"ოდესელი მკვლელი" თუ "ახალი თაობის მაგალითი"? - რაში სდებენ ბრალს "მაიდნის აქციების" ერთ-ერთ ლიდერს? - კვირის პალიტრა

"ოდესელი მკვლელი" თუ "ახალი თაობის მაგალითი"? - რაში სდებენ ბრალს "მაიდნის აქციების" ერთ-ერთ ლიდერს?

კიევში ბოლო პერიოდში საზოგადოების ყურადღება ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სასასამართლო პროცესისკენაა მიმართული. ცნობილი მაიდანის აქციების ერთ-ერთ ლიდერს სერგეი სტერნენკოს ორი წლის წინ მომხდარ მკვლელობაში დასდეს ბრალი. სასამართლო პროცესს აპროტესტებენ სტერნენკოს მხარდამჭერები, ისინი სასამართლოსთან აქციებს მართავენ. მიუხედავად საზოგადოების ამ ნაწილისა, არსებობენ სტერნენკოს კრიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ ის უნდა გასამართლდეს.

ოდესელი აქტივისტი სერგეი სტერნენკო 24 საათიან შინაპატიმრობაში იმყოფება. ორი წლის წინ, ფიზიკური დაპირისპირებისას, რომელშიც აქტივისტი მონაწილეობდა, დაიღუპა 28 წლის ივან კუზნეცოვი. სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებებით, ამბობდნენ, რომ გარდაცვლილი თავს დაესხა აქტივისტს.

უახლოეს მომავალში სასამართლო იმსჯელებს, ვისი იარაღით მიყენებული ჭრილობები იყო თავდაცვა თუ გამიზნული ქმედება, რომლის შემდეგაც კუზნეცოვი გარდაიცვალა.

ვინ არის სერგეი სტერნენკო?

სერგეი სტერნენკო ოდესელ აქტივისტებს 2013 წელს შეუერთდა, მაშინ როცა უკრაინაში ევრომაიდანი - სამოქალაქო პროტესტის უდიდესი ტალღა მძვინვარებდა.

აქამდე ის სოციალურ ქსელში რამდენიმე აპოლიტიკურად განწყობილ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის ხშირად გამოდიოდა იმ აქციებზე, რომელიც ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ ტარდებოდა.

ევრომაიდანის აქციების შემდეგ, სტერნენკო უკრაინულ გამოცემასთან საუბრობს და მის ქმედებასაც აღწერს: "ეს იყო ბრძოლა პრორუსული ძალების წინააღმდეგ". ის მონაწილეობდა 2014 წლის 2 მაისს მომხდარ შეტაკებაშიც, სადაც 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. "მარჯვენა სექტორი", რომლის ხელმძღვანელიც სტერნენკო გახლდათ, საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული არეულობაში. 2020 წელს უკრაინულ გამოცემასთან საუბარში მან განაცხადა, რომ ამ დღეს ის ხალხის გადარჩენას ცდილობდა და ცეცხლმოკიდებული შენობიდან ორი ადამიანი გამოიყვანა.

მაიდნის აქციების შემდეგ, სტერნენკო თავისი "მარჯვენა სექტორით", "სახალხო ლუსტრაციას" ახდენდა. აქტივისტები ხშირად იჭრებოდნენ კონცერტებსა თუ სხვა ღონისძიებებზე, ჩინოვნიკებს კი ნაგვის ბუნკერშიც კი აგდებდნენ - და ეს ყველაფერი მხოლოდ მათ ეხებოდა, ვინც მხარს უჭერდა ყირიმის ოკუპაციას. ამის გამო, კონცერტი ოდესაში ვეღარ გამართა ცნობილმა მომღერალმა ანი ლორაკმა და სვეტლანა ლობოდამაც.

სტერნენკოს თქმით, ისინი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ანექსიას არ აპროტესტებენ, "მარჯვენა სექტორი" ეწინააღმდეგება ნარკოტიკული ნივთიერებების გავრცელებას, სტერნენკო მომხრეებთან ერთად "აკავებდა" ნარკოტიკების გამყიდველებს და ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებდა. მათ აქციები გამართეს უკანონო მშენებლობებისა და კიევის საპატრიარქოსთვის მიწების გადაცემის გამო. საპროტესტო აქციების ფონზე სტერნენკოსა და მის თანამოაზრეებს ხშირად უწევდათ დაპირისპირება სამართალდამცავებთან. "ბი-ბი-სი"-სთან ერთ-ერთ ინტერვიუში კი სტერნენკომ განაცხადა, რომ 2017 წელს ის იყო ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელმაც პატიმრების გადასაყვანი მანქანიდან პირდაპირი ჩართვა გააკეთა.

სტერნენკოს სამი საქმე

ამბავი, რის გამოც ოდესელი აქტივისტი ამჟამად ბრალდებულის სკამზეა, 2018 წლის 24 მაისს მოხდა. ამ დროსთვის ის სამი ამბის მონაწილე გახლდათ, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

პირველ შემთხვევაში, მას ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვას ედავებიან. თითქოს მან 2014 წელს "ბარიგების" გარკვეულ დაჯგუფებას, ფინანსები მოსთხოვა და ამის სანაცვლოდ მათ "მარჯვენა სექტორის" აქტივისტების რისხვას ააცილებდა. თავად სტერნენკომ განაცხადა, რომ ეს აბსურდია, ხოლო გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი ყალბი.

