"უნდა ჩამოიხსნას თეთრკანიანი იესოსა და მისი "ევროპელი დედის" ფრესკები და ქანდაკებები" - ვინ არის ამერიკელი მწერალი, ვინც რასიზმს ასე აპროტესტებს? - კვირის პალიტრა

"უნდა ჩამოიხსნას თეთრკანიანი იესოსა და მისი "ევროპელი დედის" ფრესკები და ქანდაკებები" - ვინ არის ამერიკელი მწერალი, ვინც რასიზმს ასე აპროტესტებს?

ცნობილი ამერიკელი მწერალი და აქტივისტი შონ კინგი, რომელიც ბოლო პერიოდში ამერიკაში განვითარებული მოვლენებისას აქტიურობდა და მოძრაობა "Black lives matter" ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლდათ ახალი და სკანდალური წინადადებით გამოვიდა.

მემარცხენე მწერალმა განაცხადა, რომ აუცილებელია ჩამოიხსნას ყველა ის ქანდაკება, სადაც იესო ქრისტე "თეთრკანიანი ევროპელის" სახითაა წარმოდგენილი. მწერლის აზრით, ეს შოვინიზმის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

ეს განცხადება რადიკალმა მემარცხენე კინგმა იმის ფონზე გააკეთა, როცა ამერიკის ათეულობით შტატში ფერადკანიანების საპროტესტო აქცია ვანდალიზმში გადაიზარდა და საბოლოოდ, სამართალდამცავებთან დაპირისპირებით დასრულდა. სოციალურ ქსელში კი უამრავი ვიდეო თუ ფოტო გავრცელდა, თუ როგორ ძარცვავენ მაღაზიებს აქციის მონაწილეები. როგორ არჩევენ და შემდეგ იპარავენ ტანსაცმელსა თუ ტექნიკას.

"ვფიქრობ, რომ ყველა ქანდაკება, რომელიც თითქოს იესო ქრისტეს გამოსახულებაა, უნდა ჩამოიხსნას. ბიბლიაში ნათქვამია, როცა იესოს ოჯახს დამალვა სურდა, გამოიცანით სად წავიდნენ ისინი? ეგვიპტეში! - და არა დანიაში. ჩამოიღეთ ისინი!", - დაწერა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე მწერალმა.

მისი თქმით, "თეთრკანიანი იესო - ეს ტყუილია", მწერლის განცხადებით, "ეს თეთრკანიანთა უპირატესობის იარაღია. "ქრისტიანობამ ეს ჩაგვრის და უპირატესობის იარაღად აქცია". მწერლის თქმით, თეთრკანიანები რელიგიას არასდროს მიიღებდნენ ფერადკანიანისგან.

როგორც მწერალი მოითხოვს:

"უნდა ჩამოიხსნას თეთრკანიანი იესოსა და მისი "ევროპელი დედის" და მათი თეთრკანიანი მეგობრების ფრესკები და ქანდაკებები. ისინი წარმოადგენენ თეთრკანიანთა უპირატესობის უხეშ ფორმას. ეს რასისტული პროპაგანდაა დაყველაფერი უნდა ჩამოიხსნას".

როგროც ცნობილია, ამერიკელმა მწერალმა, შონ კინგმა აქტივისტებში მას შემდეგ დაკარგა გავლენა, რაც მემარცხენე აქტივისტის წარმომავლობა და რასა ეჭვქვეშ დააყენეს.

აქტივისტებმა მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ რადიკალურად განწყობილი მწერალი ევროპეიდულ რასას მიეკუთვნება და ტყუილად ასაღებდა თავს შავკანიანად.

"მთელი ცხოვრება მეუბნებოდნენ, რომ თეთრკანიანი მამაკაცი, რომელიც ჩემი დაბადების მოწმობაშია აღნიშნული, არ იყო ჩემი ბიოლოგიური მამა და რომ ჩემი ნამდვილი ბიოლოგიური მამა ღია ფერადკანიანი მამაკაცი იყო. მე და დედამ ერთხელ განვიხილეთ მისი ეს რომანი. ის ახალგაზრდა იყო და მას ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და ამის გამო მას არ განვიკითხავ", - განაცხადა მწერალმა წარმომავლობაზე საუბრისას.

ვინ არის შონ კინგი

აქცია აშშ-ში ამერიკელი მწერალი და აქტივისტი შონ კინგი 1979 წელს დაიბადა. ის კენტუკიში იზრდებოდა და ჯორჯიის შტატში, ატლანტაში სწავლობდა. როგორც ცნობილია, მწერლის დედა თეთრკანიანია და მამაც, რომელიც დაბადების მოწმობაშია აღნიშნული - ჯეფრი კინგი, თეთრკანიანია, თუმცა ბავშვობაში დედამ მომავალ აქტივისტს გაუხმილა, რომ მისი ბიოლოგიური მამა ფერადკანიანი იყო.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, რომელიც კინგმა ოპრა უინფრის სტიპენდიით დაასრულა, ის აქტიურად წერდა ფერადკანიანთა პრობლემებზე. შემდეგ კი მოძრაობა "Black lives matter"-ს შეუერთდა.

მოძრაობა "Black lives matter"

აქციის მონაწილეებისა და პოლიციის დაპირისპირება აშშ-ში

"Black lives matter" ინტერნაციონალური სამოქალაქო მოძრაობაა, რომელშიც გაერთიანებულია უამრავი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოძრაობის წევრები აქტიურად აპროტესტებენ ძალადობასა და რასობრივ პრობლემებს.

მოძრაობა 2013 წელს დაარსდა, მაშინ, როცა ამერიკაში 17 წლის აფრო-ამერიკელის ტრეივონ მარტინის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცავი ჯორჯ ციმერმანი სასამართლომ გაათავისუფლა. ამ შემთხვევის გასაპროტესტებლად ისინი სოციალურ ქსელში აქტიურად იყენებდნენ ჰეშთეგს: #BlackLivesMatter.

ბოლო პერიოდში, ამერიკაში, აფრო-ამერიკელის 44 წლის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებულ მასობრივ საპროტესტო აქციებს სწორედ ეს მოძრაობა მართავდა.

ჯორჯ ფლოიდი

ამერიკის სხვადასხვა შტატში აქციებმა ვანდალური ხასიათი მიიღო. საპროტესტო აქციებს, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებით გაგრძელდა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქებში - მინეაპოლისში, ატლანტაში, ლოს-ანჯელესში, ფილადელფიაში, პორტლენდსა და ლუისვილში კომენდანტის საათის გამოცხადებით უპასუხეს.

იხილეთ ასევე: "ჩვენმა გოგონამ ტელევიზორში ნახა, როგორ კლავდნენ მამამისს..."