თურქეთი თავის ამბიციებს ავითარებს - კვირის პალიტრა

თურქეთი თავის ამბიციებს ავითარებს

ამ კვირაში სტამბოლში, ირანის ბირთვულ პროგრამაზე საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ორგანიზებით, თურქეთს იმედი აქვს, რომ გავლენიან რეგიონულ შუამავლად თავის გარდაქმნის პროცესს დააჩქარებს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა კეტრინ ეშტონმა სტამბოლში მოლაპარაკებები გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აჰმედ დავითოღლუსთან, რომელიც მანამდე ირანის წარმომადგენელ საიდ ჩელილის შეხვდა.

ოფიციალურ დონეზე თურქეთი გაეროს ხუთი მუდმივი წევრის (ერთი მხრივ, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია და მეორე მხრივ - ირანი) წარმომადგენელთა მოლაპარაკებებში საკუთარ როლს აკნინებს. "ჩვენ მხოლოდ შუამავლები ვართ, ამ შეხვედრის ორგანიზატორები, - განაცხადა თურქეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, - მოლაპარაკებებში არ ვმონაწილეობთ".

ეშტონმაც განაცხადა, რომ თურქეთის როლი შეხვედრის ორგანიზებით შემოიფარგლება. "მოლაპარაკებებს ისევ ის გუნდი გამართავს, რომელიც ამას მანამდე აკეთებდა", - ხაზგასმით აღნიშნა მან.

თუმცა ირანის საკითხზე მოლაპარაკებების სტამბოლში გამართვის ინიციატივით სწორედ თურქეთი გამოვიდა. შარშან, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, თურქეთის მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ სერიოზული კამათი გამოიწვია. დასავლელი ოპონენტები თურქეთს ირანის დაცვაში ადანაშაულებენ. ეს ბრალდებები მას შემდეგ გაძლიერდა, რაც პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა Guardian-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ მიმართული დასავლური კრიტიკა მთლად სამართლიანი არ არის, რადგან ისინი, ვინც ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში ადანაშაულებენ, თავად ძალიან ძლიერ ბირთვულ არსენალებს ფლობენო.

თურქი დიპლომატები კატეგორიულად უარყოფენ იმ ვარაუდს, რომ მათი ქვეყანა  დასავლეთს ზურგს აქცევს.

ანკარას ბირთვული იარაღით აღჭურვილი ირანი არ სჭირდება, მაგრამ ის ყველანაირად ცდილობს, დასავლეთსა და ირანს შორის სამხედრო კონფრონტაციის აღმოფხვრას. თურქი დიპლომატის თქმით, თურქეთი იზიარებს ირანის პროგრამასთან დაკავშირებულ "გარკვეულ შეშფოთებას", თუმცა ეს შეშფოთება ყველა მხარის დაკმაყოფილებით უნდა დასრულდეს.

სტამბოლის შეხვედრის წინ დავითოღლუმ და თურქმა დიპლომატებმა განაცხადეს, რომ მათი ქვეყანა მზადაა, ხელი შეუწყოს ნაყოფიერი მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას.

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დავითოღლუს დანიშვნის შემდეგ, თურქეთმა უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება დაიწყო, რომელიც  ძლიერი ეკონომიკის შექმნით, საშინაო პრობლემების გადაწყვეტით და მეზობლებთან "ნულოვანი პრობლემების" პრინციპით ურთიერთობების მოგვარების საფუძველზე ქვეყანას რეგიონულ ცენტრად გარდაქმნის. სტამბოლის მოლაპარაკებებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობაც კი თურქეთის ამბიციურ გეგმებს ძლიერ იმპულსს მისცემს.

"ფიგარო", საფრანგეთი