"მას რომ ასე 20 წლის წინათ ელაპარაკა, პრეზიდენტად არ აირჩევდნენ" - როგორ შეიცვალა პუტინის რიტორიკა? - კვირის პალიტრა

"მას რომ ასე 20 წლის წინათ ელაპარაკა, პრეზიდენტად არ აირჩევდნენ" - როგორ შეიცვალა პუტინის რიტორიკა?

ბრიტანული "ბი-ბი-სი"-ს რუსულმა სამსახურმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საჯარო გამოსვლების ანალიზი გააკეთა. ბოლო 20 წლის განმავლობაში მის რიტორიკაში სულ უფრო მცირდებოდა სიტყვები "დემოკრატია" და "თავისუფლება", მაგრამ მათში ყოველთვის არის "სტაბილურობის" ადგილი. "მთავარი ცვლილება - პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლები სულ უფრო ცივი და უსახო გახდა, ის მეტად აღარ ცდილობს აუდიტორიის მოპოვებას", - ასე თვლიან პოლიტოლოგები.

მეთოდოლოგია

ჩვენ ჩავტვირთეთ ახალი ამბები, პრეზიდენტის ნათქვამის სტენოგრამები და სხვა პუბლიკაციები საიტებიდან - "კkremlin.ru"-დან და "archive.premier.gov.ru"-დან (2008 წლიდან 2012 წლამდე ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო). შეძლებისდაგვარად ჩვენ კრებით ბაზაში დავტოვეთ მხოლოდ ვლადიმერ პუტინის რეპლიკები, მათგან გამოვრიცხეთ ჟურნალისტების კითხვები. შემდეგ ბაზა დავყავით ცალკეულ სიტყვებად და ყველა მათგანი საწყის ფორმაში მოვაქციეთ მორფოლოგიური ანალიზატორის მეშვეობით. ამის შემდეგ დავთვალეთ, რამდენად ხშირად ჟღერდებოდა თითოეული სიტყვა 100 ათასი სიტყვიდან. ამ მასალის სულისჩამდგმელი წყარო გახდა გერმანული გამოცემა "Die Zeit", რომლის ჟურნალისტებმა გაანალიზეს ბუნდესტაგში წარმოთქმული სიტყვები.

"ის არ ეძებს იმ ხერხს, თუ რითი დააკავოს მსმენელი"

ვლადიმერ პუტინის გამოსვლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს წინასწარ მომზადებული ფორმატები - მაგალითად, მიმართვები ფედერალურ საკრებულოს, გამოსვლები გამარჯვების აღლუმზე და სხვა ოფიციალურ, რეგულარულ ღონისძიებებზე.

"ამგვარი გამოსვლების ტექსტებზე მთელი გუნდი მუშაობს, მაგრამ ამ პროცესზე თვითონ ვლადიმერ პუტინიც მნიშვნელოვან გავლენას ახედენს და ხშირად განმეორებით უკვე თვითონ წერს თავის გამოსვლებს, - ამბობს "ეფექტური პოლიტიკის ფონდის" დირექტორი გლებ პავლოვსკი, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში კრემლის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი იყო: "ადრე ამას (ხელახლა დაწერას) მუდმივად აკეთებდა, თუმცა არცთუ ისე წარმატებულად, მაგრამ ზოგჯერ ძალიან მოხდენილად გამოსდიოდა ხოლმე".

"ვლადიმერ პუტინი ამ თვალსაზრისით ძალზე განსხვავდება დიმიტრი მედვედევისგან", - ამბობს სოციოლოგი კონსტანტინე ჰააზე, რომელსაც ურთიერთობა ორივე პრეზიდენტის "სპიჩრაიტერებთან" ჰქონდა. "მათი თქმით, ორ ლიდერს შორის დიდი განსხვავებაა - პუტინი ყველაფერს გადახაზავს ხოლმე, გადაკეთებას ახდენს, აბზაცებს ადგილებს უცვლის, სიტყვებს თვითონ ამატებს... მედვედევი კი, როგორსაც დაუწერ, ისეთს წაიკითხავს". ვლადიმერ პუტინი და დიმიტრი მედვედევი

გლებ პავლოვსკის თქმით, დროთა განმავლობაში სპიჩრაიტერები ვლადიმერ პუტინის სტილს მიეჩვივნენ და მას აჰყვნენ: "თუ იგი სპიჩრაიტერს ათჯერ უკან უბრუნებს ორიგინალურ ტექსტს, მაშინ სპიჩრაიტერი აცნობიერებს, რომ ასე წერა არ შეიძლება, თორემ სამსახურიდან გაუშვებენ. ისიც პუტინის სტილს აჰყვება".

