"მისი 4 წლის ძმა წითელამ იმსხვერპლა"- ფაქტები ჯანმო-ს ხელმძღვანელზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო მოვლენების ეპიცენტრშია - კვირის პალიტრა

"მისი 4 წლის ძმა წითელამ იმსხვერპლა"- ფაქტები ჯანმო-ს ხელმძღვანელზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო მოვლენების ეპიცენტრშია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელ ტედროს ადჰანომ გებრეისუსზე და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ბოლო თვეებია ყველაზე მეტს საუბრობენ. ორგანიზაციას ის 2017 წლიდან ხელმძღვანელობს და 5 წლის ვადითაა არჩეული, თუმცა, შესაძლოა, მისი დირექტორობის ვადა შემცირდეს, რადგანაც კორონავირუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების არათანმიმდევრულ, არაეფექტურ და დაგვიანებით მიღებაში აკისრებენ პასუხისმგებლობას.

ტედროს ადჰანომ გებრეისუსის გადადგომის მოთხოვნით ონლაინ პეტიციაც შეიქმნა, რომელსაც ხელი უკვე მილიონამდე ადამიანმა მოაწერა.

"მან ვერ შეძლო სათანადოდ შეეფასებინა ვირუსი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტედროს ადჰანომ გებრეისუსი თანამდებობის შესაფერისი არ არის. ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გადადგომას“, - წერია პეტიციაში.

ვინ არის ტედროს ადჰანომ გებრეისუსი?

ის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მესამე წელია უდგას სათავეში, არის ჯანმო-ს პირველი აფრიკელი ხელმძღვანელი.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2012-2016 წლებში ტედროსს ეთიოპიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, მანამდე, 2005-2012 წლებში ის ეთიოპიის ჯანდაცვის მინისტრად მუშაობდა. ეთიოპიაში ტედროსს ჯანდაცვის სისტემის ძირეულ ცვლილებას მიაწერენ.

ადჰანომ გებრეისუსი 1965 წელს, ერიტრეას ქალაქ ასმარაში დაიბადა, რომელიც ერიტრეას დედაქალაქი გახდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა 1991 წელს ეთიოპიისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ტედროსი ეთიოპიის ჩრდილოეთ ნაწილში გაიზარდა.

აქვს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, რომელიც ნოტინგემის უნივერსიტეტში მიიღო. ასევე აქვს ინფექციური დაავადებების იმუნოლოგის მაგისტრის ხარისხი. გებრეისუსი აღიარებულია, როგორც ჯანდაცვის მეცნიერი, მკვლევარი და დიპლომატი. ის 55 წლისაა.

კარიერული არჩევანის მთავარი მოტივატორი 4 წლის ძმის გარდაცვალების ამბავი გახდა

BBC წერს, რომ ტედროს ადჰანომ გებრეისუსის ცხოვრებაში კარიერის წარმართვის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი უმცროსი ძმის გარდაცვალება იყო, რომელიც 4 წლის ასაკში დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ მან გამოცემა Time-თან ინტერვიუში ისაუბრა. WHO-ს ხელმძღვანელის თქმით, არავინ იცოდა რის გამო გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი და მხოლოდ სტუდენტობის დროს, განათლების მიღების შემდეგ მიხვდა, რომ მისი სიკვდილის მიზეზი წითელა იყო. იხილეთ სრულად