"ისინი ერთმანეთისადმი სექსუალურ დაინტერესებას არ გამოხატავენ" - ქალები და მამაკაცები ერთად სამხედრო ყაზარმაში - კვირის პალიტრა

"ისინი ერთმანეთისადმი სექსუალურ დაინტერესებას არ გამოხატავენ" - ქალები და მამაკაცები ერთად სამხედრო ყაზარმაში

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოცვლის დროს ჯარში გენდერის თემაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ქალებისთვის ჯარში წასვლა სავალდებულო არაა, მაგრამ მათი მხრიდან ინტერესი არის, რასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხელს შეუწყობს.

მინისტრის თქმით, სულ ახლახან "ბისითის" საწყის საბრძოლო მომზადების კურსზე 25 მანდილოსანი ჩაეწერა და კარგი იქნება თუ ქალების უფრო მეტი რაოდენობა გამოთქვამს სურვილს.

"თავდაცვის სამინისტრო ლიდერია გენდერის საკითხებში მიღწეული პროგრესით. ჩვენს სისტემაში 8 პროცენტს წარმოადგენენ ქალები... ვინაიდან ქალებს აქვთ პრეტენზია და ასეც არის, რომ არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს, მათ შორის ისეთ საკითხში, როგორიც არის ქვეყნის სიყვარული და ვალდებულების მოხდა ჩვენი ქვეყნის წინაშე, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც ქალებმა უფრო მეტად უნდა იაქტიურონ. ქალებმა უფრო მეტი სურვილი უნდა გამოთქვან ჯარში წასვლასთან დაკავშირებით", - განაცხადა მინისტრმა.

მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში  ქალები არმიაში უკვე წარმატებით მსხურობენ, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ნორვეგიის გამოცდილება ამ თვალსაზრისით:

ნორვეგიის არმია: ქალები და მამაკაცები - ჯარისკაცები და ჯარისქალები - ერთ ყაზარმაში 2014 წელს ნორვეგიაში, ნატოს ქვეყნებში პირველად, მიღებული იქნა კანონი ქალების არმიაში გაწვევის შესახებ, ხოლო 2016 წლიდან ქალებმა//ქალიშვილებმა ნორვეგიის არმიის რიგების შევსება დაიწყეს. მანამდე კი ექსპერიმენტი ჩატარდა - ქალაქ ერლანდთან ახლოს დისლოცირებული ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ბატალიონში თანაბარი რაოდენობის ახალწვეულები - მამაკაცები და ქალები ერთ ყაზარმაში, რაიმე ბარიერის გარეშე განათავსეს: ისინი ერთად ცხოვრობდნენ, ერთად მსახურობდნენ, ერთნაირ ამუნიციას ატარებდნენ. ერთადერთი, რაც მათ ჰყოფდათ, ეს საშხაპე და ტუალეტი იყო. "ძალზე საინტერესო იყო მათზე დაკვირვება... ექსპერიმენტმა ბევრი ქვეყნის დაიტერესება გამოიწვია, ვიყავით ისრაელშიც და მათ გამოცდილებას გავეცანით", - ამბობს ნორვეგიის არმიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სოციალური ანთროპოლოგი ნინა ხელუმი.

როცა ქალსა და მამაკაცს შორის განსხვავება "ქრება" ნინა ხელუმი

ექსპერიმენტის კვლევის შედეგებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა - ისინი სრულიად განსხვავებულია და ეწინააღმდეგება ყალბ წარმოდგენებს ტიპიური "მაჩოს კულტურის" თაობაზე. ერთად ცხოვრებამ ქალებსა და მამაკაცებს შორის ისეთი სექსუალური თმენა აჩვენა, რომ ჩვეულებრივი სტერეოტიპების გადახედვა გამოიწვია.

ბევრს, ალბათ, გააკვირვებს ის, რომ ბიჭებსა და ქალიშვილებს შორის სექსუალური დაძაბულობა შემცირდა.