გლებ პავლოვსკი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის რიტორიკა არსებითად შეიცვალა ცოცხალი საუბრისა და "რიტორიული ემპათიის" თვალსაზრისით: ადრე პრეზიდენტის გამოსვლები შესამჩნევად გამოირჩეოდა სამართლიანობით და "არაპარტიულობით", მისი სიტყვები აუდიტორიას იზიდავდა. თავდაპირველად იგი მონაპოვრის პათოსს ინარჩუნებდა. იგი არასოდეს ივიწყებდა იმას, რომ საჭირო იყო ადამიანების ყურადღების მიპყრობა და მათი "დატყვევება"... და რომ ადამიანი "დაატყვევოს", რას აკეთებს ამისთვის ლიდერი? იგი მის ყურადღებას ხელახლა იპყრობს".

"მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ იგი მიეჩვია თავის როლს და იმის ძიება შეწყვიტა, თუ რითი შეიძლებოდა მსმენელის მიზიდვა/დაკავება", - ამბობს გლებ პავლოვსკი, - მისი გამოსვლებიდან გაქრა ცოცხალი მაგალითები, და მან დაიწყო ისეთი საერთო ფასეულობებით და ცნებებით ოპერირება, რომლებსაც კონკრეტულ ადამიანთა ცხოვრებასთან ნაკლებად აქვთ შეხება. ამ თვალსაზრისით მისი გამოსვლები ნამდვილად დაემსგავსა საბჭოურ გამოსვლებს. მაგრამ არა იმიტომ, რომ მათგან არის ასლი აღებული, არამედ უფრო იმიტომ, რომ ისინიც უსაგნონი იყვნენ".

"ვლადიმერ პუტინი რუსეთის მოქალაქეებს პირისპირ იშვიათად ხვდება", - ამბობს პოლიტოლოგი ოლესია ზახაროვა, - მას უფრო მეტად დეპუტატებთან აქვს ახლო ურთიერთობა, ხალხზე კი იგი მესამე პირში ლაპარაკობს. როგორც წესი, იგი მოსახლეობას აკისრებს პასუხისმგებლობას რაღაცის გაკეთებაზე".

"ვლადიმერ პუტინს უკვე რაღაც ცივი, სტერილური, უგრძნობელი სტილი აქვს. მას რომ ასე 20 წლის წინათ ელაპარაკა, პრეზიდენტად არ აირჩევდნენ", - ასე თვლის "ეფექტური პოლიტიკის ფონდის" ხელმძღვანელი.

ძველი სიტყვები ახალი კონტექსტით

პრეზიდენტის გამოსვლების კვლევა ხარისხიანი კონტენტ-ანალიზის მეშვეობით გვეხმარება იმის გაგებაში, მაგალითად, თუ როგორ იყენებს ვლადიმერ პუტინი 20 წლის შემდეგ მითს - გამარტივებულ და ემოციურად შეფერილ ნარატივს - "საშინელი 90-იანი წლების" შესახებ, რომელიც მისივე დახმარებით შეიქმნა. უფრო მეტიც, ეს მითი რესტროსპექტულად ყალიბდებოდა. ამის შესახებ წერს ერთ-ერთ თავის გამოკვლევაში მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი ოლღა მალინოვა.

"იმ აზრის წინააღმდეგ, როგორც მიიჩნევენ ჟურნალისტები და ბევრი უცხოელი მკვლევარიც, ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდანვე აგებდა თავის პოლიტიკური კურსის ლეგიტიმაციას, რომელიც ბორის ელცინის კურსისადმი კონტრასტული იყო, - ამბობს ოლღა მალინოვა. - პრეზიდენტობის პირველ ვადაში იგი ელცინის პოლიტიკურ მემკვიდრედ ითვლებოდა და ამიტომ მას პიროვნულად არ აკრიტიკებდა. იგი მართლაც არ მოიხსენიებდა ელცინს სახელით, თუმცა მისი მმართველობის პერიოდს და იმ პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს ნეგატიურად მიიჩნევდა". ვლადიმერ პუტინი და ბორის ელცინი

