სიკვდილმისჯილი "პრეზიდენტის შვილები" - "სიკვდილს უსჯიან და შემდეგ ოჯახს არ აძლევენ გარდაცვლილის ცხედარს. არ ეუბნებიან სად არის მათი ნათესავი დაკრძალული" - კვირის პალიტრა

სიკვდილმისჯილი "პრეზიდენტის შვილები" - "სიკვდილს უსჯიან და შემდეგ ოჯახს არ აძლევენ გარდაცვლილის ცხედარს. არ ეუბნებიან სად არის მათი ნათესავი დაკრძალული"

ბელარუსი ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიკვდილით დასჯას ისევ მიმართავენ. ბრალდებულს საიდუმლო ვითარებაში სჯიან - ახლობლებს არ ეუბნებიან არც დროს და არც იმ ადგილს, სადაც სიკვდილმისჯილს კრძალავენ. ხელისუფლება აცხადებს, რომ მსგავს სასჯელს მხარს თავად ბელარუსები უჭერენ, მაგრამ უამრავი ადამიანი ამტკიცებს, რომ ამ სასჯელის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როცა მკაცრი რეალობის წინაშე თავად აღმოჩნდნენ.

ტრაგიკული ისტორია შეემთხვა ბელარუსში მცხოვრებ ნატალიას, რომლის ორ ვაჟს, ილიასა და სტასს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. სახელმწიფოსთვის სასარგებლო სამსახურის დაკისრების გამო, მან ვერ შეძლო ქალაქის დატოვება და ვერც ბიჭების სასამართლო პროცესს დაესწრო...

ნატალიას ვაჟებმა ძმებმა კოსტევებმა, 18 წლის სტანისლავმა და 20 წლის ილიამ, განსაკუთრებულად მძიმე დაზიანებებით გასულ წელს მეზობელი პედაგოგი მოკლეს. კვალის დაფარვის მიზნით მეზობლის სახლი გადაწვეს და სახლიდან კომპიუტერთან ერთად პროდუქტები მოიპარეს.

"პრეზიდენტის შვილები?"

ნატალიას მეუღლე მაშინ დაეღუპა, როცა მეოთხე შვილი, სტასი ჯერ კიდევ 5 თვის იყო. ნატალია ცდილობდა სამსახური დაეწყო და ბავშვები ერჩინა, პატარებს უფროს შვილთან ანასთან ტოვებდა. დროთა განმავლობაში მათი ცხოვრება უფრო გართულდა, სახელმწიფოსა და დახმარების ხარჯზე ყოფნისას, სოციალურმა აგენტებმა ერთხელ დააფიქსირეს, რომ ნატალია ბავშვებთან ერთად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ბავშვები სახელმწიფო დაწესებულებებში მიაბარეს. მოზარდი ბიჭები აცდენდნენ გაკვეთილებს, სკოლაში ჩხუბობდნენ, ილია სამართალდამცავებმა არასრულწლოვანთა აღრიცხვაზეც კი დააყენეს.

ძმები მშობლიურ ჩერიკოვში მას შემდეგ დაბრუნდნენ, რაც სრულწლოვნები გახდნენ. 18 წლის სტასი კი ჩერიკოვში სულ რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო, როცა ძმასთან ერთად დანაშაული ჩაიდინა.

სტანისლავ და ილია კოსტევები

ილიასა და სტასის სახელმწიფო დაწესებულებაში ცხოვრებისა და აღზრდის გამო ნატალიას სახელმწიფოსთვის 10 ათასი ბელარუსული რუბლი აქვს ასანაზღაურებელი.

არც უფროსი გოგონას ანას ცხოვრება განვითარდა მარტივად. მას სოცმუშაკებმა მცირეწლოვანი შვილების სახელმწიფოსთვის გადაცემა ორჯერ მოსთხოვეს. როგორც ის ყვება, ამაში დამნაშავე თავად იყო:

"ერთხელ თავად მივმართე სოციალურ აგენტებს, დავრეკე პოლიციაში და ვუთხარი, რომ დამხმარებოდნენ, რადგან არ მინდოდა ბავშვებს ენახათ, როგორ სცემს მათი მამა დედას. საკუთარ თავს თავად დავუგე მახე. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო დამხმარებოდა, აღრიცხვაზე ამიყვანეს, ამოწმებდნენ როგორ ვუვლიდი შვილებს".

