ნაურუში დაკარგულები - კვირის პალიტრა

ნაურუში დაკარგულები

მოგზაურის დღიურიდან

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom Houses-ის გამოკითხვით ნაურუ სიტყვის თავისუფლებით ლიდერი ქვეყანაა

იგორ პრიმაკოვი თორმეტი წლის წინ გავიცანი. მერე იგორი ბოსტონში გადასახლდა, ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა, ჟურნალისტის დიპლომი აიღო, ოთხი წლის წინ ამერიკის მოქალაქეც გახდა და პრესტიჟულ გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსში" დაიწყო მუშაობა.

ამ ხნის განმავლობაში კავშირი არ გაგვიწყვეტია. შარშან ნიუ-იორკში ჩავედი და იგორიც ვინახულე. ნაურუში მგზავნიან მივლინებით, ხომ არ წამოხვიდოდიო, - მკითხა. ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი? ეს ის ქვეყანა იყო, რომელმაც ერთი წლის წინ, 16 დეკემბერს, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ნაურუში ჩვენი პირველი მასპინძელი საგარეო საქმეთა მინისტრი კირენ კეკე ახალგაზრდა, ათლეტური აღნაგობის სიმპათიური კაცია. ნაურუში მეტად პოპულარული ყოფილა ძალოსნობა. ვისაც კი შევხვდი, უმეტესობა დაკუნთული, ათლეტური აღნაგობისანი იყვნენ.

როცა კეკეს შევხვდით, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე ჩამოვაგდე სიტყვა, მინისტრმა თქვა: - როგორც შევიტყვეთ, ისტორიულად ორივე რესპუბლიკა დამოუკიდებელი ყოფილა და არასოდეს თვლიდნენ თავს საქართველოს შემადგენელ ნაწილად. ამ რესპუბლიკების ისტორია ძალიან ჰგავს ნაურუსას. ჩვენც დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით და ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს, როცა სხვადასხვა ქვეყანა მხარს გიჭერსო(?!).

სიმწრისაგან გამაჟრჟოლა, მაგრამ ეტიკეტი მოითხოვდა, ხმა არ ამომეღო. იგორს ინტერვიუ უნდა აეღო, მე მხოლოდ და მხოლოდ დამსწრე ვიყავი, წარდგენილი როგორც თარჯიმანი.

2009 წლის შემოდგომაზე ნაურუმ ავსტრალიაში მიიწვია რუსეთის ელჩი ბლოხინი, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს ნაურუს. ამ დახმარებას მოჰყვა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება.

ბოლო ათწლეულში ოკეანის ქვეყნებისთვის დამოუკიდებლობის აღიარება ბიზნესად იქცა. ნაურუ ამ საქმეში ლიდერია.

2002 წელს ნაურუმ უარი განაცხადა, ეღიარებინა ტაივანი და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა ჩინეთთან. მადლიერების ნიშნად ჩინეთმა 130 მილიონი გადაურიცხა ნაურუს. 2005 წელს ნაურუმ გაწყვიტა კავშირი ჩინეთთან, აღიარა ტაივანის დამოუკიდებლობა და ამჯერად მისგან დაიწყო დახმარებების მიღება... რას იზამ, უჭირს ქვეყანას.

ყოფილი კუნძული

ჩვენ სასტუმრო "მენენში" დავბინავდით,  რომელიც წყნარი ოკეანის სანაპიროს გადაჰყურებს. უზარმაზარი საცურაო აუზის ფსკერი ლურჯად ლივლივებს - ასე ჩანს შორიდან, მაგრამ საკმარისია მიუახლოვდეთ... აუზი დამპალი წყალმცენარეებით არის სავსე. ნომერში პლასტმასის ავეჯი დგას. ტუალეტში აუტანელი სიბინძურეა. ოთახებში ტარაკნები და ხოჭოები დაძვრებიან.

