ჩრდილოეთ კორეამ მსოფლიოს SOS-ი გაუგზავნა - კვირის პალიტრა

ჩრდილოეთ კორეამ მსოფლიოს SOS-ი გაუგზავნა

ჩრდილოეთი კორეა უფსკრულის პირას დგას. თავის საელჩოებს სთხოვს, დასახმარებლად მიმართონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, რათა გაღატაკებული, მოშიმშილე კორეელები სიკვდილისგან იხსნან.

საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვის თხოვნა - დახმარება გაგვიწიეთო, შესასრულებლად მეტისმეტად რთულია. როგორ უნდა დაამყარო ურთიერთობა ტოტალიტარულ რეჟიმთან, რომელიც ბირთვულ არსენალს ქმნის და ამავე დროს თავის მოსახლეობას შიმშილით ხოცავს.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის სამხედრო მაღალჩინოსანთა შეხვედრა ჩაიშალა - ფხენიანის დელეგაციამ მოულოდნელად დატოვა იქაურობა ისე, რომ არანაირი შეთანხმებისთვის არ მიუღწევია.

ორი მეზობელი სახელმწიფოს წარმომადგენელები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ მას შემდეგ, რაც შარშან, ნოემბერში ფხენიანის შეიარაღებულმა ძალებმა დაცხრილეს სამხრეთ კორეის კუნძულები. მოლაპარაკება დემილიტარიზებული ზონის ერთ-ერთ სოფელში მიმდინარეობდა და ჩრდილოეთ კორეის დელეგაციამ, მოლაპარაკების ადგილის დატოვების შემდეგ, 10 წუთში გადალახა საზღვარი.

შეხვედრის დროს სამხრეთ კორეის წარმომადგენლებმა ჩრდილოელებს ბოდიშის მოხდა და 2010 წელს მომხდარ ორ სერიოზულ ინციდენტში (რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა) დამნაშავეთა დასჯა მოსთხოვეს.

ფხენიანს სურდა, შეხვედრის მონაწილეებს ევალდებულათ, რომ არ დაუშვებდნენ ნებისმიერ სამხედრო მოქმედებას, რომელსაც მეორე მხარე პროვოკაციად მიიჩნევდა. გარდა ამისა, მოლაპარაკების დროს უნდა განესაზღვრათ ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრების მომავალი შეხვედრის ადგილი და თარიღი.

"ფიგარო", საფრანგეთი