რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი 1-ლ ივლისს ჩატარდება - რას აცხადებს ვლიდიმერ პუტინი? - კვირის პალიტრა

რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი 1-ლ ივლისს ჩატარდება - რას აცხადებს ვლიდიმერ პუტინი?

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რეფერენდუმი ქვეყანაში პირველ ივლისს ჩატარდება.

მან "როსპოტრებნადზორისა" და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებს დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ უსაფრთხოების უზრუნველყოფას. მან აღნიშნულ უწყებებთან თანამშრომლობა დაავალა რეგიონების ხელმძღვანელებსაც.

პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს ხმის მიცემის პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ საქმე ეხება კონსტიტუციას, რომელიც "დღეს ქვეყნის ცხოვრების საფუძველია და განსაზღვრავს ძირითად სამართლებრივ გარანტიებს".

"მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთის მოქალაქეები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემის გზით აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მთავარი კანონის პარამეტრების განსაზღვრაში", - განაცხადა პუტინმა.

მისი აზრით, პირველი ივლისი ხმის მიცემისთვის შესაფერისი თარიღია როგორც იურიდიული, ისევე სანიტარული ნორმებიდან გამომდინარე. ვლადიმერ პუტინი კონსტიტუციაში მთელი რიგი ცვლილებების შეტანის ინიციატივით მიმდინარე წლის იანვარში გამოვიდა. ცვლილებები უკვე დაამტკიცეს პარლამენტმა და უზენაესმა სასამართლომ, თუმცა მათ ძალაში შესვლამდე საერთო სახალხო კენჭისყრაა საჭირო. პრეზიდენტს რეფერენდუმის თარიღად 22 აპრილი ჰქონდა არჩეული, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაგეგმილი რეფერენდუმი დროებით გადადო. როგორც ცნობილია, ცვლილებები პუტინს ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის.

"ინტერპრესნიუსი"