მეორე შემთხვევაში, სტერნენკოს ბრალს დებენ უკრაინელი პოლიტიკოსის სერგეი შერბიჩის გატაცებასა და მასზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან. როგორც ცნობილია, ერთი დღით ადრე, სანამ პოლიტიკოსი დეპუტატის მანდატს მიიღებდა, საღამოს დაურეკეს და უცნობებმა შეხვედრა სთხოვეს, პოლიტიკოსს ნიღბიანებმა თავზე ტომარა ჩამოაცვეს, სცემდნენ და მოითხოვდნენ რომ მანდატზე უარი ეთქვა. გამოძიების ცნობით, ნიღბიანებს შორის ერთი-ერთი თავად სტერნენკო იყო. სტერნენკო ამ საქმესთან კავშირს უარყოფს.

მესამე საქმე, რომელშიც აქტივისტი ფიგურირებს 2017 წლის შემოდგომაზე ოდესის პარკში მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მოწყობა იყო. ახლა ამ ადგილას საზაფხულო თეატრია. ხოლო 2017 წელს აქტივისტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირებისას, ოლქის პოლიციის ხელმძღვანელიც დაშავდა. სტერნენკო და კიდევ ორი აქტივისტი დააკავეს, მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამი დღე დაჰყო.

ამ სამ საქმეებზე სასამართლო განხილვა შეჩერებულია, სასამართლოს გადაწყვეტილება არცერთ საქმეზე არ გამოუტანია. სერგეი სტერნენკო სასამართლოზე

მესამე თავდასხმა

სტერნენკო ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ საზაფხულო ბაღში ჩატარებული აქციის შემდეგ, მას უცნობები გამუდმებით ემუქრებოდნენ. 2018 წლის 7 თებერვალს კი პირველად დაესხნენ თავს და სადარბაზოსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

1-ელ მაისს კი მას ტრავმული იარაღით ესროლეს, სტერნენკომ თავდამსხმელის დაკავება შეძლო, ამ შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე ახლაც მიმდინარეობს.

2018 წლის 24 მაისს კი საღამოს, როცა სტერნენკო მეგობარ გოგონასთან ერთად იყო, სახლის სადარბაზოსთან ორი მამაკაცი დაესხა თავს. აქტივისტს თან დანა ჰქონდა და თავდაცვის მიზნით 30 წლის ალექსანდრ ისაუკილი მუცელში დაჭრა, მან მიმალვა შეძლო, ხოლო მეორე თავდამსხმელმა, ივან კუზნეცოვმა, რომელიც ადრე ჯარისკაცი გახლდათ გაქცევა სცადა, მაგრამ შემთხვევის ადგილიდან გულში დანით მიყენებული ჭრილობის გამო, 100 მეტრში გარდაიცვალა. როგორც ამბობენ, მაშინ როცა სტერნენკო გაქცეულ კუზნეცოვს დაედევნა და დანით დაჭრა, საკუთარ ხელზეც მიიყენა ჭრილობა, რათა თავდაცვა უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო...

ჩხუბის შემდეგ, რამდენიმე საათში ისაიკული დააკავეს, თუმცა მან უარყო თავდასხმის ფაქტი, მოგვიანებით მან დატოვა უკრაინის ტერიტორია და ამჟამად რუსეთში იმყოფება. უკრაინის სამართალდამცავებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს. გარდაცვლილი კუზნეცოვის მეუღლე კი ამბობს, რომ მისი ქმარი აპოლიტიკური პიროვნება იყო და ცდილობდა სამსახურის დაწყებას. თავად სტერნენკო ამბობს, რომ ამ თავდასხმის უკან ოდესის მერი გენადი ტრუხანოვია. ტრუხანოვი ამ საკითხზე კომენტარს თითქმის არასდროს აკეთებს, თუმცა ერთხელ განაცხადა, "როგორ შეიძლება იმ ადამიანს ერქვას აქტივისტი, რომელმაც კაცი მოკლა, მიუხედავად იმისა ეს იყო თუ არა თავდაცვა?" მერის განცხადებით, ის ძალადობის წინააღმდეგია და არც ამ საქმეში აქვს რაიმე შემხებლობა.

საბოლოო ჯამში, კი მემარჯვენე აქტივისტის სასამართლო პროცესები უფრო პოლიტიკურ პროცესებს დაემსგავსა. მაშინ როცა სტერნენკოს საქმეს განიხილავენ, სასამართლოს პირდაპირი ეთერით youtube-ს საშუალებით ათასობით ადამიანი უყურებს. აქტივისტებისთვის სტერნენკოს სასამართლო პროცესი "ანტიმაიდანური ძალების" რევანში უფროა, ვიდრე სამართლის აღსრულება. სტერნენკოს უამრავი ადამიანი უჭერს მხარს, მათ შორის კი პრეზიდენტ ზელენსის პარტიის წევრებია:

"სერგეი სტერნენკო ჩემთვის იმ თაობის კარგი მაგალითია, რომელთაც შეუძლიათ ყველა საკითხს თავისი ადგილი მიუჩინონ. ისინი დამოუკიდებელ უკრაინაში დაიბადნენ და გაიზარდნენ. როცა ეს ადამიანები მათ სოფლებსა თუ ქალაქებში იღებენ ხმას და ყველაფერს თავის ადგილს უჩენენ, სწორედ მაშინ იწყება თავდასხმები, დევნა პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან...", - დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის ყოფილმა ჯანდაცვის მინისტრმა ულიანა სუპრუნმა, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი სტერნენკოს. (წყარო)