"კორონავირუსის გავრცელების პიკზე ვიმყოფებით, გამოიჩინეთ მოთმინება იზოლაციის მიმართ" - კვირის პალიტრა

"კორონავირუსის გავრცელების პიკზე ვიმყოფებით, გამოიჩინეთ მოთმინება იზოლაციის მიმართ"

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საზოგადოებას მოუწოდებს, გამოიჩინონ მოთმინება იზოლაციის წესების მიმართ, ვინაიდან ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების პიკზე იმყოფება და დაწესებული შეზღუდვების ნაადრევად შემსუბუქებამ, შესაძლოა, დაავადების გავრცელების მეორე ტალღა და მეტი ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს.

ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის ბიზნესსექტორის წარმომადგენლების, რომლებიც შეზღუდვების მოხსნას მოუთმენლად ელოდებიან, თუმცა ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური რისკის ქვეშ იმყოფება და გარკვეული დროით მოთმინების გამოჩენაა საჭირო.

„არსებობს რეალური ნიშნები, რომ პიკის გადალახვის პერიოდში ვართ. წარმოიდგინეთ, ეს ვირუსი რომ ფიზიკური თავდამსხმელი იყოს - მოულოდნელი და უხილავი ყაჩაღი, რაც საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ ერთობლივად მისი მიწაზე დანარცხება დავიწყეთ,“ - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

მისივე თქმით, იმ ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს წარმომადგენლების ოჯახები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლას შეეწირნენ, კომპენსაციის სახით 60 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.

ცნობისათვის, კორონავირუსით დიდ ბრიტანეთში 21 092 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ჯანდაცვის სფეროს 82 თანამშრომელი და 16 სოციალური მუშაკია.