"აია-სოფიას მეჩეთი ღია იქნება აბსოლუტურად ყველასთვის... ყველა მოვიწვიეთ, მათ შორის რომის პაპიც" - კვირის პალიტრა

"აია-სოფიას მეჩეთი ღია იქნება აბსოლუტურად ყველასთვის... ყველა მოვიწვიეთ, მათ შორის რომის პაპიც"

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაჰიმ კალინის განცხადებით, "აია-სოფიას მეჩეთი“ ყველასთვის გაიხსნება და მისი ისტორიული მოზაიკები ხელუხლებელი დარჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

"აია-სოფიას მეჩეთი ყველასთვის გაიხსნება და მისი ისტორიული მოზაიკები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, იმ სახით შენარჩუნდება, როგორიც უკანასკნელი 500 წლის განმავლობაში იყო,“ - აღნიშნა იბრაჰიმ კალინმა.

მისივე თქმით, თურქეთმა, "აია-სოფიას მეჩეთში“ ყველა მიიწვია.

"მეჩეთი ღია იქნება აბსოლუტურად ყველასთვის - მორწმუნეებისთვის, არამორწმუნეებისთვის, მუსულმანებისთვის, ქრისტიანებისთვის, ბუდისტებისთვის. ყველა მოვიწვიეთ, მათ შორის რომის პაპიც,“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, 10 ივლისს თურქეთის სასამართლომ გააუქმა ქვეყნის მთავრობის 1934 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, აია-სოფია მუზეუმად გადაიქცა. დღეისათვის კი ის კვლავ მეჩეთად გადაკეთდა. რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აია-სოფია მორწმუნეებისთვის 24 ივლისს გაიხსნება.

იხილეთ ასევე: რა მოჰყვება აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას?!