"ფაშინიანმა პოსტი იმას უნდა დაუთმოს, ვინც საქართველოს მსგავსად კორონავირუსს შეებრძოლება" - რას წერს სომხური გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ფაშინიანმა პოსტი იმას უნდა დაუთმოს, ვინც საქართველოს მსგავსად კორონავირუსს შეებრძოლება" - რას წერს სომხური გამოცემა?

სომხეთის რუსულენოვან ყოველდღიურ გაზეთ "გოლოს არმენიაში" («Голос Армении») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "ნიკოლ ფაშინიანი უნდა გადადგეს და პოსტი იმას დაუთმოს, ვინც, მეზობელი საქართველოს მსგავსად, კორონავირუსს შეებრძოლება", რომელშიც მიმოხილულია სომხეთში არსებული მძიმე სიტუაცია "კოვიდ-19"-ის ეპიდემიასთან დაკავშირებით.

სტატიაში მკაცრად არის გაკრიტიკებული სომხეთის მთავრობის მიერ მიღებული ზომები, რომელიც კორონავირუსის გავრცელებას კი არ ზღუდავს, არამედ, პირიქით, ხელს უწყობს. მდგომარეობა შედარებულია საქართველოსთან. "საქართველოში ყველა მთავრობის მიერ დადგენილ წესებს ასრულებდა, სომხეთში კი - არა... საქართველოში საგანგებო მდგომარეობის დროს, ადამიანები უახლოესი მეგობრებისა და მეზობლების მონახულებასაც კი ვერ ბედავდნენ. მიღებული ზომები იყო არა მხოლოდ განსაკუთრებულად მკაცრი, არამედ თანამედროვეც, რასაც მოქალაქეები ემორჩილებოდნენ, იმიტომ, რომ ასე გადაწყვიტა სახელმწიფომ... დადგა დრო, რომ ნიკოლ ფაშინიანი გადადგეს და პოსტი იმას დაუთმოს, ვინც მეზობელი საქართველოს მსგავსად კორონავირუსს შეებრძოლება". წყარო

შეგახსენებთ, 15 ივნისის მონაცმებებით, სომხეთში კორონავირუსით დასნებოვნდა 16 667 ადამიანი, გარდაიცვალა - 269, გამოჯანმრთელდა -  6 214.

იხილეთ ასევე: სტეფან გრიგორიანი: "ქართველებისგან დახმარება უნდა მივიღოთ, რადგან ეს ძალიან გვჭირდება"

მოამზადა სიმონ კილაძემ