ბრძოლა კეტებით მსოფლიოს სახურავზე - ჰიმალაებში - რა მოხდა ორი ბირთვული სახელმწიფოს სამხედროებს შორის? - კვირის პალიტრა

ბრძოლა კეტებით მსოფლიოს სახურავზე - ჰიმალაებში - რა მოხდა ორი ბირთვული სახელმწიფოს სამხედროებს შორის?

ინდოეთ-ჩინეთის საზღვრის სადაო მონაკვეთზე, მდინარე გალვანის ნაპირზე, 15 ივნისს მომხდარი ინდოელი და ჩინელი ჯარისკაცების (მესაზღვრეების) შეტაკების ამსახველმა ვიდეომ და ფოტოსურათებმა მსოფლიო შეაძრწუნა.

შეტაკება ხელჩართული ბრძოლის სახით მიმდინარეობდა, "თოფის გაუსროლელად", რადგან ჩინეთსა და ინდოეთს შორის 1996 წელს დადებული შეთანხმების მიხედვით, ამ ადგილში საზღვრის 20 კილომეტრიან სადაო მონაკვეთიდან 2 კმ-ის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს ცეცხლმსროლელი იარაღის ტარება ეკრძალებათ.

ზემოთ აღნიშნულ შეტაკებაში ორივე მხრიდან დაიღუპა 70-მდე სამხედრო მოსამსახურე - 20 ინდუსი და 43 ჩინელი, რამდენიმე მძიმედ დაშავდა. მართალია, ორივე ბირთვული სახელმწიფოს ჯარისკაცები ერთმანეთს მუშტებით, ქვებითა და რკინის კეტებით ურტყამდნენ, მაგრამ უმრავლესობის სიკვდილი მაინც ვიწრო გზიდან მათი ცივ მდინარეში გადავარდნამ (თუ გადაყრამ) გამოიწვია. შეტაკების დროს დაიღუპა ინდოეთის არმიის მე-16 ბიხარის პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი სანტოშ ბაბუ, რომელიც ჩინელებთან საქმის გარჩევის მიზნით მივიდა.

პოლკოვნიკი სანტოშ ბაბუ

სიტუაცია ასე განვითარდა: ჩინელები მათ მტრულად შეხვდნენ და ინდოელ კოლეგებს ჯერ ქვების სროლა დაუწყეს, შემდეგ კი მივარდნენ და ლურსმნებიანი ხის კომბლებით და რკინის კეტებით ცემა დაუწყეს.

ინდოელებმა დროებით უკან დაიხიეს, მაგრამ მოგვიანებით, გაძლიერებული და ასევე ხისა და რკინის კეტებით შეიარაღებულებმა ჩინელების ავანპოსტს შეუტიეს და 60-მდე ჯარისკაცს სერიოზული ზაინი მიაყენეს. დამხმარე ძალა ჩინელებმაც მიიღეს... ხელჩართული ბრძოლა დაბნელებამდე გრძელდებოდა. მეორე დღეს, გამთენიისას, მხარეები დაზავდნენ და ბრძოლის ველზე გვამები აკრიფეს, მდინარის ნაპირებზე გარიყული დამხრჩვალი ჯარისკაცებიც მოიძიეს.

როგორც პოლკოვნიკ სანტოშ ბაბუს დედამ მანჯულამ განუცხადა გაზეთ "ნიუ ინდიან ექსპრესის" კორესპონდენტს, "მე შვილი დავკარგე, მაგრამ ვამაყობ, რომ იგი სამშობლოს ინტერესებს შეეწირა. ამიტომაც ბედნიერი ვარ".

ასობით ინდოელი გამოვიდა გუშინ ქუჩაში და მათ პროტესტის ნიშნად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის სი ძინპინის სურათები დაწვეს. გაისმა მოწოდებები ჩინური პროდუქციისადმი ბოიკოტის გამოცხადების შესახებ.

