უკანასკნელი ფარაონი წავიდა... - კვირის პალიტრა

უკანასკნელი ფარაონი წავიდა...

ბარაქ ობამა, აშშ-ის პრეზიდენტი: - არაძალადობრივი რევოლუცია, რომელიც ეგვიპტის ხალხმა მოახდინა, მთელი მსოფლიოსათვის სამაგალითოა. ეგვიპტე უკვე აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო და ეგვიპტელებიც ამიერიდან მხოლოდ "ჭეშმარიტ დემოკრატიაზე" იქნებიან თანახმა. ეგვიპტის არმიამ, რომლის ხელშიც დროებით გადავიდა ძალაუფლება, უნდა დაიცვას მოსახლეობა და უზრუნველყოს ქვეყნის გადასვლა დემოკრატიის საწყისებზე.

ძალზე მნიშვნელოვანი ამოცანაა დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება.

აშშ ყოველთვის დარჩება ეგვიპტის მეგობრად და პარტნიორად, ამერიკის მთავრობა  მზად არის ნებისმიერი დახმარებისთვის, რომელსაც ეგვიპტე მოითხოვს.

ნიკოლა სარკოზი, საფრანგეთის პრეზიდენტი: - მუბარაქის გადაწყვეტილება გაბედული და საჭირო იყო. ეგვიპტეში უნდა ჩატარდეს თავისუფალი და პატიოსანი არჩევნები.

ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი: - მუბარაქის გადადგომა ისტორიული მნიშვნელობის ფაქტია. ვიმედოვნებთ, რომ ეგვიპტის მომავალი მთავრობა კვლავ დაიცავს მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში, პატივს სცემს ისრაელთან დადებულ ხელშეკრულებას და ისრაელის უსაფრთხოების გარანტი იქნება.

ევროსაბჭოს განცხადება: - ევროსაბჭო მიესალმება ეგვიპტის მამაც ხალხს, რომელიც მშვიდობიანად და ღირსეულად იბრძოდა დემოკრატიული გარდაქმნებისთვის.

ევროსაბჭო მზად არის ეგვიპტის დასახმარებლად თავის ხელთ არსებული ყველა საშუალებით.

ჰერმან ვან რომპეი, ჟოზე მანუელ ბაროზუ, კეტრინ ეშტონი