მეორე შემთხვევისას ადგილობრივ ჩინოვნიკებს ის ქალი დაუკავშირდა, რომელიც შემდეგ ანას ძმებმა მოკლეს. ქალის განცხადებით, ანას მცრეწლოვანი ბავშები ეზოში უფროსების ყურადღების გარეშე იყვნენ.

ანამ ორივე სირთულე წარმატებით გადალახა: "ძალიან რთულია ამ ყველაფრის გადალახვა, შემდეგ ისე გექცევიან, თითქოს ადამიანი არ იყო. ერთი შეცდომის გამო, გართმევენ უფლებას მომავალში უკეთესი გახდე და შეცდომა გამოასწორო. მაგრამ, ჩემს შვილებს იქ არ გავუშვებდი, სადაც ადრე ჩემი ძმები მოხვდნენ", - განაცხადა გოგონამ.

უფლებადამცველი პაველ საპელკო, კოსტევების ოჯახის სიტუაციის გაანალიზებისას პრეზიდენტ ლუკაშენკოს განცხადებას იხსენებს, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებდა, რაც შეიძლება მეტი ბავშვი გაეჩინათ.

"ერთი ბავშვი-ეს თქვენი შვილია, ორი ბავშვის გაჩენისას - დავაკვირდებით ოჯახს, იქნებ დახმარება ესაჭიროება, მაგრამ ისინი მაინც თქვენი შვილებია, მესამე ბავშვი კი - უკვე ჩემი შვილია", - განაცხადა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.

კოსტევების ოჯახში კი ორი "პრეზიდენტის შვილია" სტასი და ილია, რომლებიც ახლა სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას ელოდებიან.

როგორც ცნობილია, ძმები კოსტევები მეზობელ პედაგოგს მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც გარდაცვლილმა ძმების დას ანას დაემუქრა, რომ დარეკავდა და მცირეწლოვან ბავშვებს სახელმწიფო თავშესაფარში გაგზავნიდა.

ბრალდებული ვაჟების დედა, ნატალია კოსტევა პრეზიდენტ ლუკაშენკოს თხოვნით მიმართავს, შეიწყალოს ბიჭები და მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯოს. თავად პრეზიდენტმა კი ერთხელ საჯაროდ განაცხადა:

ილია კოსტევი

"ორმა გარეწარმა - სხვაგვარად მათ ვერ ვუწოდებ - მოკლა მათი მასწავლებელი, რადგან მან ორი მცირეწლოვანი მათი დისგან დაიცვა. მათი და არაფერს წარმოადგენს, ასოციური ელემენტია. მასწავლებელმა კი ბავშვები დაიცვა და მათი სახელმწიფო დაწესებულებაში ჩაბარება მოითხოვა. ისინი მეზობელს მთელი ღამე ჭრიდნენ", - განაცხადა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ ეს საქმე მისი დაკვირვების ქვეშაა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, მას შემდეგ რაც ბელარუსმა სუვერენიტეტი მოიპოვა, მხოლოდ ერთი სიკვდილმისჯილი შეიწყალა, თუმცა ვინ არის ეს ადამიანი, არავინ იცის. სიკვდილით დასჯის განაჩენი 400 ადამიანს გამოუტანეს.

როგორც ანდრეი პალუბა აღნიშნავს, რომელიც კამპანია "უფლებადამცველები სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ" ხელმძღვანელია, "სისტემა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, საბჭოთა კავშირის გადმონაშთაა. ის რაც საბჭოთა კავშირში იყო, დღესაც დარჩა. პატიმრებს სიკვდილს უსჯიან და შემდეგ ოჯახს არ აძლევენ გარდაცვლილის ცხედარს. არ ატყობინებენ გარდაცვალების დროს და ადგილს, არც იმას, თუ სად არის მათი ნათესავი დაკრძალული. საბჭოთა კავშირში ამ ხერხს იმისთვის იყენებდნენ რომ მასობრივი რეპრესიები დაემალათ. აცხადებდნენ, თითქოს პატიმარს 10 წელი მიესაჯა და არ შეეძლო ოჯახთან კავშირი - წერილის მიწერაც კი, ამ დროს კი ის უკვე დახვრეტილი იყო.

აღმსრულებელთა გარდა, არიან ადამიანები, რომლებიც ამ სასიკვდილო განაჩენში მონაწილეობენ: სასჯელის აღსრულებას ესწრება ექიმი, რომელიც შემდეგ პატიმრის სიკვდილს აფიქსირებს. აქვეა პროკურორი, რომელიც აკვირდება განაჩენის აღსრულებას. მეტროთი მგზავრობისას ხან ვფიქრობ, ხომ შეიძლება რომელიმე მგზავრი იყოს ისეთი, ვინც ამ სისტემის წევრია, სახლში მისულს მას ოჯახი ხვდება, რას ეუბნება ის ოჯახს, შვილებს? კარგად იმუშავა მამამ ამ თვეში?"

როგორც ცნობილია, უფლებადამცველთა მცდელობის მიუხედავად, კანონი დღესაც მოქმედია.

ამ დროისთვის კი ანამ შვილებთან ერთად დატოვა მშობლიური ადგილი და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. როგორც გოგონა ამბობს, მან საზოგადოების ზეწოლას ვერ გაუძლო:

"მაშინ როცა მოსამართლემ განაჩენი წაიკითხა და თქვა რომ ბრალდებულებს დახვრეტა მიესაჯა, დარბაზში დამსწრეები ამ გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ... შემდეგ დაიწყო ზეწოლა, ბავშვები ბაღიდან სახლში მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, რას ნიშნავს "მკვლელი ბიძები". ჩემს ძმებს არ ვამართლებ, არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე წაართვა. მათ ამ ერთი შემთხვევით საკუთარი, ჩვენი და სხვისი ცხოვრება დაანგრიეს... მაგრამ როცა განაჩენი გამოაცხადეს, აცრემლებულმა გისოსებში მოქცეულ ძმებს გადავეხვიე და ვუთხარი: - არ შეგეშინდეთ, სხვა რამეს ვცდით, მე თქვენ არასდროს დაგტოვებთ-მეთქი...

ყვავილები სიკვდილმისჯილისთვის

მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მინსკის მეტროს აფეთქებაში ბრალდებულებს სასიკვდილო სასჯელი გამოუტანეს ვიტებსკში, ლუბოვ კოვალევის სახლთან მოქალაქეებს ყვავილები მიჰქონდათ. ხელისუფლება ცდილობდა, როგორმე შეეჩერებინა ხალხის ტალღა და ყვავილების გადაყრას ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

2011 წლის 11 აპრილს მინსკის მეტროში აფეთქება მოხდა. აფეთქებისას დაიღუპა 15 ადამიანი, ათასობით ადამიანი დაზარალებულად ცნეს. ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულები დმიტრი კონოვალოვი და ვლადისლავ კოვალევი სპეცსამსახურებმა ერთ ღამეში დააკავეს. ვლადისლავ კოვალევი დანაშაულის დაფარვაში დაადანაშაულეს, ის სასამართლოზე აქტიურად იცავდა თავს და პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვდა, დმიტრი კონოვალოვმა კი სასამართლო პრეცესზე მხოლოდ ერთი ფრაზა თქვა, რომ "ყველაფერი ეს საზოგადოების დესტაბილიზაციის მიზნით" ჩაიდინა. ორივე მათგანი 2012 წლის მარტში დახვრიტეს.

დმიტრი კონოვალოვი და ვლადისლავ კოვალევი სასამართლო პროცესზე

უფლებადამცველების განცხადებით, ამ შემთხვევის შემდეგ შემცირდა სასტიკი განაჩენის გამოტანის შემთხვევები, რადგან ახალგაზრდების დახვრეტამ საზოგადოებაში დიდი პროტესტი გამოიწვია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლიდა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ნაჩქარევი და არაობიექტური იყო.

ლუბოვ კოვალევი, ერთ-ერთი ბრალდებულის დედა თვლის, რომ ბიჭები არ იყვნენ დამნაშავეები და დანაშაულის დაფარვის მიზნით ისინი სასწრაფოდ დასაჯეს.

"ბიჭები მაშინ დახვრიტეს, როცა საქმე ჯერ კიდევ შესწავლის პორიცესში იყო",- ამბობს გარდაცვლილი კოვალევის დედა.

ლუბოვ კოვალევმა ვაჟი ბოლოს 2012 წლის 11 მარტს ნახა. ის ამ შეხვედრას იხსენებს:

"არ მეგონა, ეს ბოლო შეხვედრა თუ იქნებოდა, იმედი მაინც მქონდა. სამი საათი მოგვცეს. ვფიქრობ, სწორედ ამ დღეს მოკლეს ბიჭები. ორშაბათს, 12 მარტს ჩემი შვილი ადვოკატს უნდა ენახა, მაგრამ ციხეში აღარ შეუშვეს. თუმცა ის აქამდეც არ შეუშვიათ, ძალიან რთული იყო ციხეში მოხვედრა. ამის შემდეგ ვეცადეთ გაგვერკვია, სად იყო ვლადი, #1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გვითხრეს, რომ ასეთი პატიმარი საერთოდ არ ჰყავდათ. შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მივედით, ჩემი ადვოკატი შევიდა და ვფიქრობ, მას იმ დღეს უთხრეს, რომ ვლადი უკვე გარდაცვლილი იყო. 16 მარტს ცნობა მომივიდა, რომ სასჯელი აღსრულებაში მოიყვანეს..."

