"თავიდანვე არსებობდა ბრალდებები, რომ..." - რას ამბობს პუტინის პრესსპიკერი ე.წ. გაბუნიას საქმეზე - კვირის პალიტრა

"თავიდანვე არსებობდა ბრალდებები, რომ..." - რას ამბობს პუტინის პრესსპიკერი ე.წ. გაბუნიას საქმეზე

ბრალდებები იმის შესახებ, რომ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას, მკვლელობის მცდელობის უკან რუსეთი დგას, აბსურდია, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"ერთ რამეს გეტყვით, თავიდანვე არსებობდა ბრალდებები, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ ინციდენტში ჩართული იყო. თავიდანვე ვაცხადებდით, რომ ამ სახის ბრალდებები აბსურდი და სიცრუეა,"- განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული განცხადება იყო.

აღნიშნულს გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი. რამზან კადიროვმა სულელური უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაკვეთით თავს უნდა დასხმოდნენ ქართველ ჟურნალისტს.

"იმის ნაცვლად, რომ იფიქრონ ხალხის რეალურ პრობლემებზე, სულელურ განცხადებებს აკეთებენ. ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დაკვეთით აპირებდა თავდასხმას ქართველ ვაი ჟურნალისტზე. ბატონებო, დამიჯერეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი დავალებით, ის ამ დავალებას ასრულებს", - წერს კადიროვი.

"ინტერპრესნიუსი"