მოკლედ - კვირის პალიტრა

მოკლედ

the times-ის ინფორმაციით, მუბარაქის გადადგომამდე საუდის არაბეთი იმუქრებოდა, რომ მხარს დაუჭერდა ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს, თუ აშშ ქვეყანაში რეჟიმის შეცვლას მოინდომებდა.ემოციური სატელეფონო საუბრის დროს მეფე აბდალამ პრეზიდენტ ბარაქ ობამას სთხოვა, არ დაამცირონ მუბარაქი და გააფრთხილა, რომ თუ აშშ უარს იტყვის თავის პროგრამაზე - ყოველწლიურად დაეხმაროს ეგვიპტეს 1,5 მლრდ დოლარით, მაშინ ეგვიპტეს საუდის არაბეთი დაუდგება გვერდით.

აშშ-ის უახლოესმა მოკავშირემ სპარსეთის ყურეში მიანიშნა, რომ ეგვიპტის პრეზიდენტს ხელისუფლებაში დარჩენის საშუალება უნდა მიეცეს, რათა გააკონტროლოს გადასვლა მშვიდობიან დემოკრატიაზე, შემდეგ კი ღირსეულად წავიდეს.

მუბარაქის გადადგომის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნა შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდალა ბენ ზად ალი ნაჰაიანმა. ამას იტყობინება ქუვეითის გაზეთი "ალ-კაბასი", კაიროს დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით.

შეთანხმებით, ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი შარმ-ელ-შეიხიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ ალ-აინში გაემგზავრება.

"ალ-კაბასის" ცნობით, სამხედრო საბჭომ, რომელიც სათავეში ჩაუდგა ეგვიპტეს, პირობა დადო, რომ ყოფილ პრეზიდენტს ქვეყნიდან წასვლის საშუალებას მისცემს.

"მუსლიმთა საძმოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ესამ ალ-ერიანის განცხადებით, მისი ორგანიზაცია 80 წელზე მეტია თანამიმდევრულად ახორციელებს რეფორმებს და ბრძოლის ძალისმიერი მეთოდების წინააღმდეგია. "მუსლიმთა საძმომ" მიიღო მოწვევა მუბარაქის გადადგომამდე ეგვიპტეში ახალ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის. ესამ ალ-ერიანის თქმით, "მუსლიმთა საძმოს" სურს რეფორმების გატარება ყველა ეგვიპტელის და არა მხოლოდ მუსლიმანთა საკეთილდღეოდ. "ჩვენ გვინდა, ეგვიპტე გახდეს დემოკრატიულ-სამოქალაქო სახელმწიფო, რომლის მთავარი დასაყრდენი იქნება თავისუფლებისა და სამართლიანობის ზოგადსაკაცობრიო ნორმები - ისლამის მთავარი ღირებულებები", - დასძინა ესამ ალ-ერიანმა.

ალჟირის ხელისუფლება დედაქალაქში თავს უყრის პოლიციის ძალებს, რათა წინ აღუდგეს საპროტესტო მარშს. ოპოზიციონერი ლიდერის, საიდი სადის განცხადებით, დედაქალაქში ახალჩასული 10 ათასამდე პოლიციელი შეუერთდა სამართალდამცავი ორგანოების 20 ათას თანამშრომელს, რომლებმაც 22 იანვარს საპროტესტო გამოსვლები ჩაახშვეს.

დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკების შედეგად, დაიღუპა 5 კაცი, 800-ზე მეტი დაშავდა. სადის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, ალყა შემოარტყას დედაქალაქს, რათა რეგიონის მცხოვრებლებს მიტინგებში მონაწილეობისთვის ქალაქში შემოსასვლელი გზები გადაუკეტოს.

იანვრიდან მოყოლებული, არსებული ხელისუფლებისადმი პროტესტის ნიშნად ოთხმა ალჟირელმა დაიწვა თავი. ჩანს, ისინი აღაფრთოვანა ტუნისის მაგალითმა, სადაც მსგავსმა საქციელმა გამოიწვია მასობრივი მღელვარება, რასაც პრეზიდენტის ქვეყნიდან გაქცევა მოჰყვა.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეიძი მაეჰარამ მოსკოვში გაფრენის წინ განაცხადა, "სამხრეთ კურილის კუნძულები, საერთაშორისო სამართლის თანახმად, მის ქვეყანას ეკუთვნის. რამდენჯერაც უნდა ჩავიდნენ იქ რუსეთის ოფიციალური პირები, რამდენადაც უნდა გააფართოონ იქ სამხედრო ბაზები, ეს ვერ შეცვლის საერთაშორისო სამართლის დასკვნებს იმაზე, რომ ჩრდილოეთი ტერიტორიები ჩვენი ქვეყნის ძირძველი მიწებია".

ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე ნომინაციები მიიღო. 2011 წლის პრემიის ერთ-ერთი პოტენციური კანდიდატი უკვე ცნობილია, ეს არის წიკილეაკს-ი, რომელიც ნომინაციაზე ნორვეგიელმა პარლამენტარმა ს. ვალენმა წარადგინა. მან წიკილეაკს-ს 21-ე საუკუნეში "სიტყვის თავისუფლებისა და გამჭვირვალობის ხელშემწყობი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი" უწოდა.