ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზითაც ვრცელდებოდეს - კვირის პალიტრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსი ჰაერწვეთოვანი გზითაც ვრცელდებოდეს

ჯანმო-ს წარმომადგენელი კორონავირუსის ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

"ახალი მტკიცებულება ვირუსის ხალხისგან გადავსებულ ადგილებში, დახურულ სივრცეებსა და ცუდად განიავებად შენობებში ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემის შესახებ არ შეიძლება გამოირიცხოს,"- განაცხადა ჯანმო-ს ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა ბენედეტა ალეგრანზმა.

მისივე თქმით, მტკიცებულება წინასწარია და დამტკიცებას მოითხოვს.

ცნობისათვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქამდე ამტკიცებდა, რომ კოვიდ 19-ის გავრცელება იმ წვეთებისგან ხდებოდა, რომელსაც ადამიანები დაცემინების ან დახველების დროს გამოყოფდნენ. ორგანიზაციის მტკიცებით, წვეთები ჰაერში არ ჩერდებოდა და ზედაპირებზე ეცემოდა. სწორედ ამიტომ, პრევენციის მთავარ ზომად ხელების დაბანა ითვლებოდა.

შეგახსნებთ, ორი დღის წინ 32 ქვეყნის 239-მა მეცნიერმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ვირუსის იმ ნაწილაკებმა, რომელიც ჰაერში მოძრაობს, შესაძლოა, დააინფიციროს ადამიანები, რომლებიც ამ ჰაერს ჩაისუნთქავენ. ისინი ჯანმო-ს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცემული მითითებების განახლებისკენ მოუწოდებდნენ.

"ინტერპრესნიუსი"