"დარჩით სახლში აღდგომას, კიევ-პეჩორში მომხდარმა ცხადყო, რომ ვირუსმა ეროვნება და რელიგია არ იცის" - კვირის პალიტრა

"დარჩით სახლში აღდგომას, კიევ-პეჩორში მომხდარმა ცხადყო, რომ ვირუსმა ეროვნება და რელიგია არ იცის"

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი მოსახლეობას მოუწოდებს აღდგომის დღესასწაულებზე სახლში დარჩნენ. მისივე თქმით, ვირუსმა არც ეროვნება, არც სქესი და არც რელიგია არ იცის.

"კიევ-პეჩორის მონასტრის ტერიტორიაზე თითქმის 100 პირს კორონავირუსი დაუდგინდა. ჩვენ მათ ყველას გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ეს მდგომარეობა ცხადყოფს, რომ კორონავირუსი აინფიცირებს ყველას, მიუხედავად ეროვნებისა, სქესისა თუ რელიგიისა. ყველამ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს",-აღნიშნა ზელენსკიმ.

მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს აღდგომას წელს 19 აპრილს აღნიშნავს. რიგი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, უკრაინის, საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებმა მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულებზე ეკლესიებში მისვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს.

"ინტერპრესნიუსი"