რამდენი თვით გაუხანგრძლივა ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები - კვირის პალიტრა

რამდენი თვით გაუხანგრძლივა ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები

ევროსაბჭოს განცხადების თანახმად, ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები კიდევ ექვსი თვით, 2021 წლის 31 იანვრამდე გაუხანგრძლივა.

ევროსაბჭოს განცხადების მიხედვით, აღნიშნული გადაწყვეტილება 19 ივნისს გამართული ევროსაბჭოს წევრების ვიდეოკონფერენციიდან გამომდინარეობს.

ევროკომისიის შეფასებით, რადგანაც მინსკის შეთანხმების სრულად განხორციელება ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა, ამიტომ ევროკავშირის ლიდერებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივების თაობაზე.

ასეთი შემზღუდავი ზომები თავდაპირველად 2014 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დესტაბილიზაციური მოქმედებების გათვალისწინებით დაწესდა და ეხება ფინანსურ, ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორებს, ასევე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის სფეროს.

"ინტერპრესნიუსი"