"ნიკოლ ფაშინიანის საბედისწერო შეცდომა" - რატომ აღმოჩნდა სომხეთი "ოროსანთა" სიაში "კოვიდ-19"-ის პანდემიასთან მებრძოლ ქვეყნებს შორის? - კვირის პალიტრა

"ნიკოლ ფაშინიანის საბედისწერო შეცდომა" - რატომ აღმოჩნდა სომხეთი "ოროსანთა" სიაში "კოვიდ-19"-ის პანდემიასთან მებრძოლ ქვეყნებს შორის?

რუსულ პოპულარულ გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეც"-ში ("Московский комсомолец") გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთში შექმნილ კატასტროფულ სიტუაციაზე დაიწყო ლაპარაკი" (ავტორი - მარინა პერევოზკინა), რომელშიც ერთმანეთს არის შედარებული სომხეთისა და საქართველოს სიტუაცია კორონავირუსთან დაკავშირებით.

გთავაზობთ ამონარიდს: "სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში კატასტროფული სიტუაციაა შექმნილი - 4 ივნისს, ანუ ერთ დღე-ღამეში 697 დაავადებულით და 15 გარდაცვლილით რეკორდი დამყარდა. მან ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობა არ იცავს ანტიეპიდემიოლოგიურ წესებს და თანამემამულეებს მოუწოდა, რომ "უფსკრულის პირას არიან და ნაბიჯი უკან უნდა გადადგან".

რატომ აღმოჩნდა სომხეთი "ოროსანთა" სიაში "კოვიდ-19"-ის პანდემიასთან მებრძოლ ქვეყნებს შორის? ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში აშკარად შეინიშნება იმის სურვილი, რომ პასუხისმგებლობა "შეუგნებელ" მოსახლეობას გადააბრალოს. დიახ, რა თქმა უნდა, სომხების კავკასიური მენტალიტეტი და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების განსაკუთრებული წესი კორონავირუსის გავრცელებას გარკვეულწილად ხელს უწყობს. მაგრამ შევხედოთ საქართველოს, რომელიც სომხეთის მეზობელია: ქართველებს იგივე მენტალიტეტი აქვთ და შეიძლება ითქვას, უფრო მაგარიც კი, სიტუაცია კი იქ სრულიად განსხვავებულია - 4 ივნისის მონაცემებით, წინა 24 საათში მხოლოდ ერთი ადამიანი დაავადდა, ხოლო გარდაცვლილი სულ 13 ადამიანია, თებერვლიდან მოყოლებული. ნამდვილად სასწაულია.

გავიხსენოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საკარანტინო ზომები დროულად მიიღო - საქმე ქალაქებისა და რეგიონების "მთლიან დახურვამდეც" კი მივიდა, შეწყდა საზოგადოებრივი ტრასპორტის, კომპანიების მუშაობა, რეჟიმის დაცვას მკაცრ კონტროლს უწევდა პოლიცია... სომხეთშიც თითქოსდა გარეგნულად "მკაცრი" თვითიზოლაცია იქნა შემოღებული, მაგრამ... თანაც 4 მაისისთვის შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა. ეს ნიკოლ ფაშინიანის საბედისწერო შეცდომა იყო. საქართველოში კი საგანგებო სიტუაცია 22 მაისამდე გაგრძელდა, ტრანსპორტმა კი მოძრაობა მხოლოდ მაისის თვის ბოლოს განაახლა.

ამბობენ, რომ კარანტინის ნაადრევი გაუქმება ქვეყნის მძიმე ეკონომიკურმა სიტუაციამ განაპირობაო. დიახ, სომხეთში მართლაც უმძიმესი მდგომარეობაა - მოსახლეობა ძირითადად დიასპორის მიერ საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულით ცხოვრობს. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ფულის ეს წყარო თანდათან "შრება"... გასაგებია, რომ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას, რომელიც ხელისუფლებაში ქუჩის აქციებით მოვიდა, არ სურს თვითონაც "ბუნტის" წინაშე აღმოჩნდეს და მკაცრი ზომების გამო "ხალხის მტარვალის" სახელი მოიხვეჭოს, ანუ ვითომდა "დემოკრატიული იმიჯი" შეინარჩუნა... მაგრამ ახლა მისი მდგომარეობა სარისკოა - ვაითუ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნეს", - ნათქვამია გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეცის" სტატიაში. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ქართული ტურიზმის აღორძინება სომხების გარეშე შეუძლებელია"

მოამზადა სიმონ კილაძემ