კუნძულ ნაურუზე (21კვკმ) 10000 კაცი ცხოვრობს. იქაურობა ქოხმახებით არის მოფენილი. "სახელმწიფოს" დედაქალაქი არა აქვს, ნაურუში ქალაქები არ არსებობს. კუნძული დაყოფილია 14 კუთხედ, ცენტრალურია - იარენი, სადაც ჩვენი სასტუმრო იყო. ქუჩები არ არსებობს, არის მხოლოდ ცენტრალური გზა, რომელიც მთელი კუნძულის სანაპიროს მიუყვება.

ათი წელია, რაც ნაურუელებმა ისწავლეს ოკეანიდან  დასალევი წყლის მიღება. ადრე ცისტერნებით ჩამოჰქონდათ ავსტრალიიდან. ელექტრონს უზარმაზარი დიზელის გენერატორით გამოიმუშავებენ.

მოსახლეობის 60% უმუშევარია. ნაურუელების მთავარი გართობა ეკლესიაში სიარული და საღამოობით ოკეანის პირას სეირნობაა.

საკუთარი ფულის ერთეული ნაურუს არა აქვს, ავსტრალიურ დოლარს იყენებს. ერთადერთი ბანკი ათი წლის წინ დაიკეტა და გადახდა მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით ხდება. სამაგიეროდ, ორ ენაზე ლაპარაკობენ - ადგილობრივ და ინგლისურ ენებზე.

ჩვენი მეგზური როდი ხენშოუ, მამით ჩინელი და დედით ავსტრალიელია. როდი ერთ დროს ავსტრალიის რადიოში ჟურნალისტად მუშაობდა. ახლა კი მედიის კონსულტანტი და ატაშეა ნაურუს მთავრობაში. როდი გვიამბობს, რომ ადრე აქ ევროპელი ჟურნალისტები ჩამოდიოდნენ და წერდნენ წერილებს, რომელთაც ხშირად ასეთი სათაური ჰქონდათ: "სადაც არ ყოფილხართ და, ალბათ, არც არასოდეს მოხვდებით" - ნაურუში იხილავთ გოლფის მოედანს ბალახის გარეშე(?!), უწყლო საცურაო აუზებს(?!)...

ჩემს კითხვაზე, არის თუ არა ნაურუში ტურიზმი განვითარებული, როდი უხერხულად შეიშმუშნა: - ათასში ერთხელ ტურისტებიც გამოჩნდებიან და იცით, რას ვეძახით? - დაკარგულებს, - ეცინება როდის.

სამაგიეროდ, ნაურუში გადასახადებს არ იხდიან. საცხოვრებელი ადგილი, განათლება და სამედიცინო მომსახურება უფასოა. ცოტაღა აკლიათ კომუნიზმამდე. ნაურუში დემოკრატიაც არის. პარლამენტს და მთავრობას ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ირჩევენ. პარლამენტში 18 წევრია, 9 პრეზიდენტის პარტიიდან არის, 9 - ოპოზიციიდან. კუნძულის მამებს ბევრი არ უფიქრიათ, ავსტრალიის კონსტიტუცია პირდაპირ გადმოწერეს და თავიანთ მოსახლეობას მიუსადაგეს. ცენზურა არ არსებობს. საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom Houses-ის გამოკითხვით ნაურუ სიტყვის თავისუფლებით  ლიდერი ქვეყანაა. ადრე ინფორმაციის გასავრცელებლად თურმე სახლის კედლებზე ფურცლებს აკრავდნენ. მხოლოდ შარშან დაიწყეს ყოველთვიური გაზეთის გამოცემა. როდი მთავარი რედაქტორი ყოფილა და ამით დიდად ამაყობს. იმედი აქვთ, რომ რადიომაუწყებლობაც ექნებათ და, რაღა თქმა უნდა, რადიოსაც როდი უხელმძღვანელებს.

ახალი სახელმწიფო

ერთ დროს ნაურუში სრული იდილია იყო. აბორიგენები იჭერდნენ თევზს, ქოქოსის მოსავალიც კარგი ჰქონდათ, ადგილობრივი ტომები დროდადრო ერთმანეთს ეომებოდნენ, მაგრამ ფიჯის კუნძUულის აბორიგენებისგან განსხვავებით დამარცხებულებს არ მიირთმევდნენ.