"ისინი ისე ახლოს იმყოფებიან ერთმანეთთან, რომ ერთურთს დად და ძმად აღიქვამენ. გარდა ამისა, იცვლება ფსიქოლოგიური განწყობაც - ისინი ერთმანეთისათვის მიმზიდველობის გრძნობას კარგავენ და ეს, პრინციპში, ბუნებრივია: როცა რამდენიმე დღე სამხედრო წრთვნებზე - დარში და ავდარში, დღისით და ღამით, სითბოსა და ყინვაში, წყალში და თოვლში, უძილოდ, სუფთა ტანსაცმლის, შხაპისა და ტუალეტის გარეშეც - ისინი ერთად არიან, სექსუალური განსხვავება ნეიტრალდება", - იცინის ნინა ხელუმი.

ბატალიონში, ყაზარმულ რეჟიმისა და წრთვნების დროს, სექსი და რომანტიკული ურთიერთობა ოფიციალურად აიკრძალა. ორი წლის განმავლობაში ამ მხრივ მხოლოდ ერთი ინციდენტი მოხდა. მართალია, იყო პრობლემები გაწვევის პუნქტებში - როცა ბიჭის თუ ქალიშვილის ახლობლებს (ან "შეყვარებულებს") ეუბნებოდნენ, რომ ისინი ისეთ ქვედანაყოფში იმსახურებდნენ, სადაც ორივე სქესის წარმომადგენლები ერთ დიდ ოთახში (ყაზარმაში) იცხოვრებდნენ, ეს იდეა მაინცდამაინც დიდი მოწონებით არ სარგებლობდა.

კანონის მიღებამდე საკმაო ხნით ადრე, 2011 წელს, ნორვეგიის არმიაში ერთი გახმაურებული ინციდენტი მოხდა, როცა 23 წლის ელის ასპელუნდი, ერთადერთი ქალი სამხედრო ქვედანაყოფში, თავისი მეთაურის ბრძანებით იძულებული გახდა 30 ჯარისკაცთან ერთად შხაპი მიეღო, თანაც მამაკაცი ოფიცრების წინაშე. ელისმა იჩივლა და ოფიცერი, რომელმაც იგი იძულებული გახადა ყველას თვალწინ გაშიშვლებულიყო, დისციპლინარულად მკაცრად დასაჯეს და ჯარიმაც დააკისრეს, მაგრამ თავის მხრივ მეთაურმაც იჩივლა და აპელაციის მეშვეობით, სასჯელი მოიხსნა.

გენდერული განსხვავების მთლიანად აღსაკვეთად ნორვეგიის არმიაში გამოიყენება ე.წ. "უნისექს-ყაზარმები", ანუ ადგილი მამაკაცებისა და ქალების ერთად ცხოვრებისათვის. ასეთი ყაზარმებში, რომლებშიც ოთხი მამაკაცი და ორი ქალი თავსდება, რამდენიმე წლის წინათ ნორვეგიის ჩრდილოეთში მდებარე სამხედრო ნაწილში გამოსცადეს და "გენიალურად" მიიჩნიეს. ამის შესახებ ამერიკული ჟურნალი «Time»-ც კი წერდა: "სასიხარულოა, რომ ერთად ცხოვრებამ სექსუალური შევიწროება ნულამდე დაიყვანა".

მაღალი ფულადი ანაზღაურება და კარგი პირობები

ნინა ხელუმი აქცენტს აკეთებს ორ მომენტზე - მოტივაციაზე და წესებზე. ნორვეგიის არმიაში სამსახურში პრესტიჟულია და მაღალი ანაზღაურებით გამოირჩევა: ჯარში გაწვეულები დღეში 15 დოლარს იღებენ. ამასთან, ნორვეგიის მიერ მაღალი სამხედრო ხარჯების წყალობით (მეორე ადგილი ნატოს ქვეყნებში, აშშ-ის შემდეგ, ერთ ადამიანზე გადაანგარიშებით), სამხედრო მოსამსახურეებისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. არმიაში მოქმედებს უფასო პროფესიული კურსები, რომლებიც ახალგაზრდებს სამომავლო პროფესიის განსაზღვრაში ეხმარება. არაფერს ვამბობთ სამხედრო კარიერის გაგრძელებაზე, რასაც არმიის სარდლობა ყოველნაირად მიესალმება და წახალისდება.

ნორვეგიაში ჯარგამომვლილები სამსახურში დასაქმების მხრივაც მეტი უპირატესობით სარგებლობენ. გაწვეულთა რაოდენობა შეზღუდულია - ყოველწლიურად მხოლოდ 8 ათასამდე, რაც ერთგვარ კონკურსს ქმნის, განსაკუთრებით ელიტურ ქვედანაყოფებში სამსახურის თვალსაზრისით. ამის შედეგად არმიის რიგების ნაადრევად დატოვება არავის არ სურს და დისციპლინაც მაღალ დონეზეა.

