეს, როგორც საჭიროდ ჩათვლის, თუმცა ის აღარ იქნება უკონკურენტო ხელისუფალი, როგორც ამას შეეჩვია.

"ნატიონალ ინტერესტი", აშშ