როგორც ოლღა მალინოვა აღნიშნავს, ბორის ელცინთან და "90-იან წლებთან" კონტრასტს ვლადიმერ პუტინი დაპირისპირებითი მეთოდით აგებდა. ასე მაგალითად, მის გამოსვლებში "90-იანი წლები" ასოცირდება სიტყვებით "სახელმწიფოს დასუსტება", ნების სისუსტე", "უკანონობა", "თავაშვებულობა", "შერყეული სახელმწიფო მანქანა", მაშინ როცა თავისი პრეზიდენტობის პერიოდს ამ სიტყვებით მოიხსენიებს: "ვერტიკალის განმტკიცება", "ძლიერი და ეფექტური სახელმწიფო", "წესრიგის დამყარება", "კანონის დიქტატურა".

ვლადიმერ პუტინის ყველაზე პოპულარულ საპირისპირო სიტყვად, "საშინელი 1990-იანი წლების" შესაფასებლად, ტერმინი "სტაბილურობა" გახდა. ამასთან, 90-იან წლებში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგები აჩვენებს ამ პერიოდის პოზიტიური და ნეგატიური შეფასებების უფრო მეტ "გაფანტვას", ვიდრე დღეს თვლიან.

ვლადიმერ პუტინის გამოსვლებში სიტყვა "სტაბილურობა" გამოითქმებოდა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. საკმოდ მალე გახდა ნათელი, რომ "სტაბილურობას" აქვს ნეგატიური კონოტაცია "ერთ წერტილზე გაყინვა, ჩაკვდომა", - ამბობს ოლღა მალინოვა, - ამის შედეგად პუტინის სიტყვებში გაჩნდა ოქსიუმორონები - "სტაბილური განვითარება". "სტაბილურობა" ხომ ერთ ადგილზე დგომა არ არის, ის არ არის არც მოდუნება და არც ჩაკვდომა. "სტაბილურობა", ჩემი აზრით, სტაბილურ განვითარებას ნიშნავს", - თქვა ვლადიმერ პუტინმა 2011 წელს, პრემიერობის დროს.

გარკვეული დროის გავლის შემდეგ სპიჩრაიტერებმა შეწყვიტეს ვლადიმერ პუტუინის გამოსვლების ტექსტებში "90-იანი წლების დამოწმება, მაგრამ ზეპირად გამოსვლებში პრეზიდენტი მაინც სარგებლობს იდეით, რომ მისი მმართველობა უფრო სტაბილურია, ვიდრე წინა პერიოდისა. "როგორც ჩანს, მისი აზროვნების სისტემაში ეს უკვე ჩამოყალიბებეული პატერნაა - მას გულწრფელად სჯერა, რომ მისი მმართველობა იმ გამოწვევების პასუხია, რომლებთან გამკლავება 1990-იან წლებში ვერ მოხერხდა, მან კი თავი გაართვა", - განმარტავს ოლღა მალინოვა.

2020 წლის დასაწყისში რუსეთში გააქტიურდა დისკუსია კონსტიტუციის იმ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ნებას აძლევს ვლადიმერ პუტინს ხელისუფლებაში დარჩეს. ვადების განულება რომ რისტორიკულად დაესაბუთებინა, პრეზიდენტმა ძველი ხერხი გამოიყენა: ივანოვოსოლქის მოსახლეობასთან შეხვედრისას, 2020 წლის 6 მარტს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთში გათვალისწინებული უნდა იქნეს ხელისუფლების ცვალებადობა, მაგრამ ეს მხოლოდ სამომავლოდ, დღეს კი "უფრო მნიშვნელოვანი სტაბილურობაა".

რამდენიმე დღის შემდეგ ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო სათათბიროში მივიდა მას შემდეგ, რაც დეპუტატმა ვალენტინა ტერეშკოვამ წინადადება წამოაყენა კონსტიტუციის ცვლილების თაობაზე, რომლის თანახმად, პრეზიდენტს ნება ეძლევა კვლავ იქნეს არჩეული ქვეყნის მეთაურის პოსტზე. თავის გამოსვლაში ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს "ბევრი მოწყვლადი ადგილი აქვს" და ბევრი რამ "ცოცხალ სხეულზეა ნაკერი".

"წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც 20 წელი სტაბილურობაზე ლაპარაკობს, ისევ ამბობს, რომ სტაბილურობა არ გვყოფნისო", - ამბობს ოლღა მალინოვა.

