"ჯონ ბოლტონი თავის წიგნში წერს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 10 წლისთავზე ტრამპმა რუსეთის გამაკრიტიკებელი განცხადების გამოქვეყნება შეაჩერა" - კვირის პალიტრა

"ჯონ ბოლტონი თავის წიგნში წერს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 10 წლისთავზე ტრამპმა რუსეთის გამაკრიტიკებელი განცხადების გამოქვეყნება შეაჩერა"

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი თავის წიგნში წერს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრიდან 10 წლის თავზე ტრამპმა რუსეთის გამაკრიტიკებელი განცხადების გამოქვეყნება შეაჩერა, - ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება.

გარდა ამისა, ტელეკომპანიის ცნობით, ჯონ ბოლტონი ასევე წერს, რომ ტრამპმა სკრიპალების მოწამვლის საქმის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც არ მოიწონა.

"ბოლტონი წერს: აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, ტრამპს პირადი და ოფიციალური ურთიერთობების ერთმანეთისგან გამოყოფა უჭირს," - იუწყება CNN-ი.

ტელეკომპანის ცნობით, მათ ჯონ ბოლტონის წიგნის - "ოთახი, სადაც ეს მოხდა – თეთრი სახლის მემუარები" - ასლი მოიპოვეს.

ინფორმაციას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა ყოფილ მრჩეველს ბრალი კანონის დარღვევაში დასდო. ბოლტონი საკუთარ წიგნში "ოთახი, სადაც ეს მოხდა", წერს, რომ ტრამპი პოლიტიკურ ოპონენტებზე კომპრომატების მისაღებად უკრაინაზე ზეწოლას ახდენდა, ამასთან 2020 წლის არჩევნებში ის დახმარებას ჩინეთის ლიდერს სთხოვდა და რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებით უკმაყოფილო იყო.

ბოლტონის საპასუხოდ ტრამპმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ რუსეთისა და ჩინეთის მიმართ ისეთი მკაცრი პოზიცია, როგორიც მას აქვს, ჯერ აშშ-ის არცერთ პრეზიდენტს არ ჰქონია.ტრამპის თქმით, ბოლტონი მატყუარაა და ის თეთრ სახლში ყველას ეზიზღებოდა.

ჯონ ბოლტონის წიგნის "ადგილი, სადაც ეს მოხდა - თეთრი სახლის მემუარები"- გამოცემა 23 ივნისისთვის იგეგმება. დონალდ ტრამპმა ის თანამდებობიდან 2019 წლის სექტემბერში გარკვეულ საგარეო საკითხებთან დაკავშირებით უთანხმოების გამო გაათავისუფლა.

"ინტერპრესნიუსი"