როდის დასრულდება რუსეთში ეკლესიის მშენებლობა, რომელზეც პუტინის, სტალინის, ლავროვის, შოიგუს მოზაიკური გამოსახულებები განთავსდება - კვირის პალიტრა

როდის დასრულდება რუსეთში ეკლესიის მშენებლობა, რომელზეც პუტინის, სტალინის, ლავროვის, შოიგუს მოზაიკური გამოსახულებები განთავსდება

გიგანტური ტაძრის მშენებლობა, რომელსაც რუსეთში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით აშენებენ, 9 მაისს დასრულდება. დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლის ტაძარში, რომელსაც ექვსი მოოქროვილი გუმბათი ედგმება, წარმოდგენილი იქნება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და იოსებ სტალინის მოზაიკური გამოსახულებები. მედიის ინფორმაციით, ტაძრის კედლებზე არა მხოლოდ სტალინის და პუტინის, არამედ თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს, საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის და უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის მოზაიკური გამოსახულებებიც განთავსდება.

"ფრანს 24"-ის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეიარაღებული ძალების ტაძარი არა მხოლოდ ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების, არამედ სხვა გამარჯვებების სიმბოლოც იქნება, მათ შორის "ყირიმის დაპყრობის". კიდევ ერთი წარწერა, რომლის გაკეთებაც ტაძარში იგეგმება არის - "ყირიმი ჩვენია".

ცნობისთვის, მოსკოვი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავის აღნიშვნას გრანდიოზულად გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო დაგეგმილი ღონისძიებები სექტემბრამდე გადაიდო.

"ინტერპრესნიუსი"