ესპანეთი კორონავირუსის გამო დაწესებულ გარკვეულ შეზღუდვებს ხსნის - კვირის პალიტრა

ესპანეთი კორონავირუსის გამო დაწესებულ გარკვეულ შეზღუდვებს ხსნის

ესპანეთი, რომელიც კორონავირუსის პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა, დღეიდან გარკვეულ შეზღუდვებს ხსნის. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, სამსახურში გასვლას შეძლებენ მშენებლები, მწარმოებელ ქარხნებში დასაქმებულები და კიდევ რამდენიმე სერვისის თანამშრომლები.

"ჩვენ გამარჯვებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, შორს ვართ იმ მომენტისგან, როცა ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება. ყველას გვინდა ქუჩებში გასვლა, მაგრამ ჩვენი სურვილი, რომ ეს ომი მოვიგოთ, უფრო ძლიერია", - განაცხადა სანჩესმა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება კატალონიის რეგიონული მთავრობა. ადმინისტრაციის მეთაურის, ქიმ ტორას თქმით, არსებობს "დიდი რისკი ეპიდემიის ხელახალი აფეთქებისა".

ცნობისთვის, ესპანეთში აშშ-ის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყანაში ვირუსი მთლინობაში 169 496 ადამიანს დაუდგინდა. გარდაცვლილია 17 489 პაციენტი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში გარდაცვლილთა და ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღეების განმავლობაში კლების ტენდენციით ხასიათდება.

"ინტერპრესნიუსი"