"როცა მამაკაცები და ქალები თითქმის თანაბარი რაოდენობით არიან ქვედანაყოფში, ისინი ერთმანეთისადმი სექსუალურ დაინტერესებას არ გამოხატავენ. პირიქით - მათ ერთობისა და თანამშრომლობის სურვილი უძლიერდებათ", - ამბობს ნინა ხელუმი, - გამოკითხვებმა ცხადჰყვეს, რომ ჯარისკაცები (და ჯარისქალებიც) თავს კარგად გრძნობენ". ამასთან იგი ხაზს უსვამს, რომ ნორვეგიის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ბატალიონის მოდელი საეჭვოა, რომ მთელი არმიისათვის გამოდგეს და მით უმეტეს, სხვა ქვეყნების არმიებისთვის. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სხვა სახეობის ჯარებისაგან განსხვავებით, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ბატალიონში სამსახური მაინცდამაინც არ არის დაკავშირებული მძიმე ფიზიკურ დაძაბვასთან, რაც ქალებისთვის ხშირად მიუღებელია და ჯანმრთელობას უკავშირდება.

მსოფლიოში მეოთხე - ისრაელის, ჩრდ. კორეისა და მალაიზიის შემდეგ

2015 წლამდე, ანუ შეიარაღებულ ძალებში ქალთა გაწვევის კანონის მიღებამდე, "სუსტი სქესის" წარმომადგენლები არმიაში სამსახური ნებაყოფლობით საფუძველზე ხდებოდა. დღეისათვის, ქალების რაოდენობა ნორვეგიის არმიაში სამხედრო მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის თითქმის 20%-ს შეადგენს (2014 წელს 10% იყო). შესაბამისად, ნორვეგია გახდა მსოფლიოში მეოთხე ქვეყანა (ისრაელის, ჩრდილოეთ კორეისა და მალაიზიის შემდეგ), სადაც ქალები ვალდებულნი არიან სამხედრო ძალებში კანონის მოთხოვნის თანახმად იმსახურონ.

ნორვეგიის არმიაში არმიაში ქალთა გაწვევის ასაკი 19-დან 44 წლის ჩათვლითაა (მამაკაცების - 18-დან 44-ის ჩათვლით). არმიაში სამსახურის ვადა - 12-19 თვე. სამსახური კონტრაქტითაა, თუმცა არმია კომპლექტდება საყოველთაო სამხედრო გაწვევის შედეგად. გარდა ამისა, გაწვეულთა ნახევარი სამსახურს გადის ქვეყნის ეროვნულ გვარდიაშიც (იქ ვადა 7-თვიანია). გათვალისწინებულია აგრეთვე ალტერნატიული სამსახურიც, მაგრამ მას მხოლოდ ახალგაზრდების 4% ირჩევს. საერთოდ, ნორვეგიელები მიიჩნევენ, რომ ყოველმა მამაკაცმა ერთი ზამთარი მაინც უნდა გაატაროს არმიაში.

2017 წელს ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, რომ ყოველი ხუთი ჯარისქალიდან ოთხი დადებითად მიიჩნევს ჯარისკაცებთან ერთად ცხოვრებას, ხოლო ყოველი სამი ჯარისკაციდან ორი პოზიტიურად უყურებს ჯარისქალებთან ერთად ყაზარმაში სამსახურს.

ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ ნორვეგიაში ქალთა სამსახედრო სამსახური იმიტომ კი არაა დაკანონებული, რომ არმიას სამხედრო მოსამსახურეები აკლია და ქალებით არის საჭირო მისი შევსება. ამ შემთხვევაში "ქალთა გასამხედროება" უფრო სქესობრივი თანასწორობის გამოვლენაა. ჯარს რომ თავი დავანებოთ, ქვეყნის მთავრობა იგივეს აკეთებს სამოქალაქო სამსახურშიც - 2008 წელს მიღებული კანონის თანახმად, ქალთა წილი კომპანიების და კომერციული ორგანიზაციების ხელმძღვანელობაში 40%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. მსგავსი მოთხოვნები მოქმედებს სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართაც.

მოამზადა სიმონ კილაძემ