რა მოუვიდა დემოკრატიას?

თუ სიტყვა "სტაბილურობა" პუტინის რიტორიკაში ძველებურად მოიხსენიება, სხვა ზოგიერთი სიტყვები თანდათან დავიწყებას მიეცა, ანდა მათი აზრი მნიშვნელოვნად შეიცვალა. მაგალითად, სიტყვები "დემოკრატია", "დემოკრატიული", "თავისუფლება".

პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ვლადიმერ პუტინი საკმაოდ ბევრს ლაპარაკობდა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების შესახებ და აღიარებდა, რომ ბორის ელცინმა "რუსეთს თავისუფლება მისცა", თუმცა იქვე აღნიშნავდა, რომ 1990-იან წლებში "ძალიან ფართო თავისუფლება იყოო".

შემდეგ გაჩნდა კონცეფცია "სუვერენული დემოკრატიის" შესახებ. მისი ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი ვლადისლავ სურკოვი ამტკიცებდა, რომ ეს კონცეფცია ნიშნავს ხელისუფლების არჩევას "მხოლოდ რუსი ერის მიერ", ანუ გარე გავლენის გარეშე.

"სუვერენული დემოკრატიით" იყო გამართლებული ისეთი კანონების მიღება, რომლებსაც საზოგადოების ლიბერალური ნაწილი აკრიტიკებდა, კერძოდ - სახელმწიფო სათათბიროში საარჩევნო ზღურბლის 7%-მდე აწევა, საარჩევნო ბიულეტენში გრაფის - "ყველას წინააღმდეგ" გაუქმება, ფედერაციის საბჭოს წევრების დანიშვნის წესი და სხვა. კონცეფციას აკრიტიკებდა ექს-პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვიც: "მსგავსი განსაზღვრება დემოკრატიის არსს ამახინჯებს", - ამბობდა იგი.

სიტყვა "დემოკრატია" ვლადიმერ პუტინის გამოსვლებში 2008 წლიდან სულ უფრო იშვიათად გაისმის. სოციოლოგი კონსტანტინ ჰააზე ამას იმ ფინანსური კრიზისით ხსნის, რომელთან დაკავშირებით კრემლმა რეგიონებს ფართო მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შედეგად გაძლიერდა რეგიონული სუბიექტების დამოკიდებულების დონე ცენტრთან მიმართებით.

პრემიერობის შემდეგ, როცა ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის სავარძელს დაუბრუნდა, სიტყვა "დემოკრატია" მის გამოსვლებში უკვე ნეგატიური აზრით იხმარება (დასავლეთთან მიმართებით) რაღაც ამის მსგავსად: "აი, სადამდე მიჰყავხართ თქვენს დემოკრატიას", - ამბობს ოლღა ზახაროვა.

"ხალხის ნებას", რომელსაც ვერანაირად ვერ დაინახავ, ხშირად იმოწმებს პუტინის გარემოცვა და მისი მომხრეები, მაგალითად, დეპუტატი ვალენტინა ტერეშკოვა ამბობდა, რომ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა პრეზიდენტობის ვადების განულების თაობაზე მას "რიგითმა ადამიანებმა" სთხოვეს. დაღესტანში კორონავირუსთან დაკავშირებით მძიმე სიტუაციის განხილვის დროს 18 მაისს ჩატარებულ თათბირზე რეგიონის პარლამენტის სპიკერმა ხიზრი შიხსაიდოვმა ვლადიმერ პუტინს სთხოვა, რომ სწრაფად ჩატარებულიყო კენჭისყრა კონსტიტუციის ცვლილებების თაობაზე - "იმიტომ, რომ ამას ხალხი ითხოვს, ხალხი თქვენ გელოდებათ".

"ახლა სიტყვა "დემოკრატია" ნიშნავს გარკვეულ პროცედურას, რომელმაც უნდა აჩვენოს მტკიცე და განუწყვეტელი კავშირი იმათ შორის, თუ რას ითხოვს ხალხი და რას სთავაზობს ხალხს ლიდერი, - ამბობს კონსტანტინ ჰააზე, - ახლა სიტყვა "დემოკრატია" რაღაც ისეთი "მოწყობილობაა", რომელიც ჩვენს მტრებს აჩვენებს: ის, რაც პრეზიდენტს სურს, ეს სწორედ ისაა, რისი მიღებაც ხალხს მისგან სურს". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