ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის პარლამენტს ახალი კოალიციური მთავრობა წარუდგინა - კვირის პალიტრა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის პარლამენტს ახალი კოალიციური მთავრობა წარუდგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის პარლამენტს ახალი კოალიციური მთავრობა წარუდგინა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 18 თვის განმავლობაში დარჩება, ვიდრე ხელისუფლებას, მის ამჟამინდელ კოალიციურ პარტნიორს და ყოფილ ოპონენტს, ბენი განცს გადააბარებს.

ბენი განცი ნეთანიაჰუს მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს.

"ხალხს უნდოდა ერთიანობა და ეს არის ის, რაც მან მიიღო“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ პარლამენტში გამოსვლისას.

თავის მხრივ, განცმა საკანონმდებლო ორგანოში მიმართვისას აღნიშნა, რომ "ისრაელის ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური კრიზისი დამთავრდა".

მოსალოდნელია, რომ პარლამენტი ახალ ადმინისტრაციას მალევე დაამტკიცებს. ახალ მინისტრთა კაბინეტში 36 პოსტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ახალი მთავრობის ფორმირებას ისრაელში წინ უძღოდა პოლიტიკური კრიზისი. ისრაელში ბოლო საპარლამენტი არჩევნები 2 მარტს გაიმართა. ეს ქვეყანაში ერთ წელიწადში მესამე ვადამდელი არჩევნები იყო. საბოლოოდ, ნეთანიაჰუს პარტიამ „ლიკუდი” და ბენი განცის პარტიამ „ლურჯი და თეთრი“ სამთავრობო კოალიციის შექმნის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

"ინტერპრესნიუსი"