ეგვიპტე მუბარაქის გარეშე იწყებს ცხოვრებას - კვირის პალიტრა

ეგვიპტე მუბარაქის გარეშე იწყებს ცხოვრებას

თებერვლის ღამეს კაირო ფეიერვერკებმა გაანათა. ტაჰრირის მოედანზე შეკრებილები ეგვიპტის პრეზიდენტის, ჰოსნი მურაბაქის გადადგომას ზეიმობდნენ.

მუბარაქი საპროტესტო აქციების დაწყებიდან თითქმის სამი კვირის შემდეგ გადადგა.  იგი ოჯახთან ერთად წითელ ზღვაზე, საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხის რეზიდენციაში იმყოფება.

მუბარაქის დედაქალაქიდან წასვლა ცნობილი გახდა ვიცე-პრეზიდენტ ომარ სულეიმანის გამოსვლიდან. ეს მოულოდნელი იყო, რადგან სულ ცოტა ხნის წინ ეგვიპტის პრეზიდენტი ირწმუნებოდა, რომ თავისი უფლებამოსილების დასრულებამდე პოსტს არ დატოვებდა. "მუბარაქმა გადაწყვიტა რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტის დატოვება და ქვეყნის მართვა შეიარაღებულ ძალთა უმაღლეს საბჭოს გადასცა", - თქვა ომარ სულეიმანმა.

ჯერჯერობით უცნობია, თავად ომარ სულეიმანი და მთავრობის კაბინეტის სხვა წევრები დარჩებიან თუ არა თავიანთ პოსტებზე.

ჰოსნი მუბარაქს წასვლის შემდეგ საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.

სამხედრო საბჭო, რომელსაც ძალაუფლება გადაეცა, ხალხს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას დაჰპირდა. ეს რეჟიმი ეგვიპტეში თითქმის 30 წელია მოქმედებს, ანუ მუბარაქის პრეზიდენტობის განმავლობაში.

ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს გაგრძელდება ხალხის ზეიმი კაიროს ქუჩებში, რადგან მანიფესტანტები ახალ სამოქალაქო და არა სამხედრო მთავრობას ითხოვდნენ. ამასთან, ეგვიპტის კონსტიტუციის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, ძალაუფლება უნდა გადაეცეს პარლამენტს და არა გენერლებს...

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი