ტუნისელებმა იტალიაში საგანგებო ვითარება შექმნეს - კვირის პალიტრა

ტუნისელებმა იტალიაში საგანგებო ვითარება შექმნეს

თებერვლის დამდეგიდან 1500-ზე მეტი ტუნისელი იმიგრანტი ჩავიდა იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე. ისინი სამშობლოში არეულობას გამოექცნენ. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რობერტო მარონიმ განაცხადა, რომ ტუნისელ დევნილთა ჩასვლამ იტალიაში ჰუმანიტარული ხასიათის საგანგებო ვითარება შექმნა.

რომმა უკვე მიმართა ევროკავშირს დახმარებისთვის. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ მოუწოდა ევროკავშირის საბჭოს, სასწრაფოდ მოიწვიოს თათბირი იუსტიციისა და საშინაო საქმეებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, რათა დროულად გადაიჭრას იტალიაში ტუნისელი დევნილების გამო შექმნილი ვითარება. იტალიის საგარეო საქმეთა ოფიციალურ ცნობაში ნათქვამია, რომ რომი მოუწოდებს ევროკავშირს, დაუყოვნებლივ შექმნას მისია "ფრონტექსი" (ევროკავშირში საგარეო საზღვრების დაცვის სააგენტო) ტუნისის რაიონში სანაპიროს პატრულირების მიზნით.

"ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირს დაუყოვნებლივ პასუხს პრობლემის გადასაჭრელად, რომელსაც მარტო იტალია ვერ მოერევა. ეს მთელი ევროპის ინტერესებში შედის", - ნათქვამია ორი იტალიელი მინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პროტესტი ტუნისის ქალაქებში პრეზიდენტის გადაყენებას მოჰყვა, ახალი ხელისუფლება ქვეყანაში წესრიგის დამყარებას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ.

"ფიგარო", საფრანგეთი