"აშშ-მ დაკარგა მორალური უფლება, სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს" - რას ამბობს მარია ზახაროვა? - კვირის პალიტრა

"აშშ-მ დაკარგა მორალური უფლება, სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს" - რას ამბობს მარია ზახაროვა?

რუსეთს სურს ევროკავშირიდან, ნატო-დან, დიდი შვიდეულიდან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეადან აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კომენტარები მოისმინოს, - სააგენტო "ტასის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, მაშინ, როცა საერთაშორისო ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნის შესახებ ბრალდებებისა და კრიტიკის ქარიშხალს აფრქვევენ, მათ აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც უნდა გააკეთონ კომენტარი.

"მაშინ, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, როგორიცაა ევროკავშირი, ნატო, დიდი შვიდეული, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რიგი ქვეყნების მიმართ ბრალდებებისა და კრიტიკის ქარიშხალს ვხედავთ, არის ეს საჭირო თუ არა, ჩვენ გვსურს, მათი კომენტარის მოსმენა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც,“ - განაცხადა ზახაროვამ.

მისივე თქმით, აშშ-მ დაკარგა მორალური უფლება, სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულოს.

"დღეიდან მათ ამის მორალური უფლება აღარ აქვთ. ვფიქრობ, შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ მათ ცოტა ხნის წინ დატოვეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, მათ შესაძლოა, წინასწარ განჭვრიტეს ეს შედეგი, ”- დასძინა მარია ზახაროვამ.