"წერდნენ, წარმოშობით თითქმის ქართველიაო" - რა "დაადგინეს" რუსმა ჟურნალისტებმა ერდოღანის წარმომავლობაზე? - კვირის პალიტრა

"წერდნენ, წარმოშობით თითქმის ქართველიაო" - რა "დაადგინეს" რუსმა ჟურნალისტებმა ერდოღანის წარმომავლობაზე?

რუსეთის რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" («Эхо Москвы») ეთერში გადაიცა პროგრამა "48 წუთი", რომელშიც რადიოს მთავარი რედაქტორის მოადგილემ მიხეილ გუსმანმა და ჟურნალისტმა ოლღა ჟურავლიოვამ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანზე - მის პოლიტიკურ კურსზე, რწმენაზე, წმინდა სოფიას ტაძრის სტატუსის ცვლილებაზე (მეჩეთად გადაქცევაზე), თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე და ა.შ. ილაპარაკეს. საუბარი შეეხო აგრეთვე რეჯეფ ერდოღანის ვინაობას, მის ეროვნებას...

გთავაზობთ ამონარიდს გადაცემიდან:

მიხეილ გუსმანი: - რეჯეფ ერდოღანის ბიოგრაფია ძალიან საინტერესოა... იგი საკმაოდ ღარიბი ოჯახიდან იყო. მისი ოჯახს ფესვები აჭარაში ჰქონდა. ბევრს წერდნენ იმაზეც, რომ იგი წარმოშობით თითქმის ქართველიაო... მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს გადაჭარბებული ვარაუდებია.

ოლღა ჟურავლიოვა:

- მიხეილ სოლომონოვიჩ, "ვიკიპედიაში" წერია, რომ რეჯეფ ერდოღანმა ერთ-ერთ ინტერვიუში თითქოსდა განაცხადა, რომ მას ქართული ფესვები აქვს, მაგრამ შემდეგ უარყო თავისი სომხური, ქართული თუ აჭარული წარმომავლობა…

მიხეილ გუსმანი: - კი, ყველაფერი ასეა. მან სიმართლე თქვა. იგი გამოდიოდა იმ ფაქტიდან, რომ ბებია და პაპა ბათუმში ცხოვრობდნენ, ანუ აჭარაში, საქართველოს რეგიონში. მამამისი ბათუმში დაიბადა და შემდეგ ოჯახი სტამბოლში წავიდა.

ოლღა ჟურავლიოვა: - მაგრამ ბათუმში ცხოვრებით ისინი ქართველები არ გახდნენ და კვლავ თურქებად დარჩნენ - მე ასე მესმის...

მიხეილ გუსმანი: - დიახ, თქვენ მართალი ბრძანდებით. საერთოდ, რეჯეფ ერდოღანის ბიოგრაფიის შესახებ ბევრი ხმა დადის... მამამისი ახმედ ერდოღანი სანაპირო დაცვაში მუშაობდა. თვითონ რეჯები მეორე ქორწინების შედეგად დაიბადა, 1954 წლის 26 თებერვალს. სწავლობდა რელიგიურ ლიცეუმში, მოგვიანებით კი, 1981 წლიდან, მარმარას უნივერსიტეტის ეკონომიკისა და კომერციის ფაკულტეტზე სწავლობდა... წყარო

იხილეთ ასევე: "ჩემ სახლში მე ვარ ბატონი" - "თურქი სულთანის" გზა საზამთროს გაყიდვიდან პრეზიდენტობამდე

მოამზადა სიმონ კილაძემ