"საკონსტიტუციო ცვლილებები გაამყარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და მომავალი ათწლეულების მანძილზე შექმნის პირობებს ქვეყნის უწყვეტი განვითარებისთვის" - კვირის პალიტრა

"საკონსტიტუციო ცვლილებები გაამყარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და მომავალი ათწლეულების მანძილზე შექმნის პირობებს ქვეყნის უწყვეტი განვითარებისთვის"

ვლადიმერ პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას "ნელი მოქმედების ნაღმისგან" თავის დაღწევას ადარებს.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები გაამყარებს ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და მომავალი ათწლეულების განმავლობაში რუსეთის უწყვეტი განვითარების პირობებს შექმნის.

კითხვაზე, წარსულის რომელი შეცდომებისგან გათავისუფლებას ისურვებდა, პუტინმა ტელეარხ „რასია პირველთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის „ნელი მოქმედების ნაღმი“, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბების პროცესში 1922 წლიდან იყო ჩადებული და შემდგომ კონსტიტუციებშიც მოხვდა. პუტინმა ახსენა ლენინის თეზისი საბჭოთა კავშირიდან რესპუბლიკების გასვლის უფლების შესახებ.

"1977 წლის კონსტიტუციაში იყო ჩანაწერი ძალაუფლებაზე კომუნისტურ პარტიის მონოპოლიური უფლების შესახებ. კომპარტია გახდა სახელმწიფო სისტემის ღერძი და საკუთარი ბედი, საკუთარი ჯგუფური ინტერესები დაუკავშირა მთელი ქვეყნის ინტერესებს. ხოლო, როდესაც პარტიამ თავად, ყოველგვარი გარე დარტყმების გარეშე, დაიწყო შიგნიდან ჩამოშლა, მასთან ერთად ქვეყანამაც დაიწყო ჩამოშალა. ეს სრულიად დაუშვებელია. აი ზუსტად ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც ჯერ კიდევ 1922 წლიდან, საბჭოთა კავშირის ფორმირების პერიოდიდან არის ჩადებული და შემდგომ მომდევნო - 1924, 1936, 1977 წლების კონსტიტუციებში მოხვდა. მსგავს საკითხებს ჩვენ თავი უნდა ავარიდოთ. მე სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანით ჩვენ სწორად ვიქცევით. ეს ცვლილებები გაამყარებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას და მომავალი ათწლეულების მანძილზე შექმნის პირობებს ჩვენი ქვეყნის უწყვეტი განვითარებისთვის“, - განაცხადა პუტინმა გადაცემაში „მოსკოვი.კრემლი.პუტინი“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რუსეთში პირველ ივლისს გამართულ რეფერენდუმში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას ამომრჩევლების 77,9% პროცენტმა დაუჭირა მხარი, 21.2% კი - წინააღმდეგი წავიდა. როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებები პუტინს 2036 წლამდე ძალაუფლების გახანგრძლივების იურიდიულ საფუძველს უქმნის.

"ინტერპრესნიუსი"