"მაშინ, როცა მეზობელ რუსეთში ვირუსი მძვინვარებს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია" - რას წერს Washington Post-ი? - კვირის პალიტრა

"მაშინ, როცა მეზობელ რუსეთში ვირუსი მძვინვარებს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია" - რას წერს Washington Post-ი?

მაშინ, როცა მეზობელ რუსეთში ვირუსი მძვინვარებს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია, - ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

სტატიაში სახელწოდებით : "როდესაც საქმე კორონავირუსის საპასუხო ქმედებას ეხება, ზესახელმწიფოებს, შესაძლოა უფრო მცირე ერების შესწავლა დასჭირდეთ“ - საუბარია იმაზე, რომ ზოგიერთმა პატარა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ახალი აღიარება მოიპოვა, რადგან მსოფლიო ახლა მათ მიერ კორონავირუსთან ბრძოლაში მიღწეულ წარმატებას აკვირდება.

"კორონავირუსის პანდემიამ საერთაშორისო იერარქია ამოატრიალა. მსოფლიოს სამ უძლიერეს სახელმწიფოში - აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთში პანდემია ყველაზე ფართოდაა გავრცელებული. ჩინეთი თავდაცვის პოზიციაშია, ვინაიდან მეტოქეები მას გამჭირვალობის დეფიციტში ადანაშაულებენ. თუმცა, ზოგიერთმა პატარა ქვეყანამ ახალი აღიარება მოიპოვა, რადგან მსოფლიო ახლა მათ მიერ მიღწეულ ადრეულ წარმატებებს აკვირდება,“ - აღნიშნულია სტატიაში.

"მაშინ, როცა მეზობელ რუსეთში ვირუსი მძვინვარებს, საქართველო სიმშვიდის კუნძულია. ქვეყანას, სადაც 3.75 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 700-ზე ნაკლები დადასტურებული შემთხვევა და მხოლოდ 12 გარდაცვლილი ჰყავს. რამაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან შექებაც დაიმსახურა,“- წერს Washington Post-ი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ხელისუფლების მიერ გატარებული დროულმა ზომებმა, მათ შორის აეროპორტებში ტემპერატურის სკრინინგის იანვრის ბოლოს დაწყებამ და საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვების დროულად დაწესებამ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეჩერებას შეუწყო ხელი.

"ინფექციის გავრცელების ტემპის შენელებისა და საქართველოს ტურიზმისთვის ხელახალი გახსნის სამომავლო გეგმების ფონზე, აშშ-ში ქვეყნის ელჩი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მისი ოფისი დაინტერესებული ამერიკელებისგან ბიზნეს და სამოგზაურო მოთხოვნებს იღებს,“- აღნიშნულია სტატიაში.

"ინტერპრესნიუსი"