ინდოელი მესაზღვრე

როგორც ბრიტანული "დეილი მეილი" («Daily Mail») წერს სტატიაში, სათაურით: "შუასაუკუნეობრივი ხელჩართული ბრძოლა მსოფლიოს სახურავზე, ჰიმალაებში, ორი ბირთვული სახელმწიფოს სამხედროებს შორის", ორივე მხარე შეტაკების დაწყებას, როგორც წესი, ერთმანეთს აბრალებს.

პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჯაო ლიციანმა აღნიშნა, შეტაკებამ მას შემდეგ იფეთქა, რაც ინდოელმა ჯარისკაცებმა "გამყოფი ხაზი გადაკვეთეს, მოქმედებდნენ უკანონოდ, ჩინელი ჯარისკაცების პროვოცირება გამოიწვიეს. ამის შედეგად ორივე მხარე ერთმანეთს დაერია და ფიზიკური ძალის გამოყენებით ჭრილობები მიიღეს, ზოგიერთი მათგანი კი დაიღუპა".

ინდოეთის მიერ გახმოვანებული პოზიციის მიხედვით, საზღვრის ამ უბანზე დაპირისპირება ერთი თვის წინ დაიწყო, როცა ჩინელმა ჯარისკაცებმა ბანაკი მოაწყეს ინდოეთის ტერიტორიაზე. 15 ივნისს ინდოელმა მესაზღვრეებმა უკანონოდ მოწყობილი ბანაკი დაარბიეს, რასაც ჩინელების მხრიდან წაინააღმდეგობა მოჰყვა.

დღეისათვის ორივე მხარე ცდილობს დაძაბულობის განმუხტვას: ჩინეთმა განაცხადა, რომ მზადაა მოლაპარაკებისათვის სიტუაციის დასარეგულირებლად, თუმცა ინდოეთმა უფრო კონფრონტაციული ტონი აირჩია: პრემიერმა ნარენდრა მოდიმ ინდოეთის მოსახლეობისადმი ტელემიმართვაში განაცხადა, რომ "რა თქმა უნდა, ინდოეთს მშვიდობა სურს, მაგრამ თუ ჩინელები ჩვენს პროვოცირებას კიდევ მოახდენენ, მათ საკადრის პასუხს გავცემთ".

ინდოელი სამხედროები

გაერომ ორივე მხარეს მაქსმილური თავშეკავებისაკენ მოუწოდა: "ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთ-ინდოეთის გამმიჯნავ ხაზზე მომხდარი ძალადობით და ადამიანთა დაღუპვით, - განაცხადა გაერის გენმდივნის პრეს-მდივანმა ერი კანეკომ, - მოვუწოდებთ, რომ ორივე მხარემ დეესკალიციისათვის გარკვეული ზომები მიიღოს".

მართალია ექსპერტები აცხადებენ, რომ ორი ბირთვული სახელმწიფო ერთმანეთს ომს არ დაუწყებს, მაგრამ ასევე თვლიან, რომ მათ შორის არსებული დაძაბულობა არ გაქრება. როგორც ვილსონის ცენტრის აზიის პროგრამების ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი აბრაჰამ დანია ამბობს, "ეს ინციდენტი შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს როგორც პეკინ-დელის ურთიერთობებშია, ასევე საერთოდ, აზია-წყნარი ოკეანის გეოპოლიტიკურ არეალში. ეს არის ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე მწვვავე შეტაკება. ორივე სახელმწიფოს სათავეში არიან ადამიანები, რომლებმაც ნაციონალისტური გზა აირჩიეს და რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო, დიდ სიძნელეებს აწყდებიან".

აქცია ჩინეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ

დაეხმარება თუ არა აშშ ინდოეთს ჩინეთთან დაპირისპირებაში? "საეჭვოა, რადგან აშშ-ის გავლენა, კოვიდ-19"-ისა და სხვა მოვლენების გამო საკმაოდ მნიშვნელოვნად შესუსტდა. არადა, ნაციონალისტურად განწყობილ ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის არსებული დაძაბულობა ძალიან სახიფათოა ყველასათვის", - აცხადებს აბრაჰამ დანია. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