რა შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკურ ძვრებს აფრიკაში - კვირის პალიტრა

რა შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკურ ძვრებს აფრიკაში

რევოლუცია რესურსებით ღარიბ პატარა აფრიკულ ქვეყანაში - პრესისთვის უღიმღამო სათაურია; თუმცა გასულ კვირას ტუნისში განვითარებულ განსაკუთრებულ მოვლენებს ყველა ყურადღებით აკვირდებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ ამ მოვლენებმა ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდებაზე შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს, თავად ტუნისი კი განსაკუთრებულად არავის აღელვებს.

ტუნისი ძალიან მცირე მოცულობის ნავთობის ექსპორტს ახორციელებს და გაზის იმპორტიორია, რომელსაც მას მეზობელი ალჟირი აწვდის; თუმცა ამ ქვეყანას გეოგრაფიული მდებარეობის და სხვებისთვის მაგალითის თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ბოლო წლებში ევროპამ იმის გაცნობიერება დაიწყო, თუ რამდენად არაკომფორტულია მისთვის რუსულ გაზზე დამოკიდებულება.

2006, 2008 და ყველაზე სერიოზულად 2009 წელს, რუსეთი წყვეტდა უკრაინის ტერიტორიის გავლით ევროპაში გაზის მიწოდებას. მიზეზად საფასურის გადაუხდელობა და ფასებზე შეთანხმებების არარსებობა სახელდებოდა, თუმცა ევროპელ პოლიტიკოსებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ რუსეთი უკრაინის პროდასავლურ ხელისუფლებაზე საკუთარი ძალაუფლებისა და გავლენის გაძლიერებას ცდილობდა.

შექმნილმა ვითარებამ ევროპული სტრატეგიის, "ოთხი დერეფანი", მხარდამჭერთა პოზიციები განამტკიცა. ამ სტრატეგიის თანახმად, საიმპორტო გაზი ევროპას ნორვეგიიდან უნდა მიეწოდოს, რომელიც სანდო მიმწოდებელია, მაგრამ მოცულობის გაზრდისთვის შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, რუსეთიდან - რომელიც უმსხვილესი, თუმცა ნაკლებად სანდო წყაროა, ჩრდილოეთ აფრიკიდან - ძირითადად ალჟირიდან; ცენტრალური აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან - თურქეთის გავლით.

თურქული პროექტი, რომლის სიმბოლოც დაგეგმილი "ნაბუკოს" მილსადენი გახდა, ნელა მიიწევს წინ, რადგან მისთვის მიმწოდებლების პოვნა რთულია. მიმწოდებლებად შეიძლება იქცნენ აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ირანი და ერაყი, მაგრამ მიზეზთა გამო ძალიან გაჭირდება ამ ქვეყნებიდან მიწოდება, ამიტომ მზერა კვლავ ჩრდილოეთ აფრიკისკენაა მიმართული.

1983 წელს გახსნილი უმნიშვნელოვანესი მილსადენი თრანს Medi-ი (ტრანსხმელთა შუაზღვისპირული მილსადენი) ალჟირის უმსხვილესი გაზის საბადო Hassi R’Mel-დან ტუნისში მიდის და მისი უკიდურესი სამხრეთ ნაწილის გავლით სიცილიისა და იტალიისკენ მიემართება. ეს და კიდევ ერთი მილსადენი Maghreb-Europe-ი, რომელიც Hassi R’Mel-ს მაროკოს გავლით ესპანეთთან აკავშირებს, უკვე დიდი ხანია ევროპაში ჩრდილოაფრიკული გაზის ექსპორტის მთავარი მარშრუტებია.

ალჟირი ევროპის გაზზე მოთხოვნების 20%-ს უზრუნველყოფს. ის თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტსაც ეწევა და მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა. მისი მსუბუქი ნავთობი გოგირდის დაბალი შემცველობით ნავთობმომპოვებელ ქარხნებში ძალიან ფასობს.

ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ქვეყნებში ნავთობის წამყვანი ექსპორტიორი ლიბიაა.

საერთო უკმაყოფილება უმუშევრობით და ცხოვრების დაბალი დონით არეულობებს იწვევს არა მხოლოდ ტუნისში, არამედ ალჟირშიც და ეგვიპტეშიც. ზოგიერთ ქვეყანაში ტუნისური სცენარის შესაძლო განმეორებისა ეშინიათ. თუმცა უნდა გავიხსენოთ, რომ 1990-იან წლებში ალჟირის სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომის დროს, როდესაც დაახლოებით 160000 ადამიანი დაიღუპა, ნავთობის და გაზის ექსპორტი არ დაზარალებულა. საეჭვოა, საზოგადოებაში არეულობამ მიწოდებების და ენერგორესურსების ტრანზიტის შეწყვეტა გამოიწვიოს.

ევროპის თვალსაზრისით, დღეს გაზის მიმწოდებელ ქვეყნებში ნებისმიერ არეულობას ძალიან სუსტი ნეგატიური გავლენა ექნება.

უახლოეს მომავალში იმ მთავრობებმა, რომლებიც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ესწრაფვიან, საეჭვოა, ენერგეტიკის სფეროში ყურადღება მიაქციონ ახალ ინიციატივებს. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო გახსნილი პოლიტიკური სისტემები ან თუნდაც ეკონომიკური რეფორმები, დემოკრატიის გარეშე, ჩინურის მსგავსად, შეიძლება ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის უფრო საიმედო იყოს, ვიდრე კლანური კაპიტალიზმი ან მოძველებული ავტოკრატია.

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი