"ადგილი, სადაც პანდემიისგან დაისვენებ" - რას წერს Washington Post საქართველოზე? - კვირის პალიტრა

"ადგილი, სადაც პანდემიისგან დაისვენებ" - რას წერს Washington Post საქართველოზე?

"შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან დასვენების ნავსაყუდელად წარმოგვიდგება” , - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა The Washington Post.

"გვერდზე გადავდოთ უძველესი ვენახები, სათხილამურო კურორტები და შავი ზღვის სანაპიროები. საქართველოს ახალი ტურისტული არეალი აქვს - ადგილი, სადაც პანდემიისგან დაისვენებ“, - წერს Washington Post.

სტატიის თანახმად, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში საქართველო წარმატების მაგალითია - 746 დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც 576 ადამიანი გამოჯანმრთელდა ხოლო 12 - დაიღუპა. ახლა კი მას სურს, რომ ეს წარმატება დასვენებისკენ მიმართოს.

"საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს, შორის, რომელიც ფრთხილად იწყებს ტურიზმის ინდუსტრიის ამუშავებას, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საფრთხეები დაკავშირებულია როგორც პოტენციურ ვიზიტორებთან, ისე დანიშნულების ადგილებთან“, - აღნიშნულია სტატიაში.

Washington Post წერს, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ელჩებს დაავალა მასპინძელ ქვეყნებში საქართველოს მთავარი მარკეტოლოგები იყვნენ.

"ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაუშვებს საქართველო მოგზაურობას შეერთებული შტატებიდან, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა და გარდაცვლილი ჰყავს. ზოგიერთი ქვეყნიდან ტურისტებს შესაძლოა, წინასწარ მოსთხოვონ კორონავირუსზე ტესტის პასუხი, ხოლო სხვებს შეიძლება არა - აცხადებს თურნავა“, - წერია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ გასულ ზაფხულს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დროებით საქართველოსთან ფრენები აკრძალა და რუს ტურისტებს სახლში დაბრუნება ურჩია, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა თბილისში პარლამენტის შენობაში შეჭრა სცადეს, რადგან რუსმა დეპუტატმა სპიკერის სავარძლიდან მიმართა აუდიტორიას.

"თუმცა საქართველოში მყარად იმატებს ტურისტების რიცხვი. 2001 წელს მხოლოდ 3 მილიონი ტურისტიდან გასულ წელს რიცხვი 9 მილიონამდე გაიზარდა. საქართველო ეცდება კორონავირუსის შემდგომ მოგზაურებს ღია ცის ქვეშ აქტივობებისკენ უბიძგოს, რაც ხელს უწყობს დისტანციის ზომების დაცვას. მაგალითად ეს იქნება ეროვნულ პარკებსა და მეღვინეობის რეგიონებში სტუმრობა. საქართველო, ასევე, რამდენიმე კურორტს "მწვანე ზონად“ აცხადებს იმ სტუმრებისთვის, რომლებსაც კონფიდენციალურობისა და სანიტარული ნორმების გარანტია სურთ“ , - ნათქვამია სტატიაში.

"ინტერპრესნიუსი"