ბოლო შეხვედრის ღამეს დედამ შვილი სიზმარში ნახა: "დედა მე ახლა დავიძინე..." - უთხრა სიკვდილმისჯილმა შვილმა.

"ვლადის ნივთები ტომარაში ჩაყარეს და ისე გამომიგზავნეს, დამცინეს მეც და ჩემ შვილსაც... გამოგზავნილ ნივთებში არ იყო წერილები და არც ის ჩანაწერები, რომელსაც სასამართლო პროცესის დროს ვლადი აწარმოებდა. მხოლოდ პროდუქტი იყო, რომლის გამოყენებაც ჩემმა ვაჟმა ვეღარ მოასწრო", - ამბობს სიკვდილმისჯილის დედა.

"პირველად ამ სასჯელის შესახებ მაშინ გავიგე, როცა ფაქტის წინაშე დავდექი..." - როგორც ის ამბობს, ბევრჯერ ეცადა ლუკაშენკო ენახა, თუმცა სიკვდილმისჯილის დედა პრეზიდენტმა არ მიიღო. მას უამრავჯერ უთხრეს რომ გაჩუმებულიყო, თუმცა ის სტრასბურგის სასამართლომდეც ჩავიდა და ამჟამად ცდილობს, რომ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გაუქმდეს.

"როცა სასამართლოზე განაჩენი გამოაცხადეს, დაზარალებულები ყვიროდნენ: რას აკეთებთო, თუმცა მათ არავინ მოუსმინა, ეს არც ტელევიზიით გაშუქდა, ყველაფერს საიდუმლოდ აკეთებენ".

"თვალი თვალის წილ..."

იაროსლავ პიასეცკი მინსკში მეტროს ტერაქტისას დაშავდა. 26 წლის ქიმიკოსმა ამ შემთხვევისას ორივე ფეხი დაკარგა. გამოძიების მტკიცებით, ის სწორედ იმ სკამზე იჯდა, რომლის ქვემოთაც ასაფეთქებელი იყო დამონტაჟებული.

სასამართლო პროცესებზე დასწრების შემდეგ, სოციალურ ქსელში იაროსლავი დედასთან ერთად პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებდა, მისი მოითხოვდა იყო მსჯავრდებულებისთვის სიკვდილით დასჯა გაეუქმებინათ. ის ფიქრობს, რომ დაკავებულები არ იყვნენ დამნაშავეები.

ტერაქტის მსხვერპლია ლიტერატორი იგორ ტუმაშიც, თუმცა მას სერიოზული დაზიანებები არ მიუღია:

"შოკში ვიყავი, აფეთქებიდან ორი კვირის შემდეგ ნერვებმა მიმტყუნა... მეტროში საშინელება ხდებოდა, ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ამ სიტუაციაში აღმოჩენა გავაკეთე - ბელარუსები თავისთვის, ჩუმად, იატაკზე ჩამხობილი ელოდნენ სიკვდილს... ვცდილობდი ამ დროს დაჭრილები გარეთ გამომეყვანა, ვიღაც ბიჭი ქუჩიდან შემოვარდა და დამეხმარა, შემდეგ ტერაქტის ადგილას შევარდა და ხალხი გამოყავდა... ვფიქრობდი, მართლა არსებობენ ასეთი ადამიანები? რაგდგან იქ ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდა... როგორც აღმოჩნდა, ჩვენ არ ვართ ერთიანი ერი - ყველა თავისთვისაა, ჩვენს საზოგადოებაში სიცოცხლეს საერთოდ არ აფასებენ, გვაქვს უფლება პატიმარი გავასამართლოთ და დავხვრიტოთ? - თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ... ვფიქრობ, ლუკაშენკომ ეს სასტიკი კანონი რომ აკრძალოს, მაინც ვერავინ შეამჩნევს ამ ეპოქალურ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენს ქვეყანაში ყველა თავისთვის ცხოვრობს..." (წყარო)