"საიდუმლო სამედიცინო ინფორმაცია მოიპარეს კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, ბრიტანული ლაბორატორიიდან" - კვირის პალიტრა

"საიდუმლო სამედიცინო ინფორმაცია მოიპარეს კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, ბრიტანული ლაბორატორიიდან"

დიდ ბრიტანეთში, კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ლაბორატორიიდან ასობით ბრიტანელის მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოიპარეს, რომლებიც სამედიცინო ცდებში იღებდნენ მონაწილეობას - წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

გაზეთმა The Mail on Sunday-მ გასულ კვირაში გამოამჟღავნა, რომ ირანთან და რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერები „სრულიად მიუღებელი“ თავდასხმების უკან იდგნენ, რომლებიც ვირუსთან მებრძოლ ბრიტანულ ინსტიტუტებზე, მათ შორის უნივერსიტეტებსა და კვლევით ლაბორატორიებზე განხორციელდა. ამ ანგარიშის გამოქვეყნებიდან ორი დღის შემდეგ კი, უშიშროების სამსახურებმა ოფიციალური მითითებები გამოსცეს კვლევითი დაწესებულებებისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი მსგავსი თავდასხმებისგან.

დღეს კი, გამოცემამ კიბერბრძოლების მასშტაბების შესახებ ახალი დეტალები გამოამჟღავნა, რამაც, როგორც ის წერს, სადაზვერვო სამსახურები „გააოგნა“, დიდი ბრიტანეთში ხელისუფლებაში კი სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.

კონკრეტულად კი, დასავლეთ ლონდონში მდებარე კლინიკა, რომელიც ვაქცინაზე მუშაობს და სამედიცინო ცდებს ატარებს, მარტში თავდასხმის სამიზნე გახდა - ჰაკერებმა დიდი ოდენობით პირადი მონაცემები მოიპარეს. ჰამერსმიტის სამედიცინო კვლევითი ცენტრი აღიარებს, რომ 14 მარტს მოპარული იქნა პასპორტების ელექტრონული ასლები, დაზღვევის ბარათები, ვიზის დოკუმენტები, ასევე, პაციენტების ფოტოები, სამედიცინო კითხვარები და სამედიცინო ისტორიის დოკუმენტები.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჰაკერების ჯგუფმა „ლაბირინთი“ აიღო და სამედიცინო ჩანაწერების ნაწილიც გამოაქვეყნა. სტატიის თანახმად, დამატებითი გამოძიება მოწმობს, რომ პასუხისმგებელი ჰაკერები საქართველოში იმყოფებიან და დაკავშირებულნი არიან კრემლთან და რუსეთის უშიშროების სამსახურებთან. ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ ჰაკერებმა 2 მილიონი ფუნტი მოითხოვეს მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ, თუმცა კომპანიას ფასდაკლებაც კი შესთავაზეს, თუკი კორონავირუსის წამალს იპოვის.

"ინტერპრესნიუსი"