კოსოვო: ევროპის "შავი ორმო" - კვირის პალიტრა

კოსოვო: ევროპის "შავი ორმო"

კოსოვო ბალკანეთის დასავლეთ ნაწილში ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. ამის მიზეზია ის, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, კოსოვოს სტატუსი არ გააჩნია, არც გაეროში ჰყავს წარმომადგენლობა. თუმცა ევროკავშირის წევრთა უმეტესობა აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას, ქვეყანა მაინც ვერ გრძნობს ბრიუსელის სათანადო მხარდაჭერას.

დასავლელი დიპლომატები ჩივიან, - მართალია, ვიზაა საჭირო, მაგრამ მიგრაციის გაკონტროლება მაინც ჭირსო. ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია და ხელიდან არავინ უშვებს კოსოვოს დატოვების შესაძლებლობას.

დამოუკიდებლობის გამოცხადების (2007 წ.) შემდეგ კოსოვოდან წასვლის სურვილის მქონეთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. სავიზო რეჟიმი კოსოვოსთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემად იქცა. ქვეყანა იმედოვნებს, რომ პრემიერ ჰაშიმ ტაჩის ხელშეწყობით საკითხი 15 თვეში მოგვარდება. ბრიუსელს აკვირვებს კოსოვოს გეგმები - ჯერ ევროკავშირს არც კი შეუმუშავებია ვიზის გასაუქმებლად ჩასატარებელ სამუშაოთა გეგმა.

კოსოვოს საზოგადოების თვალში, რომელსაც ვაშინგტონის მხრიდან მხარდაჭერა უფრო საიმედოდ მიაჩნია, თანდათან ეცემა ბრიუსელის პოპულარობა.

კოსოვოელ ანალიტიკოსთა აზრით, სავიზო რეჟიმი პირველ რიგში ხელს უწყობს ორგანიზებული დანაშაულის ზრდას. 5-10 ათას ევროდ ნებისმიერს შეუძლია სერბული ბიომეტრიული პასპორტის მიღება და ევროკავშირის ქვეყნებში უპრობლემოდ გადაადგილება. პარტია "თვითგამორკვევის" აქტივისტები, რომლებიც ახლახან ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე მესამე ადგილზე გავიდნენ, ამბობენ, რომ კოსოვო იქცა ევროპულ საცდელ ლაბორატორიად, სადაც თვითაღიარებული ექსპერტები უფრო საკუთარ თავზე ფიქრობენ, ვიდრე კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საქმეში წარმატების მიღწევაზე.

"ტრიბუნე დე ჟენევე", შვეიცარია