"ჩვენი რელიგია ნებას რთავს გაიკეთო მაკიაჟი ქმრისთვის, მაგრამ რამზანს ეს არ მოსწონს" - ვინ არის კადიროვის მეუღლე, რომელსაც ოჯახთან ერთად აშშ-მა სანქციები დაუწესა - კვირის პალიტრა

"ჩვენი რელიგია ნებას რთავს გაიკეთო მაკიაჟი ქმრისთვის, მაგრამ რამზანს ეს არ მოსწონს" - ვინ არის კადიროვის მეუღლე, რომელსაც ოჯახთან ერთად აშშ-მა სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რამზან კადიროვს სანქცია დაუწესა. კონკრეტულად კი ამჟამად ჩეჩნეთის ლიდერს აშშ-ში შესვლა აეკრძალა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება "ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებში კადიროვის მონაწილეობას“ უკავშირდება.

"დეპარტამენტი ფლობს ვრცელ სანდო ინფორმაციას, რომ კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მრავალჯერ დარღვევაზე, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნით თარიღდება, მათ შორის არის წამებისა და სასამართლოს მიღმა მკვლელობის ფაქტები. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ ბატონი კადიროვი ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების შემდგომი დარღვევისთვის კორონავირუსის პანდემიას საბაბად იყენებს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სანქცია ეხებათ რამზან კადიროვის მეუღლეს, მედნი კადიროვასა და შვილებს - აიშათ კადიროვას და კარინა კადიროვას. აშშ ანალოგიური ზომების მიღებისკენ ამავე აზრზე მყოფ სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს.

ამერიკის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას კადიროვი Telegram-ზე გამოეხმაურა. მან ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ცეცხლსასროლი იარაღებით ხელშია გამოსახული, ფოტოს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მისამართით შემდეგი ტექსტი დაურთო: "პომპეო, ჩვენ ვიღებთ ამ ბრძოლას! შემდგომში უფრო საინტერესო იქნება“.

ვინ არის რამზან კადიროვის მეუღლე?

მედნი კადიროვა, გარდა იმისა, რომ 14 შვილს ზრდის, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მაღალ მოდას მფარველობს. 2009 წელს, გროზნოში მოდის სახლი, Firdaws დააარსა, რომელიც ძირითადად ნაციონალური ტანისამოსის პოპულარიზაციას ეწევა. მოდის სახლის ჩვენებები, ხშირად ეწყობოდა არაბეთსა და რუსეთში, რომელზეც მუსულმანური ტანისამოსი იყო წარმოდგენილი. რამზან კადიროვი ოჯახთან ერთად

ამ წამოწყებაში რამზან კადიროვი მეუღლეს, რომელიც  ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს გაიცნო, ყოველმხრივ უჭერდა მხარს.

"ჩვენი ქალები - ჩეჩნებიც, რუსებიც და სხვებიც - კარგად უნდა გამოიყურებოდნენ და კარგი იქნება, თუ მათ ლამაზად ეცმევათ", განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ჩეჩნეთის ლიდერმა. ცნობილია, რომ კადიროვი ყოველთვის ხაზს უსვამს, ქალებისთვის ე.წ "მოკრძალებული ჩაცმულობის" აუცილებლობას.

ცნობილია, ისიც, რომ ჩეჩნეთის ლიდერი მრავალცოლიანობის წინააღმდეგი არ არის. როგორც მედნი კადიროვამ ერთ-ერთ რუსულ მედია საშუალებასთან ინტერვიუში განაცხადა, მას ესმის ქვეყნის ჩვეულება და საერთოდ არ არის წინააღმდეგი, რომ რამზანი მეორედ დაქორწინდეს. თავად კადიროვის თქმით, იგი მეორედ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაქორწინდება, თუკი გამოჩნდება ისეთი გოგო, რომელიც მის გულს ისევე დაიპყრობს, როგორც, ოდესღაც ეს მედნიმ გააკეთა. მისივე თქმით, მას ჯერ ასეთი ქალი არ შეხვედრია.

2016 წელს მედნი კადიროვამ მოდის სახლის მმართველობა უფროს ქალიშვილს, აიშატ კადიროვას გადააბარა. რამზან კადიროვი ცოლთან და უფროს ქალიშვილთან ერთად

მანამდე დაწესებული სანქციების გამო, რამზან კადიროვი პრაქტიკულად არ დადის სხვა ქვეყნებში, განსხვავებით უფროსი ქალიშვილისგან, რომელიც ხშირად მოგზაურობს და დიდ დროს ატარებს პარიზში, სადაც რამდენიმე ხნის წინ, თავისი მოდის სახლის სახელით, ჩვენება გამართა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კადიროვის ქალიშვილმა კოლექცია ევროპაში წარადგინა, აქამდე ჩვენებები გროზნოში, მოსკოვსა და არაბულ ქვეყნებში იმართებოდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, მასზე დაკისრებული სანქციების შედეგად კი, აიშატ კადიროვას, როგორც მინიმუმ შეერთებულ შტატებში გადაადგილება შეეზღუდება. ამასთან დაკავშირებით მან კომენტარიც გააკეთა, რომელსაც lenta.ru აქვეყნებს: "ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შორეულ ქვეყანაში ასეთი ცნობილი გავხდებოდი“.

მისი თქმით, ის ფიქრობდა, რომ მამის მიმართ გამოხატული, მოკრძალებული მორალური მხარდაჭერა შეუმჩნეველი დარჩებოდა და დაამატა, რომ სანქციების დაწესებამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა თავისი ნაბიჯების სისწორეში - "ყველგან და ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები მამაჩემის ერთგული მხარდამჭერი“ - განაცხადა აიშატ კადიროვამ.

აშშ-მა კადიროვს და მის ხელქვეითებს სანქციები აქამდეც დაუწესა, მათ შორის, ეკონომიკური კუთხით.

იხილეთ ასევე: "მამამ მითხრა, რომ იქნებოდა ბედნიერი, თუ მის გოგონებს ჰიჯაბი ეკეთებოდათ და მეც გავიკეთე" - ვინ არის რამზან კადიროვის საყვარელი ქალიშვილი?

(სპეციალურად საიტისთვის)