ნაურუს კუნძული მილიონი წლების წინ ამოიზიდა ოკეანიდან. გადამფრენი ფრინველები აქ ისვენებდნენ და მალე კუნძული უძვირფასესი ფოსფატის საბადო გახდა.

1968 წელს კუნძულზე 3 ათასი კაცი ცხოვრობდა. ტომის ბელადებმა იმდენი მოახერხეს, რომ ევროპელი და ავსტრალიელი მწარმოებლები განდევნეს და თავად შექმნეს ფოსფატის მწარმოებელთა კორპორაცია. კუნძულის მიწები მოსახლეობაზე გადანაწილდა და შესაბამისად, შემოსულ ფულსაც თვითონ ინაწილებდნენ.

1970 წელს ფოსფატის მოპოვებამ წელიწადში 2 მლნ ტონას მიაღწია, ტონა 70 დოლარი ღირდა. 30 წლის განმავლობაში ნაურუმ 30 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, ოჯახზე საშუალოდ 4 მილიონი მოდიოდა. ამ წელს მოიპოვა ნაურუმ დამოუკიდებლობა, გაერომ კი ერთ-ერთ მდიდარ ქვეყნად აღიარა. თუმცა, მილიონერ ნაურუელებს აზრადაც არ მოსდიოდათ, შვილებისთვის განათლება მიეცათ.

"ტაშფანდურა" ნაურუელები ადვილად ნაშოვნ ფულს მოგზაურობასა და ძვირფას მანქანებზე ხარჯავდნენ. თითოეულ ოჯახში 5-6 მანქანა იდგა. ეგ იყო, სად წაეყვანათ, არ იცოდნენ.

როდესაც მანქანა გაუფუჭდებოდათ, ახალს ყიდულობდნენ. მიუხედავად ასეთი სიმდიდრისა, დედამიწაზე ყველაზე მდიდარ ადამიანებს მიწურებში ეძინათ... და მერე ფოსფატი გამოილია.

ერთ დილით, გაიღვიძეს ნაურუელებმა და აღმოაჩინეს, რომ ერთადერთი ბანკი, სადაც დანაზოგს ინახავდნენ, გაკოტრდა, ქვეყანამ დეფოლტი განიცადა. ფოსფატი გათავდა... მთავრობამ გადაწყვიტა იმ რესურსების გამოყენება, რაც ავსტრალიის ეკონომიკაში ჰქონდა დაბანდებული, მაგრამ როცა მოიკითხეს, აღმოჩნდა, რომ ფული ისე არაპროფესიონალურად იყო დაბანდებული, იქით დაედოთ ვალები. როდესაც ვკითხეთ, რატომ არ ამოწმებდა მოსახლეობა თავის დანაზოგს-მეთქი, ჩვენ ხომ მთავრობა გვყავდა და მათ უნდა ეზრუნათ ყველაფერზეო, - გვიპასუხეს.

KvirisPalitra.Geნაურუ

კუნძული ნაურუ მარჯნის რიფია, რომელიც ოკეანიდან ამოიმართა. 21 კვადრატულ კილომეტრზე 10000 ადამიანი ცხოვრობს. 1798 წელს კუნძული ბრიტანელებმა აღმოაჩინეს და თავის საკუთრებად გამოაცხადეს. 1886 წელს გერმანელებმა დაიპყრეს. 1900 წელს გეოლოგმა  ელისმა ნაურუდან წამოღებული ქვა დაამუშავა და აღმოაჩინა, რომ ის დიდი რაოდენობით ფოსფატს შეიცავს. 1914 წელს ინგლისელებმა გერმანელები კუნძულიდან გაყარეს და ფოსფატის გადამმუშავებელი კონვეიერი ააგეს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კუნძული ავსტრალიამ მიიერთა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა მთლიანად დაცხრილეს და სამუშაოდ უვარგისი გახადეს კონვეიერი. 1942 წელს კუნძული იაპონელებმა აიღეს და 1200 მოსახლე ტყვედ წაასხეს. 1964 წელს გადასახლებულთაგან მხოლოდ 737 ადამიანი დაბრუნდა. კუნძულზე ოფიციალური ენა ინგლისური და ნაურულია.

აკაკი გეგენავა

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)